საბურთალო-დინამო (თბ) 0:5 - მარში გრძელდება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით პეტრიაშვილი "საბურთალოს" სათავეებთან იდგა და მისი ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. თბილისურმა კლუბმა მისი სახელობის სტადიონზე პირველად ითამაშა და მატჩის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა უეფასა და ფიფას ერთი-ერთი დირექტორის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი...

"საბურთალო" საფეხბურთო ელიტაში სამი წელია თამაშობს და ამ პერიოდში "დინამოსთან" ქულა მხოლოდ გარდამავალ ჩემპიონატში, 2016 წლის 30 ნოემბერს აიღო (0:0), დანარჩენ ხუთ შეხვედრაში კი ისე დამარცხდა, მეტოქის კარში ერთი გოლიც არ გაუტანია. გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა...

თამაში ჩემპიონატის ლიდერის, "დინამოს" ტერიტორიული უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში ლიდერს
არაფერი გამოსდიოდა. სხვათა შორის, "საბურთალომ" ამ პერიოდში არანაკლებ მწვავე მომენტები შექმნა.

კახა კაჭარავას გუნდმა "ბრჭყალები" მხოლოდ მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან გამოაჩინა და მეტოქეს იმდენად სწრაფი და მტკივნეული დარტყმები მიაყენა, საბურთალოელებმა გონს მოსვლა და მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი პაპუნაშვილი: საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის (ლა ლიგა 2) ბინადარ "სარაგოსასთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და რეალურად, ის უკვე სხვა კლუბის მოთამაშეა. ასეთ დროს ფეხბურთელები ფეხებს უფრთხილდებიან, პაპუნაშვილი კი ყოველი ბურთისთვის იბრძოდა, პასებს არ აყოვნებდა, ორი ულამაზესი გოლიც გაიტანა და მშვენიერი თამაში ჩაატარა.

ბაჩანა არაბულმა მე-11 გოლი გაიტანა, დიმიტრი ტატანაშვილს გაუთანაბრდა და ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. საბა ლობჟანიძემ კი ანგარიშზე მე-7 გოლი ჩაიწერა და თან რა გოლი! 50-მეტრიან დრიბლინგს რომ დაადგა გვირგვინად!..

ერთი სიტყვით, კაჭარავას "დინამო" შეუჩერებელია, ძალზე დამაჯერებლად და ლამაზად თამაშობს. დაუჯერებლადაც ჩანს, რომ ამას გუნდი 17-19 წლის ნიჭიერი ბიჭებით ახერხებს. სწორედ ეს მატებს ახლანდელ გუნდს ხიბლს...

ცუდი კი ის არის, რომ ერთ-ერთ მათგანს, 19-წლამდელთა ნაკრების დაცვის იმედს, ლუკა ლოჩოშვილს, კუნთი დაეჭიმა და ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ კაჭარავამ სწორედ ეს გვითხრა, ამ ახალგაზრდებს ხშირად იმიტომაც ვცვლი, რომ მეშინია, არ დაშავდნენ, მაგრამ ლოჩოშვილის ტრავმა თავიდან მაინც ვერ ავიცილეთო...

მატჩის სტენოგრამა
4' - მიქელთაძის ძლიერი დარტყმა კუპატაძემ მოიგერია, დამატებაზე კი პაპუნაშვილის თავური მიზანს ასცდა.
12' - შინდაგორიძე საჯარიმოში შევიდა და კარში დაარტყა - ლიტოვჩენკომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
20' - შინდაგორიძე ისევ საჯარიმოშია, გველესიანი ბურთს იგერიებს, მაგრამ მანამდე (საბურთალოელთა აზრით) ხელით თამაშობს. თუმცა არბიტრი პენალტს არ ნიშნავს.
31' - მიქელთაძე საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერად დაარტყა - კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
34' - ლობჟანიძის პასი და პაპუნაშვილის "მაკრატელა", მაგრამ ბურთი სცდება მიზანს.
38' - ხარაიშვილმა ფიფიასთან გაითამაშა კომბინაცია და კარში ძლიერად დაარტყა. ბურთი მიზანს ასცდა. ძალიან ლამაზი შეტევა გამოვიდა.
47' - გოლი! თამაში განახლდა და კობოურის გადაცემით კარის წინ გახსნილმა არაბულმა ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 0:1!
51' - გოლი! ლობჟანიძემ კონტრშეტევა საკუთარი ნახევრიდან დაიწყო, გაექცა ტერას და 50-მეტრიანი რეიდი ეფექტური გოლით დაასრულა - 0:2!
53' - უსწრაფესი შეტევა. ჩაკვეტაძემ გადააწოდა პაპუნაშვილს, რომელმაც კარის წინ არაბული მოძებნა. ბურთი კარს ასცდა.
65' - საბურთალოელთა შეტევის დაგვირგვინება ხარაიშვილმა სცადა, მაგრამ ლიტოვჩენკოს ვერ აჯობა.
70' - გოლი! პაპუნაშვილმა საჯარიმოსთან ბურთი ისე მიიღო, დაამუშავა და დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა. გოლიც ულამაზესი გამოვიდა - 0:3.
73' - შინდაგორიძემ ორიოდე მეტრიდან თავურით ააცილა მიზანს.
75' - პაპუნაშვილი მცველს გასცდა და ახლოდან მძლავრად დასცხო. "საბურთალო" კუპატაძემ გადაარჩინა.
86' - ლიტოვჩენკომ ჯერ ბიძინაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი იმნაძეს არ გაატანინა.
90' - გოლი! საბურთალოელმა მცველმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და საჯარიმოში მყოფმა ნინუამ უძლიერესი დარტყმით "ცხრიანში" დააჭედა. კიდევ ერთი ულამაზესი გოლი - 0:4!
90+2' - გოლი! ჩაკვეტაძე-ნინუას შეტევა პაპუნაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა - 0:5!

ეროვნული ლიგა. XVII ტური
17.06. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
საბურთალო-დინამო (თბ) 0:5
გოლები: 0:1 არაბული (47. კობოურის პასით), 0:2 ლობჟანიძე (51), 0:3 პაპუნაშვილი (70), 0:4 ნინუა (90), 0:5 პაპუნაშვილი (90+2)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, სოფრომაძე - მამუჩაშვილი, არზიანი (39. ბიძინაშვილი) - ხარაიშვილი, ტერა (68. იმნაძე), ფიფია (54. კოხრეიძე) - შინდაგორიძე.
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, ცნობილაძე, გვარაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - სალუქვაძე, გველესიანი, ლოჩოშვილი (44. კობოური), თევზაძე (46. ჩაკვეტაძე) - ქარდავა, კუცია - მიქელთაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (84. ნ. ნინუა) - არაბული.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშჩენკო, ბ. დარცმელია, ბ. ქავთარაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ჩაბრაძე (20)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30
სამტრედია-დილა 18:30

21 ივნისი
შუქურა-საბურთალო 18:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00
დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებას არა ფლავს შეახვედრეთ ნებისმიერი ყაზახური ბელარუსის ან აზერერების გუნდი და ეს ნაქები დინამო მომენტალურად დაიშლება მარტივ მამრავლებად
dato
11:52 19-06-2017
0
ეს გუნდი არ უნდა დაიშალოს მინიმუმ 5 წელი და მიღწევენ დიდ წარმატებებს.
kika
10:26 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული