ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის, განცხადებას უპასუხა. საქმე ეხება თბილისური გრანდის მიერ საჩხერელთა შემტევის, გიორგი ივანიშვილის, თითქოსდა, არაკეთილსინდისიერი გზით გადაბირების მცდელობას...

- სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა

"ძალიან ნაწყენები და გაოცებულები დავრჩით იმ განცხადებით, რაც "ალტახთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა. თბილისის "დინამოსთვის" დაუშვებელია სხვა კლუბისთვის ფეხბურთელის წართმევა ან მისი სხვა, არასწორი მეთოდით გადაბირება...

რადგან ამის თქმის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, ვიტყვი. ჩვენი გუნდის არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობდა სხვადასხვა
დროს "ჩიხურაში" - დავით ოდიკაძე, გიორგი რეხვიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, დავით ვოლკოვი... მათ "დინამო" უხდიდა ხელფასს და თან სოლიდური წვლილი შეჰქონდათ საჩხერული გუნდის წარმატებაში. ანალოგიური მიდგომა აქვს "დინამოს" სხვა გუნდების მიმართაც...

რაც შეეხება კონკრეტულად ივანიშვილის საკითხს, იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ჩიხურა" რამდენიმე ფეხბურთელს უშვებდა გუნდიდან, აძლევდა მათ გათავისუფლების ფურცელს, მათ შორის - ივანიშვილსაც. არანაირი მოლაპარაკება არ გვიწარმოებია! ჩვენი პოზიცია იყო ასეთი: თუ ფეხბურთელი გახდებოდა თავისუფალი აგენტი, მაშინ ჩვენ მივესალმებოდით "დინამოში" მის მოსვლას.

არ ყოფილა გადმობირების არავითარი მცდელობა და ფეხბურთელისთვის არც კონკრეტული პირობები შეგვითავაზებია!..

ამის შემდეგ კლუბების პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. "ჩიხურას" პრეზიდენტმა აუხსნა ბატონ რომან ფიფიას, რომ მათ სჭირდებათ ივანიშვილი და მის გაშვებას არ აპირებენ. ამის შემდეგ "დინამოს" პრეზიდენტმა მთხოვა, დამერეკა ივანიშვილისთვის და განმემარტა, რომ ჩვენი საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ თავისუფალი აგენტი გახდებოდა...

ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან. თქვენ იცით, "დინამოში" თამაშობდნენ ბეგაშვილი, ჩადუნელი, მესხი, თავაძე... სხვებიც... მე პირადად ვუთხარი მათ, რომ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა, თუ ისინი ახალ კლუბებს მოძებნიდნენ, "დინამოსგან" კი დაუბრკოლებლად მიიღებდნენ გათავისუფლების ფურცელს...

ცნობილია, რომ ბეგაშვილი გადავიდა "დილაში". რა უნდა მექნა მე? - "დილა" რატომ არ დამელაპარაკა, არ გაგიშვებ გორში-მეთქი, ეს უნდა მეთქვა?! იგივე სიტუაცია იყო ივანიშვილთან დაკავშირებითაც. მან იცოდა, რომ გუნდიდან უშვებდნენ.

აგერ, ფრუიძე ყველგან ამბობს - ივანიშვილი საჩხერეში დაბრუნდაო. გამოდის, რომ წასული იყო გუნდიდან. აბა, როგორღა დაბრუნდა, თუ წასული არ იყო? საერთოდ, რას ნიშნავს სიტყვა "დაბრუნება"? თუ არსად წასულა ადამიანი, საიდან უნდა დაბრუნდეს?!

ფრუიძემ ისიც თქვა - ივანიშვილს უჭირს საჩხერეში გაჩერება, შვეიცარიაშია გაზრდილი, თბილისელია, თან შვილი ეყოლა და ღამეები არ სძინავსო. შვილის შეძენა ძალიან ემოციური მომენტია და ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს შეიძლება მართლა არ დაგეძინოს. მეც ასე ვიყავი და სხვებისგანაც გამიგია...

არც საჩხერეში არსებული ვითარება, არც ის, რომ ივანიშვილი შვეიცარიაში გაიზარდა და არც ის, რომ მას შვილი შეეძინა, "დინამოს" ბრალი არ არის. თავად ფეხბურთელისგან ვიცოდით, რომ ის აპირებდა გუნდიდან წასვლას.

ლაპარაკი იმაზე, თითქოს მავანმა ივანიშვილს შესთავაზა 7 ათასი ლარით მეტი ხელფასი, ვიდრე ამჟამად აქვს, ასევე სასაცილო და აბსურდულია, რადგან ამხელა ხელფასი "დინამოში" საერთოდ არ არის", - გვითხრა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაღაც იდიოტობებზე კამათს, ურჩევნიათ შედეგებს მიხედონ. თავს რომ ვირცხვენთ ყოველ ზაფხულს ევროთასებზე...
Lasha
03 ივლისი 2017 15:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული