"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მესამე წრისთვის საგურამოს ბაზაზე ემზადება.

"რკინიგზელებმა" ამხანაგური მატჩი გამართეს ბოლნისის "სიონთან" და 1:2 დამარცხდნენ. მე-40 წუთზე ქვემოქართლური გუნდი მცველმა ზურაბ თევზაძემ დააწინაურა. 53-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით, წონასწორობა ლოკომოტიველმა გეგა დიასამიძემ აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი 67-ე წუთზე, გიორგი პაპუაშვილმა დააფიქსირა.

ლოკომოტივი: თევდორაძე (46. ბ. ქურდაძე), უბილავა, რეხვიაშვილი (46. ანდრონიკაშვილი), ჭანტურია, ლ. ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ბურანოვი (71. შეწირული), დიასამიძე, ბუღრიძე (71. გაბრიჩიძე), გოროზია (46. კიკაბიძე), წულეისკირი.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. სხვადასხვა მიზეზით "ლოკომოტივს" აკლდნენ გიორგი ხიდეშელი, თეიმურაზ
ღონღაძე, გიორგი გაბაძე, გიორგი კიკნაძე, რატი არდაზიშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, მამია გავაშელიშვილი
და ირაკლი სიხარულიძე.

დავით სამურკასოვი და ვატო არველაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ხოლო ირაკლი კომახიძე და ნოდარ ქავთარაძე გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ.

4-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გუნდს ლუკა კიკაბიძეც დაუბრუნდა და "სიონთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშა კიდეც.

ბოლნისელებთან სპარინგში "ლოკომოტივის" ფორმით ახალწვეულებმაც ითამაშეს - გიორგი გოროზიამ და ლევან ქურდაძემ. კლუბი მათ ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გოროზია "ლოკომოტივში" 2011-14 წლებში თამაშობდა. ამის მერე მან ნორვეგიული "სტაბეკი" (2014-16) და აზერბაიჯანული "ზირა" მოიარა. ქურდაძე კი "გაგრას" კაპიტანი გახლდათ.

ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ თბილისურ კლუბში ვარჯიშობს ლაშა გვალიაც, რომელიც ფოთის "კოლხეთის" შემდეგ გორის "დილას" ლიდერი იყო და ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც ითვლებოდა, მაგრამ ეკატერინბურგის "ურალში" გადასულს რუსეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს, მთელი წელი გაუცდა და მას შემდეგ ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.

ბოლოს გვალია ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ "ცხინვალში" გამოდიოდა. წესით, 25 წლის ფეხბურთელისთვის ხაზის გადასმა სწორი არ უნდა იყოს - დევდარიანი კი ლაშას იმ "დილადან" იცნობს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა. თუმცა, ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

რაც შეეხება დანაკლისს, გუნდი დატოვა გულვერდ თომაშვილმა, რომელიც კარიერას ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ ტყიბულის "მეშახტეში" გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული