ეროვნული ლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
როგორც ვივარაუდეთ, მართლაც საინტერესო გამოდგა პირველი წრის ბოლო ტური, მით უფრო, ამ ტურის ორი საინტრიგო მატჩი, სადაც ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები უპირისპირდებოდნენ. არც შედეგიანობა დაეწუნებოდა გასულ ტურს, თუმცა, ბევრად უფრო პოზიტიურ მოვლენად ის მიგვაჩნია, ეროვნული ლიგის ზოგიერთი გუნდი თამაშის ხარისხს ტურიდან ტურამდე რომ აუმჯობესებს.

ყოველივე ეს კი, დედაქალაქურ გუნდებზე ითქმის და ალბათ, არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ პირველი წრის შემდეგ ზედა სამეული სწორედ თბილისური გუნდებით არის დაკომპლექტებული!

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, სეზონის დაწყების წინ მოვლენების მსგავს განვითარებას ძნელად თუ წარმოიდგენდა
ვინმე; თუმცა, ისიც სათქმელია, რომ პირველი წრის ცხრილი მეტ-ნაკლებად რეალურად ასახავს ძალთა თანაფარდობას დღევანდელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში.

რა თქმა უნდა, წინ კიდევ 3 წრეა და სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთი გადაადგილებაა მოსალოდნელი სატურნირო ცხრილში; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე "ჩიხურა" და "სამტრედია", ძალიან დიდი ალბათობით, მაქსიმალურად ეცდებიან სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას.

ისიც საკითხავია, თუ რამდენად მოახერხებენ სტაბილურად მთელი სეზონის ჩატარებას დღევანდელი ლიდერები; მით უფრო, რომ თბილისის "დინამოშიც", "ლოკომოტივშიც" და "საბურთალოშიც" მრავლად არიან 18-19 წლის ბიჭები და ამ ასაკში როგორი ძნელია მთელი სეზონის "ერთი ამოსუნთქვით" ჩატარება, ყველას კარგად მოეხსენება...

ასეა თუ ისე, ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა და ამ პირველ "საშუალედო ფინიშს", ჩვენი აზრით, ღირსეული გამარჯვებული ჰყავს!

დინამოს აპრილი
პირველი წრის გამარჯვებულის ტრიუმფული სვლა სწორედ აპრილის დასაწყისიდან დაიწყო და ამ ერთი თვის განმავლობაში კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 7 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და შვიდივე მოიგო! თანაც, არც ის უნდა იყოს უმნიშვნელო ამბავი, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ამ შვიდ მატჩში (6 - ჩემპიონატში, ერთიც - თასზე) მხოლოდ 1 გოლი გაუშვა!

...2 აპრილი იყო, თბილისის "დინამომ" სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" რომ მოუგო და იქიდან მოყოლებული, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა "დინამოსთან" თუნდაც ქულის აღებას; არადა, არანაკლები წარმატებული სერიით შეხვდა პირველი წრის დასკვნით ტურს "ტორპედოც", თუმცა IX ტურის ეს უმთავრესი და უპრინციპულესი დაპირისპირება თბილისის "დინამოს" სავსებით დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ეგ კი არა, რომ არა მასპინძელთა მეკარის, როინ კვასხვაძის მართლაც ჩინებული რეაქცია რამდენიმე ეპიზოდში, ანგარიში, შესაძლოა, უფრო დიდიც ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ კახა კაჭარავამ ძირითადში ანდო ადგილი ახლად გამოჯანმრთელებულ გიორგი თევზაძეს და 20 წლის მარცხენაფლანგელმაც ეს ნდობა გოლითა და საგოლე პასით გაამართლა. ხშირი ტრავმების გამო თევზაძეს ამ სეზონში მხოლოდ მეორედ მოუწია მოედანზე გასვლა და ამ ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის ყველაზე პრიციპულ მეტოქესთან "დინამომ" ამ გამარჯვებას გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, საბა ლობჟანიძის გარეშე მიაღწია; თუმცა, დღევანდელ "დინამოში" ლიდერობაზე პრეტენზია არაერთ ფეხბურთელს აქვს: 24 წლის ბაჩანა არაბული თითქმის ყოველ მატჩში გააქვს გოლი, გუნდის ახალი კაპიტნის, 21 წლის ოთარ კიტეიშვილისათვის პოზიციის შეცვლამაც გაამართლა და 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის უკვე მერამდენედ შთამბეჭდავად ჩატარებულ შეხვედრაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ...

