ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XIII ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.

მთავარი თამაშია "დინამო არენაზეა", სადაც ერთმანეთს მიმდინარე პირველობის ლიდერი თბილისის "დინამო" და მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" უნდა დაუპირისპირდნენ - დღესდღეობით პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები!

ბათუმში კი, "რაგბი არენაზე", ადგილობრივი "დინამო" ვიცე-ჩემპიონ საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს.

დინამო (თბ)-სამტრედია
ტურის და, ალბათ, II წრის ცენტრალური მატჩი. მოგეხსენებათ, რომ უკვე ორი თვის განამავლობაში დაუმარცხებელი "დინამო" დღესდღეობით 5 ქულით უსწრებს მოქმედ ჩემპიონს და კვირის ამ უდავოდ დამაინტრიგებელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, კახა კაჭარავას გუნდი თავის
ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს უკვე სოლიდური სხვაობით დაშორდება.

წესით, არც საყაიმო ანგარიში უნდა იყოს მასპინძელთათვის მიუღებელი შედეგი, აი, "სამტრედიის" გამარჯვების შემთხვევაში კი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბება.

მოკლედ, მართლაც დიდად საინტრიგო მატჩი გველოდება და იმის იმედიც გვაქვს, რომ გულშემატკივარი ხარისხიან ფეხბურთსაც იხილავს!

სხვათა შორის, "დინამოს" მართლაც შთამბეჭდავი ორთვიანი წარმატებული და დაუმარცხებელი სერია სწორედ სამტრედიაში დაიწყო: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს საწყის სამ ტურში 2 წაგება ჰქონდა, მაგრამ IV ტურში, ბექა მიქელთაძისა და საბა ლობჟანიძის (ეს უკანასკნელი სწორედ ამ მატჩის წინ დააბრუნეს მთავარ გუნდში) გატანილი ორი უპასუხო გოლის წყალობით, "დინამომ" სტუმრად მოიგო უმნიშვნელოვანესი მატჩი და იმის მერე დაიძრა კიდეც ცხრილის მწვერვალისკენ!

აი, მოქმედ ჩემპიონს კი მიმდინარე სეზონში მართლაც უცნაურობა დაებედა: გია ცეცაძის გუნდს სტუმრად 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, საკუთარ მოედანზე კი, მხოლოდ წინა ტურში შეძლო პირველად მოგება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარი ხომ საბოლოო შედეგი იყო და ბოლო ექვს მატჩში მოპოვებული 16 ქულის წყალობით, "სამტრედია" მეორე ადგილამდე აღზევდა და იმის მშვენიერი შანსიც ეძლევა, ეს სხვაობა კიდევ უფრო შეამციროს.

ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "დინამოს" საგრძნობი უპირატესობა გააჩნია და წინა 28 ჩემპიონატის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "სამტრედიასთან".

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ სწორედ იმ სეზონში (1994/95 წლების) მოხდა პირველად და უკანასკნელად, როცა "სამტრედიამ" ორივე დაპირისპირება (შინაც და სტუმრადაც) მოუგო თბილისის "დინამოს"...

დინამო (ბთ)-ჩიხურა
წინა სეზონის ვერცხლის ("ჩიხურა") და ბრინჯაოს (ბათუმის "დინამო") პრიზიორების წარუმატებელი ასპარეზობა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად უნდა შეფასდეს და ამის დასტურად სატურნირო მდგომარეობაც გამოდგება.

ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ბათუმის "დინამო" პლეი აუტის ზონაში აღმოჩნდა, "ჩიხურამ" კი მხოლოდ წინა ტურში მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება ასევე ზედიზედ 3 წაგების შემდეგ...

ამ სეზონის დაწყების წინ "ჩიხურას" სულაც ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევდით, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა (ობიექტურისაც და სუბიექტურისაც) გამო, სოსო ფრუიძის გუნდი ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის შუაგულში იმყოფება.

ბევრად უარესი სატურნირო მდგომარეობა აქვს ბათუმის "დინამოს", სადაც, წინა ტურის შემდეგ საკადრო ცვლილება მოხდა: მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლევან ხომერიკმა და მის ნაცვლად, აჭარულ კლუბს დროებით უთავკაცებს ამირან მუჯირი, აქამდეც რომ მუშაობდა ბათუმის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში.

იმასაც ვიტყვით, რომ ამირან მუჯირმა 2 წლის წინათ დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა (41 წლის ასაკში) და არა მხოლოდ ბათუმის "დინამოს". არამედ, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი გახლდათ...

ეროვნული ლიგა. XIII ტური
21 მაისი
თბილისი. დინამო არენა. 17:30. LIVE პირველ არხზე
დინამო (თბ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
34: +26 =3 -5, 82:20
დისკვალიფიკაცია: მიქელთაძე (დინამო თბ)
პირველი წრე 2:0

ბათუმი. რაგბი არენა. 19:30
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =2 -4, 6-9
დისკვალიფიკაცია
კაკუბავა (ჩიხურა)
პირველი წრე 1:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული