კოლხეთი-გაგრა 2:3
0:1 შარიქაძე (22), 0:2 შარიქაძე (45+1), 1:2 ციცხვაია (67), 2:2 ყურულაშვილი (საკ. კარში, 76), 2:3 ნაკონეჩნი (87. გაბედავას პასით)
კოლხეთი გაგრა
4-1-4-1 4-3-2-1
ნადირაშვილი ბეგაშვილი
კილასონია ხუციძე
ცხვიტარია კალანდაძე
ლომაშვილი ტყეშელაშვილი
ლემონჯავა ჯგერენაია
ქებაძე გაბედავა
პ. დათუნაიშვილი ნაკონეჩნი
გვალია ყურულაშვილი
ცხადაია შარიქაძე
მდივნიშვილი ჯიშკარიანი
ციცხვაია ჯერემია
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე ზ. ჯელაძე
კოლხეთი
46. ლემონჯავა-მეგრელიშვილი
58. გვალია-შავგულიძე
68. კილასონია-წიქარიშვილი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თედიაშვილი, გელაჭეიშვილი, გულუა
გაგრა
68. ჯერემია-კვანტალიანი
75. შარიქაძე-ჩხეტიანი
90+2. ნაკონეჩნი-ზვიადაძე
სათადარიგოები: მაღრაძე, სიჭინავა, ხოჯაშვილი, ჭკუასელი
გაფრთხილება: ჯერემია (57), ჯგერენაია (62), ჩხეტიანი (85)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
თავიდან უპირატესობას კოლხები ფლობდნენ, ისინი დიდ დროს ატარებდნენ შეტევებში, თუმცა ტაიმის ნახევარი ისე მიიწურა, ხეირიანი ხიფათი არ შეუქმნიათ.
სამაგიეროდ, ლამის პირველივე მომენტი გამოიყენეს სტუმრებმა - ლევან შარიქაძემ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მატჩის უდავოდ გამორჩეული მობურთალი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა - 0:1.
ამის შემდეგ "მასპინძლებს" შეტევა უნდა გაეძლიერებინათ და ასეც მოხდა, თუმცა გაგრელთა კონტრშეტევები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ფოთელებს აშკარად აკლდათ დაცვის ლიდერი ლექსო ინწკირველი.
გაშვებული გოლიდან 2 წუთში "კოლხეთი" მეორე გოლს გადაურჩა, მალე კი ამავესგან გუნდი მეკარემ იხსნა.
თუმცა სტუმრებმა ორბურთიანი ფორის მოპოვება პირველივე ტაიმში მოახერხეს - დამატებულ წამებზე ერთ-ერთი კონტრშეტევისას ბოლომდე იბრძოლა შარიქაძემ - მან კოლხთა უკანახაზელ გიორგი ლემონჯავას შეცდომა დააშვებინა, ბურთის მოგერიების ნაცვლად მცველმა მისი შენარჩუნება სცადა, ტალახმა ამაში ხელი შეუშალა და... შარიქაძე ნადირაშვილს ჯერემიასთან ერთად პირისპირ შეეყარა და გატანა არ გასჭირვებია - 2:0.
მატჩის ბედი თითქოს აქ გადაწყდა, მაგრამ კოლხები რომ ამას იოლად არ შეჰგუებიან, თამაშმაც გამოაჩინა. ისინი ბევრს ცდილობდნენ, თუმცა იმ წუთებში არაფერი გამოსდიოდათ. ამასთან, მწვავე იყო გაგრელთა კონტრშეტევები, შარიქაძე და ჯერემია წინ ბურთს კარგად იჭერდნენ და კოლხ მცველებს პრობლემებს უქმნიდნენ.
76-ე წუთზე მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა - მას შემდეგ, რაც დათუნაიშვილმა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:2. მანამდე კი ლევან შავგულიძის ჩაწოდებული უხეიროდ მოიგერიეს მცველებმა და დავით ციცხვაიას გოლმა კოლხებს სტიმული მისცა.
ბოლო 15 წუთი დრამატული გამოდგა. "კოლხები" უტევდნენ, თუმცა მათაც და "გაგრასაც" კონტრშეტევაში ხელს მინდვრის საფარი უშლიდათ. "მასპინძლებს" თითქოს ჰქონდათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, მაგრამ ფრეზე ყაბულს არც "გაგრა" ჩანდა. საბოლოოდ კი იღბალი სწორედ სტუმარს აღმოაჩნდა - კოლხთა მეკარემ ბოლო წუთებში სტუმართა ლამის ერთადერთი ხიფათი ბურთის კუთხურზე გადაგდებით განმუხტა, მაგრამ იქიდან მოწოდებულს ნაკონეჩნიმ კარგად შეურჩია ადგილი და თავურით თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ბოლოს კი იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც შესვენებისას მოხდა და რასაც ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა - "გაგრას" სათადარიგო ფეხბურთელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის პირას მოშარდეს, ანუ გააკეთეს ის, რაც წლების წინ ეროვნულ სტადიონზე ფარერელებმა ჩაიდინეს. თუ მაშინ უცხოელებმა შეუარაცხჰყვეს ჩვენი მთავარი არენა, ამჯერად ქართველებმა წაბილწეს სტადიონი და შეურაცხყოფა მიაყენეს თამაშზე მოსულ ქომაგს!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"