ყველაზე სანახაობრივი...
უკანასკნელად 2001/02 წლების სეზონში მოხდა, როცა თბილისის "ლოკომოტივს" საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა. და აი, 15-წლიანი პაუზის მერე ამ გუნდს კვლავაც მაქსიმალური მიზნებისათვის მებრძოლი გუნდი ჰყავს!

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ვრცლად ვისაუბრეთ გიორგი დევდარიანის გუნდის მორიგ შთამბეჭდავ მატჩზე (თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან მოიგებ ხუთბურთიანი სხვაობით?!) და დღეს მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "ლოკომოტივის" ასეთი სუპერშედეგიანი თამაში მართლაც ალამაზებს ეროვნული ლიგის გათამაშებას.

თამაშის ხარისხზე აღარაფერს ვამბობთ: "ლოკომოტივის" ფეხბურთელები მაქსიმალურად სწრაფად გადადიან მეტოქის ნახევარზე და, უმეტეს შემთხვევაში, ამას გააზრებული და მრავალსვლიანი კომბინაციებით ახერხებენ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მართლაც ერთი სიამოვნებაა "ლოკომოტივის" შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის ცქერა; ისე, როგორც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ გუნდის ფორვარდთა სუპერშედეგიანი დუეტი: 22 წლის მამია გავაშელიშვილმა ამ სეზონში მეორე "დუბლი" შეასრულა, თუმცა, ეს ყველაფერი შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა! პირველი წრის დასრულების შემდეგ გავაშელიშვილი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ორი გოლით ჩამორჩება თანაგუნდელს, 26 წლის ირაკლი სიხარულიძეს.

გამოსარჩევი ფაქტია: ირაკლი სიხარულიძემ მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთე დუბლი შეასრულა! ჰოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ გუშინდელ ნათქვამს: პირველ წრეში რაც ამ წყვილმა გაიტანა (18 გოლი), ამდენი გოლი არც ერთ გუნდს არ გაუტანია. თუმცა, "ლოკომოტივის" წარმატებული ასპარეზობის საწინდარი, ფაქტობრივად, ყველა რგოლის გამორჩეული თამაშია...

პოპულარული... 5:0!
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მიმდინარე გათამაშებაში საკმაოდ პოპულარული ანგარიშია 5:0! ახლაც, პირველი წრის ბოლო ტურში, ერთდროულად ორმა გუნდმა მოიგო ასეთი ანგარიშით და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ლოკომოტივმა" უკვე მესამედ (!) იმარჯვა მიმდინარე სეზონში ასეთი შთამბეჭდავი ანგარიშით.

აი, "საბურთალომ" კი პირველად მოახერხა ანალოგიური ანგარიშით მოგება და ეს მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მართლაც ქრონიკულ (გნებავთ - სარეკორდო რაოდენობის) საკადრო პრობლემებს; თუმცა, უამრავი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, კიდევ ერთმა დედაქალაქურმა გუნდმა თავისი უდიდესი უპირატესობა ხუთ გოლში გამოხატა და ამ შემთხვევაშიც, წინა პლანზე "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ; საერთოდაც, "საბურთალოს" ძირითადში მხოლოდ 3 ფეხბურთელი (ზურაბ არზიანი, გოგა ფიფია, ლაშა შინდაგორიძე) იყო 21 წელს გადაცილებული...

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა "საბურთალოს" 21 წლის ფრანგმა გარემარბმა ვაგნერმა, თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე გამოჩნდა გუნდის ძირითადში 19 წლის ბექა გვარაძე, 20 წლის სანდრო ალთუნაშვილმა შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა გოლი, ხოლო 18 წლის ნიკოლოზ მალიმ სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში...

სამწუხაროდ, "შუქურამ" პირველი წრე მოუგებლად დაასრულა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდმა უკვე სამი მატჩი წააგო ხუთბურთიანი სხვაობით. საკადრო პრობლემებმა "შუქურა" გვარიანად დააზარალა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ქობულეთელთა გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება...

სხვადასხვა განწყობა
პირველი წრის ბოლო ტურმა სხვადასხვა განწყობა დაუტოვა გუნდებს: კვლავაც გრძელდება "კოლხეთის" მოუგებელი სერია, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გელა სანაიას გუნდი ასევე უამრავი საკადრო პრობლემით შეხვდა ამ პირველ "საშუალედო ფინიშს"; არანაკლებ წარუმატებელი აღმოჩნდა აპრილის თვე "დილასთვისაც": ოთხი ფრე და ორი წაგება იმის ტოლფასი გამოდგა, რომ გორელთა გუნდი გასავარდნ ზონას ვერაფრით ასცდა...

