დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!

AutoSharing Option
დიდი შოკია - ასე ანონსირებული და გამოცხადებული პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა! ეს ამბავი როდესაც გვითხრეს, გადამოწმება ვცადეთ, რადგან ძნელი დასაჯერებელი იყო.

ამ საკითხის გადასაწყვეტად კლუბების წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფში ოთხჯერ შეიკრიბნენ და ოთხივეჯერ მხოლოდ და მხოლოდ პროფლიგის აღდგენის პროექტებზე ილაპარაკეს.

14 ივნისს თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ 18 ივნისს დამფუძნებელი ყრილობა გაიმართებოდა, ლიგა ოფიციალურად აღდგებოდა, ლიგის გამგეობა უმაღლესი ლიგის 12-ივე კლუბის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდებოდა, შეიმუშავებდნენ დებულებას, ორგანიზაციის სტრუქტურას, გაწევრიანების პრინციპებს, ხოლო ერთ კვირაში პროფლიგის პრეზიდენტის
არჩევნებიც დაინიშნებოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატურებიც დასახელდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა და წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი.

მაგრამ სიტყვა არ დაძრულა იმ დაბრკოლებაზე, რამაც საბოლოოდ ლიგის იდეის განხორციელებას ხელი შეუშალა.

რა მოხდა, ჩვენთვის გაუგებარია. კლუბების წარმომადგენლები კი, რატომღაც, ამაზე ლაპარაკს ჯერჯერობით ერიდებიან.

მაგალითად, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას კომენტარის ჩაწერა გვსურდა, მაგრამ "დინამოს" პიარ-მენეჯერის, ლაშა დვალიშვილის თქმით, ფიფია კომენტარს კვირის ბოლოს გააკეთებს.

რეალურად სწორედ ფიფია არის ლიგის იდეის სულისჩამდგმელი. სხვათა შორის, მის მიერ წამოყენებულ ამ ჩანაფიქრს ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ყრილობაზე ცხარე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ ეს ყურადღების მიღმა დარჩა - დარბაზი მედიისთვის დახურული იყო.

ეტყობა, წინასწარ იცოდნენ, რაც იყო მოსალოდნელი, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ყრილობა დაძაბულ და კონფლიქტურ ვითარებაში წარიმართა. გაბრაზებული დელეგატები სიგარეტის მოსაწევად დარბაზიდან უჩვეული სიხშირით გამოდიოდნენ. ფიფიას იდეას გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც აღელვებული ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ვნებები დარბაზში დარჩა და პროფლიგის აღდგენაზე მაინც შეთანხმდნენ.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ გუნდების ბოლო შეხვედრაზე პროფლიგის აღდგენის წინააღმდეგ არავინ წასულა, მაგრამ მაინც ყველა გაჩერდა და შეთანხმდნენ, რომ ლიგის ნაცვლად, 2012/13 წლების ჩემპიონატს ისევ ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს.

ის მაინც არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ პროფლიგის ნაცვლად კლუბების პრეზიდენტების საბჭო ჩამოყალიბდება და ამ ორგანოს სარეკომენდაციო უფლება ექნება, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები მოხდება უმაღლესი ლიგის სტრუქტურაში: ამიერიდან მას ლიგის დირექტორი უხელმძღვანელებს, რომელსაც ძალიან დიდი უფლებები მიენიჭება, რადგან უშუალოდ უთავკაცებს სამსაჯო და საშეჯიბრო განყოფილებებს, ურთიერთობა ექნება პრეზიდენტთა საბჭოსთან. ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე ფეხბურთის ფედერაცია ლიგის დირექტორს ვერ დანიშნავს. ანუ, გაეროს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს იქნება ერთგვარი უშიშროების საბჭო, რომელსაც ვეტოს უფლება ექნება.

კლუბებისთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობისგან მორიგი მხარდაჭერა მიიღო და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში უმაღლესი ლიგისა და თასის საპრიზო ფონდი მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაცია მასშტაბურ სატელევიზიო პროექტს ამზადებს. ჩანაფიქრის მიხედვით, პროექტის განხორციელებაში ყველა ნაციონალური მაუწყებელი უნდა ჩაერთოს და ფართოდ გაშუქდეს ეროვნული ფეხბურთი, მატჩის წინა და შემდგომი მოვლენები.

შესაძლოა, პროფლიგა იმიტომ არ ჩამოყალიბდა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას კლუბები დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდნენ. ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა გვითხრა კიდეც, შესაძლოა, ლიგის აღდგენა ნაჩქარევი იყო, სისწრაფეს დინჯი გათვლა და დაფიქრება ვამჯობინეთ და მივხვდით, ამხელა საპრიზო ფონდს სახელმწიფო რომ გვთავაზობს, მასზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნებოდაო.

არც იმაშია რაიმე ცუდი, ჩემპიონატს ფედერაცია რომ ჩაატარებს, მაგრამ ეს ამხელა აჟიოტაჟი რატომ ატეხეს, თუ მის მასშტაბებს ვერ გაწვდებოდნენ?!

პროფლიგის ნაცვლად - პრეზიდენტთა საბჭო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰა კიდევ ერთი სისულელე...
vaska
13:35 21-06-2012
0

სიახლეები პოპულარული