ჩიხურა-დილა 4:2 - რეაბილიტაცია

AutoSharing Option
გასაგები მიზეზების გამო დამწუხრებულმა, ნაწყენმა, მაგრამ საყვარელ გუნდზე გულარგატეხილმა მაყურებელმა კარგად ისეირა და 6 დიდებული გოლიც იხილა.

"ჩიხურამ" კი ნამდვილად დაიმსახურა ერთგვარი რეაბილიტაცია, რისთვისაც, როგორც "კარდიოგრამიდან" ჩანს, თავიდანვე შეტევაზე გააკეთა აქცენტი.

შეტევას შეტევა მოსდევდა, მომენტს - მომენტი, თუმცა გოლი კარგა ხანს არ ჩანდა. ეს იმიტომ, რომ საჩხერლებს უჭირდათ საბოლოო დარტყმაზე პასუხისმგებლობის აღება და ერთმანეთის ცქერაში დრო გადიოდა...

ნავსი 32-ე წუთზე გატყდა, როცა კაკუბავას მცველები საპენალტედ ეუხეშნენ. სარდალიშვილს კინაღამ აჯობა მეკარემ, მაგრამ შანსი მაინც გამოიყენა.

შვიდ წუთში მაყურებელმა მეორე, ძალიან ლამაზი
გოლი იხილა. ამ გოლში ფონიავასა და მირცხულავას წილი 50/50-ზეა.

თვალსასეირო იყო მოწინააღმდეგის მიერ პირველი გაქვითული გოლიც - ჯარიმას მცველის შეუჩერებელი დარტყმა მოჰყვა, დარტყმას - ჰამზიჩის ზღაპრული ნახტომი, ვერშემაგრებულ ბურთს კი - გოლი!

საჩხერელთა პასუხი მყისიერი იყო: კაკუბავას საოცარი სიზუსტის პასი, სარდალიშვილის ერთგვარი რეიდი, გაბითურებული მცველი, შორეული კუთხიდან დარტყმა და ძელის გავლით გატანილი გოლი!

ასე დასრულდა პირველი ტაიმი, თუმცა შეიძლებოდა ანგარიში უფრო სოლიდური ყოფილიყო საჩხერელთა სასარგებლოდ.

მეორე ნახევარში მოსალოდნელი იყო, გორელებს მეტი დრო მოენდომებინათ შეტევებისთვის, მაგრამ სურათი ოდნავადაც არ შეცვლილა. სტუმრებმა ვერ დაიბრუნეს (თითქმის არ ჰქონიათ მცდელობაც) "დაკარგული" ცენტრი, ფლანგებიდან იშვიათი, უხერხული შეტევები კი წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა.

ასე სასეირო, ძალდაუტანებელი, ლაღი გარჯით მასპინძელმა კიდევ ერთხელ დააწყებინა სტუმრებს თამაში ცენტრიდან, რასაც გორელებმა ამდენჯერვე უპასუხეს.

დაბოლოს - დიდი უკმარისობის გრძნობა დაგვრჩება ჩვენც და მაყურებელსაც, თუ საგანგებოდ არ აღვნიშნავთ სარდალიშვილის ჰეთ-თრიკს და ივანიშვილის ბრწყინვალე თამაშს

