U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი. ქართველი 17-წლამდელები სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საკმაოდ შემტევი სათამაშო სქემა აირჩია. განსაკუთრებულ აქტიურობას ზურაბ დავითაშვილისა და გიორგი ივანიაძისგან ველოდით. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი: ამ ორმა ფეხბურთელმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ჯერ კიდევ ევროპის წინა ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშა.

...პირველი სახიფათო მომენტი ბულგარელებმა შექმნეს. მე-20 წუთზე გავრილოვმა სახიფათოდ დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე
დემეტრე ბულისკერიამ.

მალე ბულგარელებმა კიდევ ერთი მომენტი შექმნეს. ამჯერად, ჯოშკუნ მიხაილოვი ურტყამდა ქართველთა კარის მიმართულებით, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. 35-ე წუთზე კი მეტოქემ მიზანი გაასწორა და დაწინაურდა, მართალია, პენალტით, მაგრამ მაინც...

ქართველთა ამოცანა კიდევ უფრო გართულდა. მით უმეტეს, ჩვენებს შეტევაში საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ. ცხადი იყო, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს გუნდის თამაშში რაღაც უნდა შეეცვალა. პირველი ტაიმი ისე მიილია, აშკარა საგოლე მომენტს ვინ ჩივის, ქართველ ჭაბუკებს არც მოწინააღმდეგის კარში დაურტყამთ და არც - მისი მიმართულებით.

მეორე ტაიმი ასპინძელაშვილის ბიჭებმა აქტიურად დაიწყეს. 47-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა გუნდის კაპიტან გიორგი ივანიაძეს. "საბურთალოს" შემტევმა კარში დარტყმაც მოახერხა, მაგრამ ბულგარელები მეკარემ იხსნა.

სულ მალე ლალევი ერთხელაც მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა თამაზ ბაბუნიძეს არ გაატანინა. უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმის საწყისი წუთები მთლიანად საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა.

65-ე წუთზე ქართველებს კიდევ ერთი საგოლე მომენტი შეექმნათ - შეცვლაზე შესული გიორგი გულიაშვილი ახლოს იყო მიზანთან, თუმცა ისევ მეკარე ლალევმა იყოჩაღა. მერე კიდევ რამდენიმე ნახევარმომენტი იყო ბულგარელთა კართან, მაგრამ ვერც ამ ეპიზოდებში ვივარგეთ.

დიდი უპირატესობის გამოუყენებლობას ლამის მეორე გოლი მოჰყვა საქართველოს ნაკრების კარში - ამ ეპიზოდში ძელმა გვიხსნა.

მოკლედ, საბოლოოდ დავმარცხდით და ახლა ჩვენი ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 30 სექტემბრის მატჩს, რომელშიც მასპინძელ ფინეთს ვეთამაშებით. ამ მატჩში გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თან, ეს ფინეთიც, პირველი ტურით თუ ვიმსჯელებთ, დაუძლეველი ბარიერი არ უნდა იყოს - გუშინ შვედებთან 0:5 წააგეს, თან ერთი მოთამაშეც გაუძევეს.

ფაქტია, შესარჩევი ციკლის მარცხით დაწყება კარგი არ არის, მაგრამ არც ტრაგედიაა, რადგან ვითარების გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ რჩება. თან ჯგუფიდან ორი გუნდი გადის, ოღონდ, ეგ არის, რომ ფეხბურთი მხოლოდ მეორე ტაიმში არ უნდა ვითამაშოთ.

U17. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I ტური
28.09. კამპელე (ფინეთი)
საქართველო-ბულგარეთი 0:1
გოლი: 0:1 გრუევი (35-პენ)
საქართველო (4-1-3-2): ბულისკერია - კვარაცხელია, ჯინჯოლავა, გელაშვილი, ჯავახიშვილი - მექვაბიშვილი (70. გაბუნია) - ბაბუნაძე, დარცმელია, დავითაშვილი - ოქროპირიძე (51. გულიაშვილი), ივანიაძე (79. გრძელიძე).
სათადარიგოები: მამარდაშვილი, ლორთქიფანიძე, ხვედელიძე, კაპანაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ბულგარეთი (4-3-3): ლალევი - ი. დიმიტროვი, ტ. დიმიტროვი, ივანოვი, კარაკაშევი - იორდანოვი, გრუევი, გავრილოვი (73. სტეფანოვი) - მიტკოვი (79. ბორუკოვი), ჯ. მიხაილოვი, ჰამუდი (80. მ. მიხაილოვი).
სათადარიგოები: დამიანოვი, კ. დიმიტროვი, ნიკოლოვი, ვესკოვი
მწვრთნელი: ალეკსანდრ გეორგიევი
გაფრთხილება: გელაშვილი (37), გავრილოვი (48)
არბიტრი: დ. მასიასი (კვიპროსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული