ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი ისეთი გამოდგა, რომელიც 2 საათის დასაკარგად უდავოდ ღირდა.

გუნდები თამაშს დანაკლისით შეხვდნენ. მასპინძლებს ტრავმირებული ლიდერი - გეგა დიასამიძე და ზურაბ მენთეშაშვილი აკლდათ, ხოლო გორელებს - დისკვალიფიცირებული რომარიკ ეტუ, ასევე ტრავმირებულები - მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი, ლექსო კვახაძე, თენგიზ წიქარიძე, ჟეან დერეტი და ირაკლი მოდებაძე.

გორელებმა თამაშის დასაწყისი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს - ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის. "დილა" სწრაფად და სანახაობრივად თამაშობდა და შეტევებს ისეთ ტემპში ავითარებდა, რაც ჩვენს მოედნებზე იშვიათად გვინახავს. მათ ჯერ ანგარიში გახსნეს,
შემდეგ კი მიყოლებით 3 რეალური მომენტი შექმნეს.

მაგრამ თამაშის ხასიათი მოულოდნელად შეიცვალა და ამაში მთავარი დამნაშავეები მამია გავაშელიშვილი და ირაკლი სიხარულიძე არიან. თბილისელ თავდამსხმელთა ეს დუეტი მშვენიერ ფორმაშია - მათ ერთად უკვე 14 გოლი გაიტანეს. სიხარულიძემ კი 7 ტურში მეოთხე დუბლი შეასრულა და 8 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

მისი მეორე გოლი ულამაზეს კომბინაციას მოჰყვა. ამის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია, ეს უნდა გენახათ!..

ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციის მოედანზე ასე გადმოტანა იშვიათობაა. ამ საგოლე შეტევის სულისჩამდგმელი კი რატი არდაზიშვილი გახლდათ...

თბილისელებმა მეორე ტაიმიც რიხით დაიწყეს, მაგრამ მერე უპირატესობას გორელები დაეუფლნენ და საბოლოოდ ძალიან რთული ამოცანა შეასრულეს - ორბურთიანი უპირატესობა აღმოფხვრეს.

მათ საინტერესო ლეგიონერები ჰყავთ, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევია ლეანდრო რიბეირო - ათლეტური, სწრაფი და ტექნიკური ფლანგის შემტევი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა.

კარგად ჩაერთო თამაშში ფლავიო ნუბიოც. მან ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი წონასწორობა აღადგინა. არც დავით კირკიტაძე უნდა გამოგვრჩეს, რომელიც შეხვედრის განმავლობაში მცველებს მოსვენებას არ აძლევდა და ორი საგოლე იერიშის განვითარებაც მოახერხა.

