ლოკომოტივი-სამტრედია 0:1 - განახევრებული

AutoSharing Option
...29 აპრილს "ლოკომოტივმა" მართლაც ლამაზ სტილში რომ (5:0) დაამარცხა "ჩიხურა", აი, იმის შემდეგ ამ გუნდს საშინაო თამაშებში ქულაც ვეღარ აუღია: 4 მატჩი და 4 წაგება!

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზებიც აქვს: ფეხბურთელთა ტრავმების გამო "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს გვარიანი კორექტივების შეტანა უხდება ძირითად შემადგენლობაში და ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო, სადაც ნომინალურ მასპინძლებს თადარიგში სულ 17-18 წლის ბიჭები ჰყავდათ. ასეთი საკადრო პრობლემების გ
ამო "ლოკომოტივის" რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუისა თუ პოზიციის შეცვლაც მოუწია...

თუმცა არანაკლები პრობლემა ჰქონდა ამ მატჩის წინ მოქმედ ჩემპიონსაც: სათადარიგო მეკარე ნიკა დაუშვილისა და რუსი ლეგიონერის, კონსტანტინ ბელოვის გარდა, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განკარგულებაში მხოლოდ გამოუცდელი და სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ. თანაც, იმავე "ლოკომოტივისაგან" განსხვავებით, "სამტრედიას" ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და იმედია, ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ ეს პრობლემა როგორმე გადაიჭრება...

თუმცა სჯობს, კონკრეტულად ამ მატჩის მსვლელობას დავუბრუნდეთ და წინდაწინ ვთქვათ, რომ სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, სტუმრების გამარჯვება მაინც დამსახურებულად უნდა მივიჩნიოთ!

კი ბატონო, "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს აქტიურობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, მაგრამ რასაც რეალური საგოლე მომენტი ჰქვია, მასპინძლებმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ შექმნეს, როცა მეორე ტაიმის დასაწყისში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე ახლო მანძილიდან ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა ზუსტი პოზიცია აირჩია და ეს მეტად სახიფათო მომენტიც განმუხტა.

საგრძნობლად აქტიურობდნენ მასპინძელთა შემტევები - ვატო არველაძე და გეგი დიასამიძე. ორივე მათგანს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

"სამტრედია" კი ერთობ გონივრულ კომბინაციებს ახორციელებდა და უფრო მწვავე მომენტებიც სწორედ სტუმართა ფეხბურთელებს ჰქონდათ: "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძემ თავისი გუნდი, სულ მცირე, ორ ეპიზოდში გადაარჩინა, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური და სასარგებლო თამაშით გამორჩეულმა გიული მანჯგალაძემ კი მეორე ტაიმში ეფექტური გოლიც გაიტანა, მაგრამ ... თამაშგარე მდგომარეობიდან!

მატჩის დასაწყისში გატანილი გოლი კი საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო: გურამ სამუშიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმოსკენ დიაგონალურად დაიძრა და მარჯვენა ფეხით მეკარისაგან შორეულ კუთხეში ეფექტური და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა! იმ მომენტისთვის მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ანგარიში აღარ შეიცვლებოდა, მაგრამ...

ასე მოხდა და მასპინძლებს არც მატჩის ბოლოსკენ, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წასვლამ (დევდარიანმა მცველისა და "ჩამშლელების" ნაცვლად, მოედანზე შეტევითი სტილის ფეხბურთელები გამოიყვანა) უშველათ - "სამტრედიის" დაცვაც საიმედოდ თამაშობდა ნიკა სანდოხაძის "თამადობით" და ზემოთ ნახსენები მიგინეიშვილიც.

ასე და ამრიგად, ამ ახალ სტადიონზე პირველი გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა მოიპოვა, ხოლო გურამ სამუშიამ კი პირველი გოლი გაიტანა ამ ახალ არენაზე, რომელიც მართლაც ძალიან მაგარი კაცის, ქართული ფეხბურთის დიდი მოამაგის, 2015 წლის დეკემბერში ტრაგიკულად დაღუპული დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს...

მატჩის სტენოგრამა
5" - სამუშიამ მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, შემდეგ კი ზუსტად და ეფექტურად დაარტყა მეტოქის კარის შორეულ მაღალ კუთხეში - 0:1!
18" - "სტანდარტულს" ჩიტეიშვილი ასრულებს - მიგინეიშვილი ბურთს იოლად ეუფლება.
29" - სტუმართა რეალური მომენტი: ბერიაშვილის მშვენიერი პასის მერე სამუშია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თევდორაძემ საკუთარი გუნდი აშკარა ხიფათისაგან იხსნა.
50" - დიასამიძე 25 მეტრიდან ძალზე სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად ურტყამს.
51" - სტუმართა უმწვავესი კონტრშეტევა გიული მანჯგალაძის ეფექტური გოლით მთავრდება, მაგრამ არბიტრმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო სამართლიანად გააუქმა.
60" - გაბაძის ზუსტი პასის მერე ირაკლი სიხარულიძეს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ სტუმრები ომარ მიგინეიშვილის რეაქციამ გადაარჩინა.
62" - ჩიტეიშვილის თავური არაზუსტი გამოდგა.
66" - მეტოქის საჯარიმოში მყოფი სანდოხაძე ქუსლით აკეთებდა სახიფათო პასს პარტნიორის მისამართით, მაგრამ თევდორაძემ სიტუაცია დროულად განმუხტა.
67" - ვატო არველაძე საშუალო მანძილიდან ცდილობდა გოლის გატანას.
74" - არველაძე ერთი შეხებით, ეფექტურად ურტყამს, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად.
82" - დიასამიძე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ ურტყამს, მაგრამ მიგინეიშვილი ამჯერადაც უშეცდომოდ თამაშობს.
90+3" - სახიფათო "სტანდარტული" და არველაძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
90+4" - კუთხურის მერე არველაძე ბურთს მეტოქის კარისკენ გზავნის, მაგრამ სანდოხაძე ამ ბურთს ეღობება.

ეროვნული ლიგა. XVII ტური
16.06. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ლოკომოტივი-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 გ. სამუშია (5. ბერიაშვილის პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - გ. გაბაძე (81. ბუღრიძე), რეხვიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - მენთეშაშვილი (55. სამურკასოვი), ჭანტურია, ჩიტეიშვილი (70. კიკნაძე) - არველაძე, სიხარულიძე, გ. დიასამიძე
სათადარიგოები: ანდრონიკაშვილი, შეწირული, ვარძელაშვილი, ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, კასრაძე - დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე - დ. ჯიქია (87. ოლხოვი), მარკოზაშვილი (90. ბურკაძე), გ. სამუშია (66. ბელოვი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: ა. ნინუა, ხაბეიშვილი, დ. მანჯგალაძე, დაუშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30
სამტრედია-დილა 18:30

21 ივნისი
შუქურა-საბურთალო 18:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00
დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული