ილია კოკაია: სეზონის დასრულებამდე მწვრთნელების შეცვლას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
7 დეკემბერს სფფ-ის ოფისში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა ე.წ. 12-თა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ "დინამო" თბილისის, "ვიტ ჯორჯიას", "ზესტაფონის", მარტვილის "მერანის", ქუთაისის "ტორპედოს", "სიონის", "ჩიხურას" და ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელები.

თუმცა ცუდი ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და 12-ივე კლუბის შეკრება კვლავ არ მოხერხდა. ამჯერად რუსთავის "მეტალურგის", "დინამო" ბათუმისა და გორის "დილას" წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.

სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს კლუბების ინიციატივა, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს საფეხბურთო სეზონის განმავლობაში სამი ლეგიონერის დამატება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლოთ.

საბჭოს
წევრებმა ამ საკითხს მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. საკითხი დასამტკიცებლად სფფ-ის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე გავა და სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, დამტკიცების შემდეგ ეს ცვლილება ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევა.

თუმცა ცვლილება არ შეეხება არც პირველ და არც დანარჩენ სხვა ლიგებს და იქ მოთამაშე ლეგიონერებზე გათვალისწინებული გადასახადის გადახდა კლუბებს კვლავ მოუწევთ.

შემდეგი საკითხი საფეხბურთო კლუბ ბოლნისის "სიონის" საშინაო არენას შეეხებოდა. სფფ-ის კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ყველა ტურის წინ ამოწმებს მინდვრებს, ვინაიდან "თამაზ სტეფანიას" საფარი ამ ეტაპზე არანაირ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, სეზონის დასრულებამდე, "სიონს" დარჩენილი საშინაო მატჩების ბოლნისში გამართვა აეკრძალა.

სანაცვლოდ, სფფ-ის შეთავაზებით, ბოლნური კლუბი "დინამო" თბილისთან (8 დეკემბერს) და "მეტალურგთან" (16 დეკემბერს) შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე - "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს.

დღევანდელ შეხვედრაზე უკვე საბოლოო კენჭისყრით გადაწყდა, რომ მომავალ წელს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 23 მაისს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ყველაზე სერიოზული საკითხი კი ბოლო დღეებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ფოთის "კოლხეთში" განვითარებული მოვლენები იყო.

კლუბების ხელმძღვანელობების მიერ დაწესებულ შიდა სანქციებს ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა და როგორც ცნობილია, მოთამაშეები გაფიცვას აპირებენ.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტსა და 12-თა საბჭოს ეროვნული ჩემპიონატის 8 დეკემბერს დანიშნული, მე-19 ტურის მატჩის (ჩიხურა - ზესტაფონი) გადადება სთხოვა, რომ შექმნილ ვითარებაში კლუბი კარგად გაერკვიოს და სიტუაცია დალაგდეს.

"ზესტაფონის" პრეზიდენტის თხოვნას გაგებით შეხვდა "ჩიხურაც" და ყველა სხვა კლუბიც. ასე რომ, 8 დეკემბერს მატჩი გადადებულია და ზესტაფონელები საჩხერეში სარეზერვო დღეს - 19 დეკემბერს ითამაშებენ.

რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელთა სპორტული მენეჯერის განცხადებით, მათი და "დინამო" ბათუმის მატჩის გადადების აუცილებლობა არ არსებობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

ილია კოკაია ("ზესტაფონის" პრეზიდენტი): "კლუბის შიდა სამზარეულოში ეს ჩვეულებრივი პროცესია - გუნდი დაჯარიმდა გარკვეული მიზეზების გამო. ფეხბურთელების პროტესტი 7 დეკემბერს დაიწყო; 8 დეკემბერს კი უკვე თამაშია და ამიტომ ვთხოვე 12-თა საბჭოს, რომ რამდენიმე დღე მოეცათ სიტუაციაში გასარკვევად და ვითარების დასალაგებლად.

საბჭო გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და შესაბამისად, ხვალინდელი მატჩი გადაიდო. ამ თამაშს ჩვენ სარეზერვო დღეს ვითამაშებთ.

მოგეხსენებათ, ბოლო რვა წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" გამოირჩევა თავისი მყარი ფინანსური მდგომარეობით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელფასო თუ სხვა დავალიანება
; პრემიალურ თანხებსაც ყოველთვის გავცემთ.

თუმცა, ამასთან, ყოფილა შემთხვევები, როცა სადამსჯელო სანქციებიც გაგვიტარებია და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ასეთი მძაფრი რეაქცია არასდროს ყოფილა.

ამასთან, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სეზონის დამთავრებამდე სულ რამდენიმე ტურიღაა დარჩენილი და ამ თამაშებზე მწვრთნელების შეცვლას ჩვენი კლუბი არ აპირებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვენი ოჯახის შიდა საქმეა... შექმნილი სიტუაცია არავის ბრალი არაა - არც ფედერაციის და არც სხვა ვინმესი.

რამდენიმე დღე გვჭირდება ვითარებაში კარგად გასარკვევად. თუ ჩვენ ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს ვურღვევთ, მაშინ მათ ჯერ ფედერაციას უნდა მიმართონ და შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, კიდევ უფრო ზემდგომ, შესაბამის ორგანოებს.

ეს თემა უნდა დალაგდეს, რომ მსგავსი პრეცედენტი სხვა კლუბებშიც არ დაფიქსირდეს და სამომავლოდაც ავიცილოთ თავიდან."


ბესო დანელია ("ჩიხურას" ვიცე-პრეზიდენტი): "12-თა საბჭომ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მატჩის გადადებასთან დაკავშირებით და "ჩიხურაც", რა თქმა უნდა, გაგებით მოეკიდა ბატონი ილიას თხოვნას.

ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ ეს თამაში ნაცვლად ხვალინდელი დღისა, გაიმართოს სარეზერვო დღეს - 19 დეკემბერს."


gff.ge


ასევე იხილეთ:
სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული