..."მეშახტე" ძველი და ტრადიციული ქართული გუნდია და თავის დროზე (გასული საუკუნის 60-70-იან წლებში) წარმატებითაც გამოდიოდა იმდროინდელ საქართველოს პირველობასა თუ მაშინდელ საკავშირო პირველ ლიგაში.
ტყიბულელთა გუნდის შარშანდელ წარმატებაში კი, ფეხბურთელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის: კახა გოგიჩაიშვილმა
80-90-იან წლებში კახა გოგიჩაიშვილს მართლაც წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და თბილისის "დინამოსა" თუ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში არაერთი ტიტულიც მოიპოვა. აღარაფერს ვამბობთ სანაკრებო კარიერაზე: კახა გოგიჩაიშვილი სამართლიანად მიიჩნევა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველად.
თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" გატარებული თითო (ისიც - არასრული) სეზონის შემდეგ, გოგიჩაიშვილისთვის "მეშახტე" მესამე გუნდია და სწორედ მესამე ცდაზე შეძლო თავის სამწვრთნელო კარიერაში წარმატების მიღწევა.
თუმცა, მიღწეულს ხომ, ყველაზე ცუდ ვარიანტში, შენარჩუნება სჭირდება და "მეშახტეც" სერიოზულად ემზადება ახალი სეზონისათვის. გუნდი თბილისში, 10 იანვარს შეიკრიბა და ორი სპარინგმატჩიც ჩაატარა: მარნეულის "ალგეთს" 4:3 მოუგო, "გაგრასთან" კი 1:2 დამარცხდა.
ამის შემდეგ "მეშახტე" "მარკ სტარსის თასის" გათამაშებაში ჩაება და სტარტიც წარმატებული გამოუვიდა: "ვიტ ჯორჯია 2"-ს - 2:1, ხოლო "გორს" 2:0 მოუგო. აი, მესამე მატჩი კი სტუმრად, "რუსთავთან", 2:4 წააგო, თუმცა, ამ დაპირისპირებაზე ქვემოთ, მანამდე კი წინა სეზონთან შედარებით "მეშახტეში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც ვთქვათ:
მეკარე ბაჩო მიქავა "სამტრედიაში" გადავიდა, ცოტნე ხარაბაძე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი - "სამგურალში", გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ ხინთიბიძე - "გაგრაში" გააგრძელებს კარიერას, კიდევ ერთი ფორვარდი ზურაბ ტიელიძე კი... სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს.
აი, რაც შეეხებათ მოსულებს, კახა გოგიჩაიშვილის გუნდში უამრავი ახალწვეულია, რომელთაგანაც ზოგი "მეშახტეში" დარჩება, ზოგს კი, სხვა გუნდის მწვრთნელისათვის მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.
რეალურ თუ პოტენციურ ახალწვეულთა შორის არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს რომ უთამაშია უმაღლეს ლიგაში: 31 წლის გამოცდილი ცენტრფორვარდი მამუკა ღონღაძე, 26 წლის შემტევი საბა ლომია, 26 წლის მარცხენა მცველი ბიჭიკო გედენიძე, მეკარეები - 24 წლის ალექსანდრე გიორგაძე და 22 წლის ნიკა შერმადინი, 23 წლის ნიკა ჭკუასელი, 27 წლის ალექსანდრე შენგელია, 21 წლის გიორგი კაშია და სხვები.
"რუსთავთან" მატჩში "მეშახტეს" სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თუმცა, ამით სულაც არ გვინდა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვების დაკნინება.
მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში გადაწყდა, "რუსთავმა" 4:1 რომ მოიგო: მასპინძელთაგან 3 გოლი ირაკლი გოგინაშვილმა გაიტანა, ერთიც - გიორგი ვასაძემ, რასაც "მეშახტემ" ნიკა ჭკუასელის ერთადერთი გოლით უპასუხა. შესვენების შემდეგ ტყიბულელებმა მხოლოდ ერთი გოლის (დავით ჭოხონელიძე) გატანა მოახერხეს.
ახლა კი გუნდების შემადგენლობებსაც გავეცნოთ:
რუსთავი (პირველი ტაიმი): ალავიძე - მინდორაშვილი, ბრაჭული, ნარიმანიძე, გაფრინდაშვილი - ვასაძე, სიჭინავა - ციცვიძე, ხიჯავა, გოგინაშვილი - ჩიმაკაძე; მეორე ტაიმში შევიდნენ: ქარდავა, გ. გოცაძე, სამადაშვილი, ჩიკვაიძე, გუჯაბიძე, ქათამაძე, თუხარელი, მეტრეველი.
მეშახტე: გიორგაძე - ხოსიტაშვილი, ლ. მჭედლიშვილი, აფხაზავა, გედენიძე - ყურულაშვილი, ი. ბაჯელიძე - კაშია, ჭკუასელი, გ. ლობჟანიძე - მ. ღონღაძე; მეორე ტაიმში შევიდნენ: შერმადინი, ჩუბინიძე, ა. შენგელია, მოსიძე, ბრეგაძე, კალაჯიშვილი, ჭოხონელიძე, ნვანკვო.
ახალი სეზონის დაწყებამდე "მეშახტე" კვლავაც თბილისში გააგრძელებს მზადებას; ეგ კი არა, პრო ლიგა 2-ის საშინაო მატჩებს გუნდი თავდაპირველად თბილისში გამართავს.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ გვითხრა, ტყიბულის სტადიონს ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება და "მეშახტეც", სულ მცირე, პირველი წრის ბოლომდე, მეტოქეებს თბილისის ერთ-ერთ სტადიონზე უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"