- დინამო(ბთ)-ლოკომოტივი 1:2 - წარუმატებელი დაბრუნება [VIDEO]
ეს სტადიონი სულ რაღაც 500 კაცს იტევს, მაგრამ ხალხი მოედნის მთელ პერიმეტრზე იდგა, ისევე, როგორც ახლომდებარე შენობების სახურავებსა და აივნებზე. ამან შექმნა ის საფეხბურთო გარემო, რაზეც საქართველოში ფეხბურთელები ოცნებობდნენ...
ასეთი თამაშებით დონე ამაღლდება...
თბილისის "ლოკომოტივის" მცველი გიორგი ხიდეშელი მატჩისგან მიღებულ ემოციებს ვერ "ამ თამაშმა პატარა ბავშვივით გამახარა და არა მხოლოდ მოგების გამო. როგორც იქნა, საქართველოში საფეხბურთო გარემო ისევ შევიგრძენი. მართალია, ხალხი ჩვენ არ გვქომაგობდა, მაგრამ გამუდმებული შეძახილები მაინც სასიამოვნო იყო. ეს მუხტი მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა და ფეხბურთელებსაც გადმოგვეცა.
ასე იყო მხოლოდ წლების წინათ, როცა "ზესტაფონი" ლიდერებს ხვდებოდა ან ევროთასებზე თამაშობდა. ხელოვნურმა განათებამაც სხვა ელფერი შესძინა თამაშს და მეტი სტიმულიც გაგვიჩნდა. ხალხის სიმრავლის გამო თამაშის დასრულების შემდეგ მოედნიდან 10 წუთის განმავლობაში ვერ გავდიოდით", - ამბობს ხიდეშელი.
გამოცდილი მცველის აზრით, სტადიონები ყველა ქალაქში რომ აშენდება, სხვა სურათი გამოჩნდება:
"თურმე, როგორ ჰყვარებიათ ბათუმში ფეხბურთი. სხვათა შორის, მაყურებლისგან ერთი გინებაც არ გამიგია. პირიქით, თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს და თავისიანებიც გაამხნევეს. ამ ქალაქის, გუნდისა და გულშემატკივრების უსტადიონოდ დატოვება დანაშაულია. წარმომიდგენია, ევროპის ლიგაზე რომ ითამაშებენ, რამდენი ხალხი მივა და რა ატმოსფერო იქნება...
თუნდაც ფოთის მაგალითი აიღეთ - გარდამავალ ჩემპიონატში საკუთარ ქალაქში რომ თამაშობდნენ, ტრიბუნები ივსებოდა. ამის შემდეგ უფრო ადვილი გასაგებია, რამდენს კარგავს ჩვენი ფეხბურთი, "ჩიხურა" საჩხერეში რომ არ თამაშობს, ხოლო "კოლხეთი" - ფოთში.
თუ ყველა გუნდი საკუთარ ქალაქში ითამაშებს და მატჩები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, ყველა ნახავს, რომ ჩვენს ჩემპიონატში უკეთესი თამაშები და ბევრად უფრო საფეხბურთო გარემოა, ვიდრე ბევრს ჰგონია".
ხიდეშელის აზრით, ასეთი მატჩები ახალგაზრდებსაც წაადგებათ:
"წელიწადში 6-7 თამაში რომ გვქონდეს, ახალგაზრდები - არველაძე, არდაზიშვილი, კომახიძე, ჭანტურია... უფრო გაიზრდებიან, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების წინ 30 თამაშის ჩატარებით. უმაყურებლო ფეხბურთი ემოციას ვერ გაგიჩენს.
გოლის შემდეგ ვატო არველაძემ მაყურებელს საკუთარი მაისურა რომ აჩვენა, შესაძლოა, ამით ხალხის ნაწილი გაღიზიანდა, მაგრამ ფეხბურთს ასეთი ჟესტებიც უხდება. ხალხი რომ არ ყოფილიყო, ეს მუხტი არ ექნებოდა და ამას არ გააკეთებდა.
თამაშის შემდეგ, თბილისში რომ მოვდიოდით, ბიჭები ვლაპარაკობდით და საერთო განწყობა გამოიკვეთა - ასეთი თამაშები ფეხბურთელს სტიმულს აძლევს, მეტი შრომისა და ევროპაში წასვლის სურვილს უჩენს, სადაც მსგავსი გარემო ჩვეულებრივი მოვლენაა.
წარმოიდგინეთ, ამ ერთმა თამაშმა ფეხბურთელთა განწყობა როგორ შეცვალა. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ 90 წუთი მაინც ვიგრძენი თავი ფეხბურთელად. 5 მაისს ბათუმში ვნახე ის, რასაც ასე მონატრებული ვიყავი და რაზეც ვოცნებობდი. ასე მგონია, ყველამ ქართული ფეხბურთის მომავალი სახე ვიხილეთ. მთავარია, ეს მუხტი არ მოგვაკლდეს".
მარტო ამისთვის უნდა ააშენონ ბათუმში სტადიონი!..