მატჩის სტენოგრამა
5" - ივანიშვილის მწვავე, გამჭოლი ჩაწოდება საჯარიმო მოედანში. აბუბაქარი თავგანწირული ჩაწოლით ბურთს კუთხურზე იგერიებს.
10" - ფონიავას შორეული, უძლიერესი დარტყმა ოდნავ სცდება კარს.
11" - ტატანაშვილი-დეკანოიძე-სარდალიშვილის "სამკუთხედი". "ჩიხურას" "ათიანის" დარტყმა სუსტია.
13" - სარდალიშვილი კვლავ საგოლე პოზიციაშია. დარტყმა ამჯერად ძლიერია, მაგრამ ოდნავ არაზუსტი.
25" - კაკუბავამ დაარტყა შორიდან ძლიერად და ბურთმა სანტიმეტრებში გადაუფრინა ხარიხას.
32" - გოლი! საჯარიმოში შექმნილ არეულობას მცველის უხეში თამაში მოჰყვა კაკუბავას მიმართ. სარდალიშვილის დარტყმული პენალტი თითქმის აიღო მუჯრიშვილმა, თუმცა ბურთმა მაინც გადაკვეთა კარის ხაზი.
37" - ჯარიმიდან ძლიერად და ზუსტად ურტყამს პედრინიო. ჰამზიჩი მშვიდი და დამაჯერებელია.
39" - გოლი! ბარაქალა ფონიავას და მირცხულავას! პირველის უზუსტეს ნაკუთხურალს დროულად და შედეგიანად დაუხვედრა თავი მეორემ.
43" - გოლი! პედრინიომ ოსტატურად ჩააწოდა ჯარიმა. კვახაძემ შეუჩერებლად დაარტყა ძალიან ახლოდან ყუმბარისებურად. ჰამზიჩმა მაინც მოახერხა სასწაულებრივი რეაგირება, თუმცა მოგერიებულს იქვე დაამატა მოდებაძემ.
45" - გოლი-მშვენება! კაკუბავამ მახვილგონივრულად უპასა სარდალიშვილს, რომელმაც მცველი მოატყუა და კუთხიდან დაარტყა. ბურთმა შტანგას გაუხახუნა და კარში შევარდა.
50" - დეკანოიძემ დროულად შენიშნა კარიდან წინ გამოსული მეკარე, სცადა კიდეც თავზე ბურთის გადაგდება, მაგრამ ტექნიკამ უმტყუნა.
58" - განუგრავას შორეულმა, ოდნავ აცილებულმა გასროლამ მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა.
61" - ისევ განუგრავას შორეული, უძლიერესი დარტყმა და ისევ მცირე უიღბლობა.
70" - მორიგი გოლი-მშვენება! ფონიავამ კუთხიდან დიდოსტატურად ჩააგდო ბურთი საჯარიმოში ტატანაშვილის მისამართით. ამ უკანასკნელმა ასევე დიდოსტატურად გაატარა ბურთი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სარდალიშვილისკენ, რომელმაც დაუყოვნებლივ გაუშვა "ცხრიანში"!
88" - გოლი! საჯარიმოში შექმნილი ხიფათით კარგად სარგებლობს ტარავალიე, რომლის დარტყმა აუღებელთა კატეგორიისაა.

ეროვნული ლიგა. XIX ტური

23.07. ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დილა 4:2
გოლბეი: 1:0 სარდალიშვილი (32-პენ), 2:0 მირცხულავა (39), 2:1 მოდებაძე (43), 3:1 სარდალიშვილი (45. კაკუბავას პასით), 4:1 სარდალიშვილი (70. ფონიავას პასით), 4:2 ტარავალიე (88)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, მირცხულავა, კაშია, ჩიკვაიძე, ფონიავა (86. გორგიაშვილი), განუგრავა (79. დობროვოლსკი), ივანიშვილი, დეკანოიძე (68. ტატანაშვილი), სარდალიშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, მესხი, გაბედავა, კვერნაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა: მუჯრიშვილი, გაგოშიძე, აბუბაქარი, კვახაძე, სოფრომაძე, ძარია, პედრინიო (58. ჭეჭელაშვილი), კირკიტაძე, ნონიკაშვილი (90. ნუბიო), ტარავალიე, მოდებაძე (76. აშორტია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქარქუზაშვილი, კუსიანი, კერელეიშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: კაშია (42), ჭეჭელაშვილი (81)
არბიტრი: ლ. სილაგავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გორის დილას დაღუპავს დარასელია.როგორც ზუგდიდი დაღუპა
გოგატასელია
18:12 24-07-2017
0
ვაი საით მივექანებით
reabilitacia ara ubralod gacvlili tamashi iyo
15:16 24-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული