ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: დანავსულები წარმატებულების წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 22 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს, ხოლო ბათუმის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" ქობულეთში უმასპინძლებს.

სამტრედია-ლოკომოტივი
დღეს ერთიმეორეზე საინტერესო მატჩები იმართება და ორივე დაპირისპირებაში მართლაც ძნელია პროგნოზის გაკეთება. აი, თუნდაც ეს მატჩი რად ღირს, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" ამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას და უკვე აშკარად სერიოზული ამბიციების მქონე "ლოკომოტივს" უნდა უმასპინძლოს!

არადა, ამ ჩემპიონატში "სამტრედია" ვერაფრით ახერხებს მიჯრით 2 მატჩის მოგებას. ეგ კი არა, გია ცეცაძის გუნდი მართლაც
რომ დაინავსა მშობლიურ "ეროსი მანჯგალაძეზე": მოქმედმა ჩემპიონმა ახალ სეზონში 4 მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე და მხოლოდ 1 (ერთი!) ქულა აიღო, ისიც - პირველ ტურში "შუქურასთან", იმის მერე კი ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა წააგო...

"ლოკომოტივის" მართლაც სუპერშედეგიანმა ასპარეზობამ ისეთი ხიბლი შესძინა, თქვენი მოწონებული! თუმცა, საქმე მხოლოდ შედეგიან თამაშში არ არის: გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი "ლოკომოტივი", საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთსაც უჩვენებს!

გიორგი დევდარიანის გუნდი მოქმედ ჩემპიონთან პაექრობას 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. ცალკე თემაა ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდის ფორვარდთა დუეტის არანაკლებ შთამბეჭდავი სერიაც: ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა ბოლო 3 ტურში 6-6 გოლი გაიტანეს!

დინამო (ბთ)-ტორპედო
ძველი მეტოქეების დაპირისპირებაც არანაკლებ ინტერესს იწვევს, მით უფრო, რომ მასპინძლები ყველა ვარიანტში შეეცდებიან ზედიზედ 2 წაგების მერე დანავსული სერიის შეწყვეტას, სტუმრები კი, ასევე ყველაფერს გააკეთებენ, რომ მშვენიერი სერია კიდევ უფრო გააუმჯობესონ.

ბათუმის "დინამო" მიმდინარე გათამაშებაში უკომპრომისოდ ასპარეზობს (არც ერთი ფრე არა აქვს), მაგრამ ცოტა არასტაბილურობაც დასჩემდა ლევან ხომერიკის გუნდს. ჰოდა, ზემოთ ნახსენები ზედიზედ 2 მარცხის გამოც იყო, ბათუმელები VII ადგილზე რომ დაქვეითდნენ.

სამაგიეროდ, "ტორპედომ" დაძლია წარმატებულად სასტარტო კრიზისი, რომელიც მაშინათვე დროებით მოვლენად შევაფასეთ: საწყის ორ ტურში კახა ჩხეტიანის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, აი, იმის მერე კი ქუთათურები დაუმარცხებლად ასპარეზობენ.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელი წარმატებული სერია დღესდღეობით სწორედ "ტორპედოს" აქვს: 6 მატჩი წაუგებლად...

ისე, "ტორპედოს" უმძიმესი კალენდარი აქვს: ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მერე, ერთი კვირის განმავლობაში, ჯერ "სამტრედიასთან" ელოდება სათასო მერვედფინალური დაპირისპირება, ხოლო შემდეგ ეროვნული ლიგის პირველი წრის დასკვნით ტურში თავის უპრინციპულეს მეტოქე თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს...

ეროვნული ლიგა. VIII ტური
22 აპრილი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
10: +4 =0 -6, 15:16
დისკვალიფიკაცია: ღონღაძე (ლოკომოტივი)

ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
დინამო (ბთ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
51: +14 =9 -28, 56:83
დისკვალიფიკაცია: გიგაური (ტორპედო)

23 აპრილი
თბილისი. "დინამო არენა". 17:30. LIVE "I არხზე"
დინამო (თბ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =1 -0, 9:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედია მოიგებს სამტრედია მაგარიაააააააააააააააააააააააა
გია
12:55 22-04-2017
0
ადმინ როცა რამეს წერ დაუკვირდი "ტორპედოს" ზედიზედ 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს თასიანად და თასის გარეშე კი 6 მატჩიანი მხოლოდ პირველ ტურში დავმარცხდით სტუმრად "საბურთალოსთან" დამატებით დროში
0

სიახლეები პოპულარული