მატჩი ორივე გუნდისთვის მხოლოდ დერბის სტატუსის გამო კი არა, სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია - გამარჯვებით დაწყებული ჩემპიონატი "ტორპედომაც" და "ზესტაფონმაც" მარცხით გააგრძელეს და ვისაც 26 აგვისტოს ფეხი დაუცდება, საქმეს საგრძნობლად გაირთულებს.
გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში მომავალ დაპირისპირებაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, სეზონის სტარტსა და თბილსის "დინამოში" ჯაბა დვალის დებიუტზე ისაუბრა.
- ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებას აუცილებლად ვეცდებით. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და ჩვენი დერბი ყოველთვის რთული სათამაშოა.
- როგორი კმაყოფილი ხართ სეზონის სტარტით?
- სეზონის სტარტი ყოველთვის რთულია. კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან რუსთავის "მეტალურგთან" შინ დავკარგეთ ქულები. თან "მეტალურგი" ისეთი მეტოქეა, რომელთანაც საკუთარ კედლებში წაგება არ შეიძლება, იგივე წინა მატჩებიდან გამომდინარე.
ელემენტარულად არ ვარ კმაყოფილი, რომ სეზონის სტარტს ისე შევხდით, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ. გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობას ფეხბურთელებთან, შემადგნელობასთან და ახალწვეულებთან დაკავშირებით.
გუნდში ახალი ფეხბურთელები ისინჯებიან, ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ. ეს პროცესები სეზონის სტარტზე რომ მიმდინარეობს ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ გუნდში წასულ ფეხბურთელებს შევსება სჭირდება.
თუმცა იმ გუნდით, რომელიც გვყავს, დარწმუნებული ვარ დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება და ყოველთვის ვიბრძოლებთ მაღალი მიზნებისთვის, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ცოტა დრო გვჭირდება.
- "ზესტაფონში" ისინჯება რუსი ფორვარდი დმიტრი ვასილიევი. აპიებთ თუ არა მის დატოვებას?
- ბოლომდე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, რადგან გუნდთან ერთად ძალიან მცირე დრო გაატარა.
თავიდანვე მიკროტრავმა ჰქონდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამ ეტაპზე მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს.
- ჯაბა დვალის არ ყოფნაში უფრო მეტი სათამაშო დრო აბაიომი ოვონიკოკოს მიეცემა...
- ამჟამად გუნდში სამი თავდამსხმელი გვყავს, რომლებიც პირველი გუნდის ფორვარდებად მოიაზრებიან, ესენი არიან: აბაიომი ოვონიკოკო, ოთარ კვერნაძე და დავით მუჯირი.
ამ სამიდან, რომელიც ურო კარგ ფორმაში იქნება და სათამაშო სქემას მოერგება, ის გამოვა მოედანზე.
- როგორ შეაფასებდით ჯაბა დვალის დებიუტს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში?
- ძალიან კარგი დებიუტია. პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა და გოლი გაიტანა. მატჩის ყურებისასა მეგონა, დვალი ისევ ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ჯაბა თბილისის "დინამოში" ირიცხება.
რაც არ უნდა იყოს, ჯაბა ძალიან ძლიერი და მაღალი დონის ფეხბურთელია, რასაც ის ყოველ მატჩში ამტკიცებს. მისი ყოფნა გუნდში ნებისმიერი კლუბისთვის დიდი ძალაა. ვულოცავ წარმატებულ დებიუტს.
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგა. III ტურის წინათქმა