თემურ შონია, ბათუმის "დინამოს" კაპიტანი: - 9 წელია, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ და არც ერთ გუნდში არ მქონია ბედნიერება, საკუთარი მაყურებლის წინაშე მეთამაშა. ასე იყო "ცხინვალში" და ასეა ბათუმის "დინამოში", თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო მატჩს.
თამაშამდე ბათუმში სასწაული ხდებოდა, ყველა ფეხბურთით ცხოვრობდა, ხალხმა მსვლელობა მოაწყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, რომელიმე ევროპულ ლიგაში ვთამაშობდი. ახლაც ამ მატჩის ემოციებში ვარ. ევროპის ლიგაზე კვიპროსის "ომონიას" რომ შევხვდით, იმასაც კი ვერ შევადარებდი.
აქვე რაგბის სამყაროს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში რომ დააბრუნეს.
- ძნელი მისახვედრი არ არის, ბათუმში უთამაშებლობით რამდენი დაკარგეთ...
- ასე მგონია, სხვა სტადიონზე ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმ 20 პროცენტს თუ ვავლენდით. შინ თამაში და საკუთარი გულშემატკივრის თანადგომა აბსოლუტურად სხვა განცდაა. რაც შეგვეძლო თუ არ შეგვეძლო, ვაკეთებდით.
ქობულეთში ხალხს მაგრად ვუყვარვართ და მათზე კარგის მეტი რა უნდა ვთქვათ, "ჩელე არენა" ჩვენი მეორე სახლია, მაგრამ... ჩვენი ქალაქი ბათუმია და აქ სხვა ატმოსფეროა. სირცხვილია, ასეთ საფეხბურთო ქალაქში საფეხბურთო სტადიონი რომ არ არის.
- თამაში ზედმეტი ნერვიულობის გამო ხომ არ წააგეთ?
- ძალიან დასანანია, რომ უამრავი მაყურებელი მოვიდა და წავაგეთ. ეს ჩვენთვისაც დიდი დარტყმა იყო და ბათუმელებისთვისაც, მაგრამ იმედია, გულშემატკივარი ისევ მოვა და დიდ წარმატებას ერთად მივაღწევთ.
წაგებას ნერვიულობას ვერ დავაბრალებ, რადგან დიდი მოტივაცია გვქონდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ელემენტარულად, მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოგვეყენებინა, ქულას მაინც ავიღებდით.
- კარგი მომენტი პირადად თქვენც გქონდათ 81-ე წუთზე, თამაშის ბედის გადაწყვეტაც შეგეძლოთ...
- გამოუყენებელ მომენტებში ჩემს ეპიზოდსაც ვგულისხმობდი. თამაშის შემდეგ ჩანაწერი 10-ჯერ მაინც დავატრიალე და ვერაფრით მივხვდი, როგორ მოიგერია თევდორაძემ ჯერ კვანტალიანის დარტყმა, მერე კი - ჩემი. კარგი მომენტები მანამდეც გვქონდა და მათი გამოუყენებლობისთვის მკაცრად დავისაჯეთ.
- "ლოკომოტივზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გუნდი წელს ისე გაძლიერდა, არ გამიკვირდება, ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს. მიმაჩნია, რომ თამაშიც კარგი დონის იყო და წელიწადში ათ ასეთ შეხვედრას მაინც თუ ჩავატარებთ - მაყურებლებით, განათებით და დიდი ემოციებით, დონე აუცილებლად აიწევს. რეალურად, პირველად ვნახე, რომ ხალხს, თურმე, ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს.
მოედანზე გასვლამდეც ვიცოდით, რომ ბევრი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ აივნებზე, მესერზე, სახურავებზე შემომსხდარი გულშემატკივრები რომ დავინახე, გაოცებული დავრჩი. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუ სათანადო გარემო და პირობები იქნება, ჩემპიონატს მეტი მაყურებელი ეყოლება.
მეეჭვება, ამდენი ხალხი პოლიტიკურმა პარტიებმა მიიზიდონ. მარტო ამისთვის უნდა ააშენონ ბათუმში სტადიონი!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გენაცვალე აი რატომ წერ ამოდენა უმსაგვსობას ?რატომ ურევ ხალხს ტვინს,რატომ თავს ირცხვენ?
10 გუნდიანმა კი არა ბიუჯეტის ფულმა ქნა თავისი დროებითი,მოჩვენებითი ეფექტი და ამის საფასურს კიდევ გადავიხდით,როცა გაუარესდება მთლად ყველაფერი,თუკი მომავალი წლიდან ორივე ლიგისათვის აუცილებელი პირობა არ იქნება რომ ყველა უნდა იყოს კერძო საკუთრების კლუბი,არცერთი არაკერძო ააიპ,შპს ან რაღაც წარმონაქმნი არ დაიშვება ამ ლიგებში კერძო მფლობელის გარეშAე და უნდა დაწესდეს კლუბის ბიუჯეტის მინიმალური წლიური ზღვარი, მაშინ გინდ 6 გუნდიანი იყოს, გინდ 10 და გინდ 20- იანი,მაინც იქნება ხარისხი. ახლა კი პროფანაცია,თვალებში ნაცრის შეყრა და ფულის გადახარჯვაა.