დავით რაჟამაშვილი: "სამტრედიას" ფანებს გული თუ ვატკინეთ, მინდა, რომ მოვუბოდიშო

AutoSharing Option
"სამტრედიას" ერთ-ერთი ლიდერი დავით რაჟამაშვილი ცუდ სტარტს განიცდის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ვითარების გამოსწორებას მოახერხებენ.

"სამტრედიამ" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სახარბიელოდ ვერ დაიწყო და პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. 19 მარტს გია ცეცაძის გუნდს ქობულეთის "ჩელე არენაზე" სერიოზული გამოცდა ელის - ქვეყნის ჩემპიონს ბათუმის "დინამო" უმასპინძლებს.

- ორ ტურში 1 ქულა ჩემპიონის მადას ვერაფრით დააკმაყოფილებს. სეზონის ასეთ დასაწყისს როგორ ახსნი?
- სეზონი კარგად დავიწყეთ და სუპერთასი მოვიპოვეთ. მაგრამ მერე რაღაც კი არ აირია - გუნდში არეული ვითარება ნამდვილად
არაა - უბრალოდ, ჯერ ვერ დალაგდა.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მით უფრო, როდესაც საჩემპიონო შემადგენლობა იცვლება, მისი ხელახლა აწყობა იოლი ნამდვილად არაა.

- გუნდს ეტყობა, რომ შეთამაშება სჭირდება. შეტევას სწრაფად იწყებთ, მაგრამ შარშანდელივით ვეღარ აგრძელებთ.
- ახალწვეულებს ჯერ კიდევ სჭირდებათ გუნდთან შეთამაშება, ჩვენ კი - მათთან. თორემ საკმაოდ კარგი ბიჭები მოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, "სამტრედიას" გაძლიერება შეუძლიათ.

იოლი არაა, როდესაც შემადგენლობაში 3-4 ახალი ფეხბურთელია. 1-2 თვეში ყველაფერი იდეალურად ვერც იქნება, მაგრამ "სამტრედია" რომ მაინც ათამაშდება, ამაში დარწმუნებული ვარ.

- ეს კიდევ შეიძლება აიხსნას, მაგრამ ყველაზე დიდი მოულოდნელობა და პარადოქსი ისაა, რომ პირველ ორ ტურში სამტრედიაში სტადიონი ვერ შეივსო. არადა, პირველ ლიგაშიც კი ტრიბუნაზე ნემსი არ ჩავარდებოდა.
- ამის ახსნა მეც მიჭირს. პირველ ტურში წვიმდა და ეს კიდევ გასაგები იყო. მაგრამ "ჩიხურასთან" მეც გაოცებული დავრჩი. ცუდი ისაა, რომ მეორე შეხვედრის შემდეგ ხალხი ჩვენზე განაწყენებული დარჩა, მატჩის შემდეგ ბიჭების ნაწილი მადლობის მოსახდელად რომ არ მივედით.

- "სამტრედიის" ფანკლუბი: ჩვენი ფეხბურთელებისგან ამას ვერ ავიტანთ!

- ეს რა პრობლემა იყო?
- არა, რა პრობლემა?! უბრალოდ, თამაში რომ წავაგეთ, დაბნეულები და გონებაგაფანტულები ვიყავით. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მოედნიდან გასვლისას ტრიბუნასთან მისვლაზე არ გვიფიქრია, ხალხის შეგვრცხვა. თორემ ბიჭებს სამტრედიელი გულშემატკივარი ძალიან რომ გვიყვარს, ეს ყველამ იცის.

გული თუ ვატკინეთ, მინდა, რომ მოვუბოდიშო. ჩვენ მათ გასახარებლად ვთამაშობთ და არა იმისთვის, რომ გულნატკენები დარჩნენ.

- მაგრამ გუნდი ჯერ ვერ დალაგდა და ახლა თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ მოგებას ითხოვენ, ამას გაბრაზებული მაყურებელიც დაემატა - ასეთი ვითარება არ გძაბავთ?
- პირადად მე არ მძაბავს, ყველას ნაცვლად კი ვერ ვილაპარაკებ.

- ფაქტია, რომ ბათუმის "დინამოსთან" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით - შესაძლოა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გადამწყვეტიც კი.
- ამაში გეთანხმებით, სპორტული კუთხითაც მძიმე მეტოქე გვყავს და თამაში იოლი არც ფსიქოლოგიურად იქნება. ახლა ჩვენ 3 ქულა ჰაერივით გვჭირდება, თორემ თუ ვერ მოვიგებთ, ეს ქულები სეზონის ბოლოს ძალიან დაგვაკლდება. ამ კუთხით თასზე "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვება დაგვეხმარება.

- საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]

გინდა თუ არა, შედეგები ჩვენს განწყობაზე მოქმედებს და ყოველი მოგება საკუთარი თავის რწმენას გვიბრუნებს. ფეხბურთში კი განწყობაზე ბევრია დამოკიდებული. შევეცდები, რომ ჩემპიონატში პირველი 3 ქულა ბათუმელებთან მოვიპოვოთ.

- თუმცა, მართალია, რომ ჩემპიონობის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება.
- რთულია, მაგრამ ამაზე 34 ტურის შემდეგ უფრო კარგად ვილაპარაკებთ. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება. მე მაინც მაქვს იმედი, რომ ტურიდან ტურამდე ავთამაშდებით.

- რამდენიმე გუნდში გითამაშია, მაგრამ თავის გამოვლენას მხოლოდ გია ცეცაძესთან ახერხებ. გია ამას როგორ ახერხებს ან სხვებთან რა გემართება?
- ყველაფერი ძალიან მარტივადაა. როცა მწვრთნელი მენდობა, შემიძლია თუ არა, მოედანზე თავს ვიკლავ და ბოლომდე ვიხარჯები. გია გორის "დილაში" გავიცანი და იქიდან მოყოლებული, მენდობა და მეც უფრო თავისუფლად ვთამაშობ. ფორმაში სხვაგვარად ვერც შეხვალ. მაგრამ გიას გარდა არავინ მენდობოდა, "ცხინვალში" საერთოდ მეორე გუნდში ვიყავი და რომელ თავის გამოვლენაზე იყო ლაპარაკი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაბრაზება არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ძველი თაობის ნაწილი გულშემატკივრების სამწუხაროდ გარდაიცვალა, ახალგაზრდა თაობა სამწუხაროდ არ დადის საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე, კიდე ერთი დიდი ნაწილი სამტრედიელი გულშემატკივრების ლუკმა პურის საშოვნელად ზოგი საზღვარგარეთაა წასული და ზოგიც საქართველოს სხავდასხვა დიდ ქალაქებში. აი ესაა მიზეზი გულშემატკივრების სიმცირის. რაც შეეხება გუნდს ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება.
iiI...
15:53 19-03-2017
0
რაჟამა სამტრედიელებთან თუ იხდი ბოდიშს გორელებთან რაუნდა გააკეთო.,გორში ისწავლე ფეხბურთის ანი და ბანი და რაც შენ აქ გააკეთე დილა სამტრედიაზე გორში არანაირ ჩარჩოში არჯდება შენი საქციელი გოლის გამოხატვას ვგულისხმობ,გორელებს კიდე მადლობა უტხარი რო დაგინდეს მაშინ და არშეგამკეს ლამაზი სიტყვებით.
junglebis tribuna
15:05 19-03-2017
0

სიახლეები პოპულარული