- სუპერთასის მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ლამაზი ფეხბურთიც ვიხილეთ, რაც სეზონის სტარტზე ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა...
- მეც ეს მიხარია, რომ მაყურებელს კარგი, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. "ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია და ჩემი აზრით, მასთან ჩემპიონატში ყველა გუნდს ძალიან გაუჭირდება.
- სეზონისთვის კარგად
- ეს იმის შედეგია, რომ ზამთრის შეკრება მართლაც ნაყოფიერად გავიარეთ.
- ყველა ამბობს, რომ წლეულს მოთამაშეთა ფიზიკური მომზადება ბევრს გადაწყვეტს...
- მეც ასე მგონია, რომ ამ ჩემპიონატში გუნდების ფიზიკური მდგომარეობა შედეგებზე დიდ გავლენას მოახდენს, რადგან ბევრი ტურია და ცუდად მომზადებული ფეხბურთელი გამოიფიტება.
- ამ კუთხით პირადად თქვენ შარშანდელზე უკეთ მოემზადეთ?
- წინა სეზონთან შედარებით თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. უკვე მეორე წელია ამ კლუბში ვარ, ფიზიკურად განვითარებას კი დრო სჭირდება.
ჩვენს გუნდთან კი საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფიზმომზადების მწვრთნელი, თემურ ლორთქიფანიძე მუშაობს. კარგ ფიზიკურ კონდიციებში რომ ვართ, ეს სწორედ მისი დამსახურებაა.
- ასაკობრივ ნაკრებებში ისე თამაშობდით, ყველას ეგონა, უცხოეთში წახვიდოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. საინტერესოა, ასეთ დროს საქართველოს ჩემპიონატი თქვენთვის სტიმულია?
- რა თქმა უნდა, სტიმულია. როცა რაღაც ამბიციები გაქვს, შენი ქვეყნის ჩემპიონობა ყოველთვის სასიხარულოა.
- მაგრამ წარმოუდგენელია, უცხოეთში წასვლაზე არ ფიქრობდეთ...
- უცხოეთში წასვლაზე ყველა ფეხბურთელი ფიქრობს, მაგრამ ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო და შემდეგ წახვიდე.
- გუნდიდან წასვლა ვახსენეთ და შერგელაშვილის, არაბულისა და ზივზივაძის წასვლით და გუნდში ახლების მოსვლით "სამტრედიაში" რა შეიცვალა?
- სამივეზე ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ის კი მიხარია, რომ გუნდში კარგი ბიჭები მოვიდნენ და, ჩემი აზრით, ისინი არანაკლები დონის ფეხბურთელებმა შეცვალეს. ამ ბიჭებს შესათამაშებლად ცოტა დრო სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, გუნდს ძალიან წაადგებიან.
- წელს კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევ?
- ძნელი სათქმელია... ჩემი აზრით, ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და დაძაბული იქნება, ყველა გუნდი იბრძოლებს და ნებისმიერ თამაშს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
- ლიდერის პოტენციალს რომელ გუნდებში ხედავთ?
- ასეთი რამდენიმეა. ჩემი აზრით, უეფას ზონაში მოხვედრის შანსი ბევრს ექნება, მაგრამ კონკრეტულად ვერავის დავასახელებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"