სამაგიეროდ, სხვა გუნდმა მოახერხა უსიამოვნო სერიის დასრულება: ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, როგორც იქნა, მოიგო ბათუმის "დინამომ" და ლევან ხომერიკის გუნდიც 4 ქულით დაშორდა პლეი აუტის ზონას.

აი, მოქმედმა ჩემპიონმა კი ზედიზედ მესამე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც გასვლაზე იყოჩაღა: 28 წლის დავით რაჟამაშვილის "დუბლით" "სამტრედიამ" V ადგილზე გადაინაცვლა და მესამეადგილოსან "საბურთალოსთან" მხოლოდ ორბურთიანი ჩამორჩენა აქვს. თუმცა, მოქმედმა ჩემპიონმა მაისში მთავარი ინტრიგა დაგვიტოვა: ისე, მართლაც საინტერესოა, თუ როდის შეძლებს გია ცეცაძის დამოძღვრილი გუნდი მიმდინარე გათამაშებაში პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებას?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგი დევდარიანი:
სულ მიკვირს, როგორ ითხოვენ, რომ "სამტრედიამ" წლეულსაც ისეთივე ფეხბურთი აჩვენოს, როგორც ზივზივაძის, შერგელაშვილისა და არაბულის პერიოდში. როგორც კი ვინმე ათამაშდება, მაშინვე უცხოეთში მიჰყავთ. არადა, ევროსეზონი დაიწყება და იქ რთული თამაშები გველის. კარგი იქნებოდა, გამორჩეული ბიჭები გუნდებმა ერთი-ორი წლით მაინც რომ შეინარჩუნონ, რათა ევროპისთვის მოვღონიერდეთ.

ეს კაცი 100% სიმართლეს ამბობს,ფეხბურთელი უნდა "შეინარჩუნო" თუკი კლუბს ხლემძღვანელობ და პრეტენზია გაქვს ჩემპიონის სახელით ითამაში ,ურიას ვალი რომ აიღო,სახლიდან რომ მოიტანო ფული, უნდა ადგე და დააინტერესო წამყვანი ფეხბურთელები.
თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ სხვას დაუთმე სამართავად კლუბი,არცთუ ცოტაა ისეთები ვინც საბიუჯეტო ფულს უკეთ დახარჯავს.
Guadua
12:00 03-05-2017
0
კვასხვაძემ, მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა,ძალიან კარგად ითამაშა და სიმბოლუეი ალალია მასზე.სამტრედიამ ორივე თავდამსხმელი დაკარგა ჩემპიონატის წინ და რაღაა საკვირველი,შეტევაში რომ გაუჭირდა,მაგრამ ზივზივაძემ თვითონ გაიწია,ბაჩანა კი იჯარით იყო გუნდში და დინამომ უკან დაიბრუნა.ზივზივზძის წასვლას,არც მე და გულშემატკივრის აბსოლიტური უმრავლესობა არ მიესალმებოდა,რადგან მისი თავი სამტრედიას ძალიან სჭირდებოდა და მისთვისაც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ წასვლა უკეთესი იქნებოდა/მაგრამ თვითონ სხვაგვარად გადაწყვიტა და სამწუხაროდ შესცდა.სამტრედია დარწმუნებული ვარ,შესძლებს თამაშის დალაგებას და ჩემპიონატში კონკურენციის ამაღლებას,გია ცეცაძეს ეს ნამდვილად შეუძლია.ძალიან მიხარია თბილისის გუნდების ასე კარგად ათამაშება,თანაც ასე ახალგაზრდული შემადგენლობებით,აუცილებლად დალაგდება გორიც,ქუთაისიც სწორ გზას ადგას,აი ბათუმზე ,ფოთზე და შუქურაზე კი უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი,მათი სტადიონიდან გამომდინარე,შუქურა სეზონის ბოლოს სულაც შეიძლება ყავარჯნები მოსიარულე ინვალიდთა გუნდად გადაიქცეს,ასევე ფოთიც.აი ბათუმმა კი ალტერნატივად რაგბის სათამაშო მოედანი აირჩია და ამით ტრავმიანობის შემცირებას შესძლებს,მაგრამ რაგბის მოედანზე ხარისხიანი,ტექნიკური ფეხბურთის თამაში თითქმის შეუძლებელი იქნება.ახლა ჩიხურა,თითქოს სტაბილური შემადგენლობა შეინარჩუნეს და ვფიქრობ,აუცილებლად მოუმატებენ.
სოსო
10:03 03-05-2017
0

სიახლეები პოპულარული