მატჩის სტენოგრამა
4' - პირველი სახიფათო მომენტი და გოლი! ლეანდრო რიბეირო მარცხენა ფლანგზე მცველს გასცდა და საჯარიმოსთან მოძებნა კირკიტაძე, რომელმაც მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და კარში დაარტყა. მეორე მცველისგან ასხლეტილი ბურთი კარის წინ გახსნილ რიბეიროს მიუგორდა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:1.
10' - პაპავამ მოედნის ცენტრთან ჩაჭრა გადაცემა, კარისკენ დაიძრა და ძლიერად დაარტყა. "ლოკომოტივი" ქურდაძის მშვენიერმა რეაქციამ იხსნა.
11' - შეტევაში ჩაერთო ფოფხაძე, ორ მცველს გასცდა და კარის წინ მოძებნა მათიაშვილი, რომლის დარტყმული ბურთი მცველს შეეხო და "ლოკომოტივი" აშკარა გოლს გადაურჩა.
11' - წინა ეპიზოდისთვის დანიშნული კუთხური რიბეირომ შეასრულა, კარის წინ ალიუ აბუბაქარი მცველს აუხტა და ბურთი ძელს მოარტყა!
15' - გოლი! არდაზიშვილმა შორეული გადაცემით საჯარიმოში მცველისგან გათავისუფლებული მამია გავაშელიშვილი მოძებნა, რომელმაც დაუხანებლად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
16' - ისევ გოლი! თბილისელთა მორიგი შეტევა კვლავ არდაზიშვილმა განავითარა, საჯარიმოში შორეული გადაცემა გაუკეთა გავაშელიშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან სიხარულიძეს გაატანინა - 2:1.
37' - ფოფხაძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ძარიამ "მაკრატელა" დაარტყა, მაგრამ ქურდაძემ საიმედოდ ითამაშა.
42' - გოლი! ულამაზესი კომბინაცია! კუთხური კიკნაძემ შეასრულა, არდაზიშვილმა ბურთი გაატარა და საჯარიმოში შევარდა, სადაც ჭანტურიამ გააყოლა ბურთი და კარის წინ სიხარულიძე მოძებნა - 3:1.
47' - კიკნაძემ უსწრაფესად ჩამოიშორა მცველი და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა. ხაინდრავამ შეტევა მოიგერია.
49' - სიხარულიძის "მაკრატელა" კარს ასცდა.
51' - რიბეიროს გადაცემის შემდეგ კარიდან 5 მეტრში მყოფმა ტარავალემ ვერ გაიტანა და სხვაობის შემცირების რეალური შანსი გაანიავა.
67' - რეხვიაშვილმა საჯარიმოში ფლავიო ნუბიო წააქცია. პენალტი! რიბეირო ზუსტად ურტყამს - 2:3.
90+3' - შეტევაში გორელთა ცენტრალური მცველი აბუბაქარი ჩაერთო, რომლის ძლიერი "გასროლის" შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა.
90+4' - გორელებმა მაინც გაიტანეს! მოგერიებული ბურთი საჯარიმოში კირკიტაძემ ჩააბრუნა, ფლავიო ნუბიო მეკარის საჯარიმოსთან შემოტრიალდა და მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

ეროვნული ლიგა. VII ტური
12.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-დილა 3:3
გოლები: 0:1 რიბეირო (4), 1:1 გავაშელიშვილი (15. არდაზიშვილის პასით), 2:1 სიხარულიძე (16. გავაშელიშვილის პასით), 3:1 სიხარულიძე (42), 2:3 რიბეირო (67-პენ), 3:3 ნუბიო (90+4. კირკიტაძის პასით)
ლოკომოტივი (4-1-3-2): ქურდაძე - თ. ღონღაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ჭანტურია - ნ. ქავთარაძე (62. სამურკასოვი), არდაზიშვილი, კიკნაძე (72. კომახიძე) - გავაშელიშვილი, სიხარულიძე.
სათადარიგოები: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, არველაძე, გაბაძე, თომაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დილა (4-3-3): ხაინდრავა - მაჩაიძე (52. ნონიკაშვილი), ქარქუზაშვილი, აბუბაქარი (59. ნუბიო), ფოფხაძე - კირკიტაძე, პაპავა, ძარია - ტარავალე, მათიაშვილი (68. გაგოშიძე), რიბეირო.
სათადარიგოები: გულუაშვილი, რაზმაძე, კალანდარიშვილი, ლეონარდო
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილებები: ქარქუზაშვილი (18), ძარია (23), მაჩაიძე (28), არდაზიშვილი (39), ღონღაძე (55), ხიდეშელი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სხვა მატჩები
13 აპრილი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
კოლხეთი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
33: +16 =8 -9, 52-33
დისკვალიფიკაცია
გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

თბილისი. "დინამო არენა". 16:00
დინამო (თბ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +5 =1 -0, 13-2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3-4
დისკვალიფიკაცია
თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 20:00
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
14: +3 =5 -6, 13:19
დისკვალიფიკაცია
შოთა კაშია (ჩიხურა).

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორელებს სტადიონიც კარგი გვაქვს (მადლობა ვანოს) და გუნდიც კარგი გვყავს(მადლობა ინვესტორს). ჩემპიონატის მეორე ნახევარში კი ორივე უფრო უკეთესი იქნება.
gori-2
19:28 13-04-2017
0
"დ ი ლ ა" კარგი გუნდია.სასიამოვნოა მათი თამაშების ყურება. მადლობა ეროვნული ლიგის საიტის შემქმნელებს.ყველა ინფორმაციას დაუბრკოლებლად ვიღებთ.
gori-2
19:15 13-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული