ზეს­ტა­ფო­ნი VS ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - ზესტაფონური აურზაური გრძელდება

AutoSharing Option
11 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება: საჩხერის "ჩიხურა" "ზესტაფონს" უმასპინძლებს.

"ზესტაფონს" გიორგი მიქაძე უმწვრთნელებს, ვინც მანამდე "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელი იყო.

რადგან "ზესტაფონის" პირველი გუნდის უმეტესი ფეხბურთელები ჯერაც გაფიცულები არიან, მიქაძე, სავარაუდოდ, დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს ათამაშებს "ჩიხურასთან" და კიდევ კლუბის ლეგიონერებს - გაფიცულთა შორის არ არიან გერმანელი ნახევარმცველი პატრიკ მილხრაუმი, სერბი შუახაზელი იგორ იელიჩი და კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა.

და რა სტადიაშია დავა კლუბის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ ფეხბურთელთა შორის?

10 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წერილი მივიდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისგან".
წერილს კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია აწერს ხელს, ადრესატი კი ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა გახლავთ.

ფეხბურთის ფედერაციაში ისიც გვითხრეს, რომ ეს წერილი განსახილველად გადაეცა ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტს, რომელსაც რევაზ შენგელია ხელმძღვანელობს. იმავე დღეს გაიმართა ამ კომიტეტის სხდომა და რადგან "ზესტაფონის" სარჩელი არ წარმოადგენს სატრანსფერო დავას, გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხერხდა.

სახელდობრ, "ზესტაფონი" მოითხოვს, რომ მის ოთხ ფეხბურთელს მიეცეს დისკვალიფიკაცია: ზურაბ მენთეშაშვილს, ზურაბ მამალაძეს, ზაალ ელიავასა და თორნიკე აფციაურს.

ფედერაციაში ისიც განგვიმარტეს, რომ თუ კლუბის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ფეხბურთელებს, ფიფას წესდებით, ოთხიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

ამ ყველაფრიდან შეგვიძლია იმის ვარაუდი, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა გაფიცვის ინიციატორებად ამ ოთხ ფეხბურთელს მიიჩნევს.

ამბავი ამით არ მთავრდება. ფედერაციაში მივიდა "ზესტაფონის" იმ 19 ფეხბურთელის საჩივარიც, რომლებიც გაფიცულები არიან.

ცხადია, დავინტერესდით, თუ რა წერია ამ წერილში, მაგრამ ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ გვითხრა, რომ რადგან დავა ჯერაც არ დასრულებულა, ფედერაცია ამ დოკუმენტის პრესისთვის გადაცემაზე თავს იკავებს.

ვინ უნდა განიხილოს "ზესტაფონის" თუ მისი ფეხბურთელების საჩივარი? ამაზე ჩხიკვაძემ მოგვახსენა, რომ დავას ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება არბიტრაჟში იქნება შესაძლებელი.

და კიდევ: გაჩნდა იმის შესაძლებლობაც, რომ კლუბმა და ფეხბურთელებმა მოილაპარაკონ და დავის ოფიციალურ-იურიდიული განხილვა აღარ მოხდეს.

ერთი სიტყვით, კონფლიქტი გადაჭრის სტადიაში შედის. მანამდე კი "ზესტაფონი" 11 დეკემბერს მეტად მნიშვნელოვან მატჩს ითამაშებს, ზედა ექვსეულში დამკვიდრება ფეროელებისთვის ჯერაც სათუოა და ვნახოთ, რას წამოიღებს "ჩიხურასგან" გადახალისებული "ზესტაფონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?
ილია კოკაია: სეზონის დასრულებამდე მწვრთნელების შეცვლას არ ვაპირებთ
სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?
დავით მუჯირი: მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთულია
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
სფფ რაებს წერს, თითქოს ბატონი ილია იყვეს მტყუანი და დამნაშავე! ეეჰ სანამ დომენტის ადგილზე ბატონი ილია არ მოვა, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველებააა!
0

სიახლეები პოპულარული