სამტრედია-საბურთალო 3:2 - უხვი გოლი უხვი წვიმით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გულშემატკივარმა გახსნილი და ლამაზი ფეხბურთი იხილა. მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასთან" შეხვედრამდე "საბურთალოს" კურიოზული საკადრო პრობლემა შეექმნა: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხველიანი და ფლანგის შემტევი გიორგი კოხრეიძე ვერ ეხმარებოდნენ, რადგან ორივეს... სკოლის გამოცდები ჰქონდა...

თბილისელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვესი, რომელმაც წინა ტურში თავი ვერ გამოიჩინა. ჭიაბრიშვილმა საკადრო პრობლემების გამო მარჯვენა მცველად... თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დააყენა.

მასპინძელთა ძირითადში კი პირველად ვიხილეთ დავით მთივლიშვილი, რომელიც ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ, მაგრამ "სამტრედიას" სასტარტოში ვერ ხვდებოდა. გიორგი მჭედლიშვილი კი მარცხენა ფლანგზე
გაამწესეს.

ბოლო მატჩებში ჩემპიონი კარგად ათამაშდა და გამოჩნდა, რამხელა ძალას წარმოადგენენ გუნდისთვის გია მანჯგალაძე და გიორგი დათუნაიშვილი - როცა ისინი მოედანზე არიან, "სამტრედია" ბევრად უკეთ გამოიყურება.

...მე-15 წუთიდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რამაც გუნდებს თამაშში ხელი მხოლოდ მცირე ხნით შეუშალა. მეორე ნახევარში მზემ გამოანათა და თამაშიც საინტერესო სცენარით განვითარდა.

"საბურთალოს" ფეხბურთელები, რომლებმაც პირველ ტაიმში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს, მოედანზე ანთებულები გავიდნენ და მასპინძლები საკმაოდ აანერვიულეს. მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იყო ჭიაბრიშვილის მიერ განხორციელებული ცვლილებები და გადაადგილებები - შინდაგორიძის წინ გადაწევით და გოგი ფიფიასა და ვაგნერის შეყვანით, სტუმართა მწვრთნელმა შეტევების გაძლიერება მოახერხა.

ისიც სათქმელია, რომ მასპინძლები პირველივე ტაიმში დაწინაურებამ ძალიან მოადუნა. მოკლედ, მეორე ნახევარი დაძაბულად და სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ტემპი თავიდან უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა - ბურთი მოედნის ცენტრში აღარ ჩერდებოდა და მთლიანობაში, ლამაზი თამაშიც გამოვიდა.

სამტრედიელები მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ და საბოლოოდ, გია ცეცაძის გუნდმა თამაში დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანა.

მატჩის სტენოგრამა
9' - გოლი! გია მანჯგალაძემ ჯარიმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთმა კუპატაძის კარის "ცხრიანი" შეარხია - 1:0!
20' - ისევ ულამაზესი გოლი! კუთხურიდან მანჯგალაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი შინდაგორიძემ მოიგერია, მაგრამ კასრაძემ კარში დაარტყა, თუმცა სანდოხაძეზე გამოუვიდა პასი და - 2:0!
25' - უსწრაფესი შეტევა! ბერიშვილმა ფლანგზე დათუნაიშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და ჯიქიას მიერ ერთი შეხებით დარტყმულზე კუპატაძემ სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა!
42' - ბელოვის დარტყმა დაახლოებით 20 მეტრიდან - არაზუსტად.
51' - შინდაგორიძის პასის შემდეგ იმნაძემ ეფექტურად, ვარდნაში დაარტყა...
51' - სამტრედიელთა სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას მანჯგალაძე ცდილობდა, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა.
52' - გოლი! სოფრომაძე მარცხენა ფლანგზე ეფექტურად გასცდა მცველს და კარის წინ გათავისუფლებული ფანცულაია მოძებნა, რომელმაც თავურით გაათანაბრა ანგარიში!
57' - გოლი! რაჟამაშვილმა შეტევა ჩაშალა, ბერიაშვილმა გააგრძელა და საჯარიმოსთან ჯიქიას უპასა. ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მცველებს ბერიაშვილმა დაასწრო - 3:1!
67' - გოლი! გვარაძემ კუთხურის სიახლოვიდან ჯარიმა შეასრულა, ბერიაშვილმა კი თავურით... ავტოგოლი გაიტანა - 3:2.
72' - გურამ სამუშიას ტექნიკური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს.
80' - მანჯგალაძე საჯარიმოსთან მცველებს გასცდა და ბურთი "მოჭრა", მაგრამ კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
81' - სამტრედიელთა სწრაფ და ლამაზ შეტევას ახლოდან უძლიერესი დარტყმით ბერიაშვილი აგვირგვინებდა. "საბურთალო" კუპატაძის საოცარმა რეაქციამ გადაარჩინა!
83' - გვარაძის კუთხურის შემდეგ ფიფიამ დაუხანებლად დაარტყა კარში და მილიმეტრებში ააცილა.
84' - ბერიაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს ხვდება.
85' - ისევ ბერიაშვილის სახიფათო შეტევა და ბურთი მცირე მანძილით სცდება სამიზნეს.
86' - ფიფიას ჩაწოდებულ ბურთს ფანცულაიამ დაუხვედრა ფეხი და კარში წასული ბურთი მასპინძელთა მეკარე მიგინეიშვილმა ბოლო მომენტში მოიგერია!
87' - ცნობილაძემ საჯარიმოში მარკოზაშვილი წააქცია. პენალტი სანდოხაძემ შეასრულა, მაგრამ კუპატაძემ დუბლის შესრულება არ დაანება, დამატებაზე კი რაჟამაშვილმა ააცილა.

ეროვნული ლიგა. XIV ტური
24.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-საბურთალო 3:2
გოლები: 1:0 გ. მანჯგალაძე (9), 2:0 სანდოხაძე (20. კასრაძის პასით), 2:1 ფანცულაია (52. სოფრომაძის პასით), 3:1 ბერიაშვილი (57), 3:2 ბერიაშვილი (67-საკ. კარში)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი - გ. მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - ბელოვი (63. სამუშია), რაჟამაშვილი (90. დ. მანჯგალაძე), ჯიქია (68. მარკოზაშვილი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ჩაგელიშვილი, სუხომლინოვი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - შინდაგორიძე, მამუჩაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე - ტერა (75. ალთუნაშვილი), არზიანი (62. ფიფია) - ჩოგაძე (62. ვაგნერი), იმნაძე, გვარაძე - ფანცულაია.
სათადარიგო: გოშაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (90)
გამოუყენებელი პენალტი: სანდოხაძე (87. მეკარე)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. კვასოვი (დინამო ბთ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული