მეგრული კლუბისგან ფავორიტების გამწარებასა და საკმაოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას დიდი ხანია, ჩვეულნი ვართ, თუმცა წლევანდელი შედეგი მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია - ელგუჯა ქომეთიანისა და ოთარ გაბელიას მიერ მომზადებულ გუნდს დღეისთვის 35 ქულა აქვს და საჩხერის "ჩიხურასთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ზუგდიდს" საუკეთესო ექვსეულში ადგილი, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს და არც ის არის გამორიცხული, ევროთასების საგზურზე განაცხადოს პრეტენზია.
"ლელოს" რესპონდენტი გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანია, რომელსაც თავდაპირველად ბოლო ორ მატჩზე ვკითხეთ, სადაც მისმა გუნდმა
- "სიონს" დამაჯერებლად ვძლიეთ და ჩვენი გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. რაც შეეხება "მერანთან" გამართულ შეხვედრას, მეგრულმა დერბიმ გულშემატკივართა მოლოდინი აბსოლუტურად გაამართლა და მაყურებელმა უშეღავათო და ძალიან დრამატული სანახაობა იხილა.
გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, საბოლოოდ კი სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში საშინაო მატჩში აქამდე ასეთი წინააღმდეგობა არავისგან შეგვხვედრია. ასე რომ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სიმპათიებსა და პატივისცემას "მერანის" მიმართ.
- 15 დეკემბერს კი თბილისში "დინამოსთან" გელით ბრძოლა...
- რომელ ადგილსაც უნდა იკავებდეს ზუგდიდური გუნდი, ჩვენთვის "დინამოსთან" დაპირისპირებას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს არასდროს ყოფილა ერთი რიგითი მატჩი. ფაქტია, რომ ზუგდიდელებისთვის "დინამოსთან" წარმატებას სულ სხვა ფასი აქვს.
ასე რომ, თბილისური შეხვედრისთვის საგანგებოდ ვემზადებით და მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, დიდი იმედი გვაქვს, რომ შინ ხელცარიელი არ დავბრუნდებით.
- სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთი მაღალი მიზნებისთვის შეძლებდით ბრძოლას?
- მაღალი დონის შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და აქედან გამომდინარე, გვქონდა იმის იმედი, რომ თავს კარგად წარმოვაჩენდით.
პესიმისტურ განწყობაზე მხოლოდ ის ფაქტი გვაყენებდა, რომ საკუთარი სტადიონის გარეშე დავრჩით და შესაბამისად, მატჩების ნახევარს უცხო, ხოლო მეორე ნახევარს ნეიტრალურ მოედანზე ვატარებდით.
განმუხურში თამაში გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ "ზუგდიდის" ყველა გულშემატკივარი იქ ჩასვლას ვერ ახერხებს და იმაზე გაცილებით ნაკლები ქომაგის წინაშე გვიწევს თამაში, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ. სამაგიეროდ, გვყავს 25 მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელთაგანაც ნებისმიერს შეგვიძლია დავეყრდნოთ.
ექვსეულში, ფაქტობრივად, უკვე შევედით და თუ ფინანსურმა მდგომარეობამ ხელი შეგვიწყო, შევეცდებით, პირველად ზუგდიდური ფეხბურთის ისტორიაში, ევროსარბიელზე გავიდეთ.
- ფინანსური პრობლემები თქვენს კლუბს ძალიან ხშირად აწუხებს. ამ მხრივ ახლა რა მდგომარეობა გაქვთ და სამომავლო პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლიათ?
- ახლა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი სათანადო ბიუჯეტს დაგვიმტკიცებს. გვინდა, ამჟამინდელი ბირთვი შევინარჩუნოთ და იმედია, ამის საშუალება მოგვეცემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი გუნდი არ დაიშალოს.
- "ზუგდიდიდან" რომელ ფეხბურთელებს გამოყოფდით?
- წარმატებებს, უპირველესად, გუნდური თამაშით ვაღწევთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან - ქობალია და გაბედავა, რომლებიც შეტევაში შედეგიან წყვილს ქმნიან; გამეზარდაშვილი და თოდუა, რომლებმაც ჩვენი დაცვა საიმედო გახადეს; გამოცდილი ნახევარმცველები ბოლქვაძე და კოშკაძე; ასევე, კუტალია, სიხარულია, ტყემალაძე და სხვები...
- როგორც ამბობენ, კუტალიას "ზუგდიდიდან" წასვლა გადაწყვეტილია...
- ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას. წინა მატჩი მან მიკროტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ზამთარში კი ვნახოთ, იგი ან დარჩება, ან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაგვტოვებს.
- ქობალია პოლონური "იაგელონიადან" რა პასუხით დაბრუნდა?
- არ მესმის, რატომ ჰქონდა სინჯებს ასეთი სახე. ირაკლი მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში გამოსცადეს, ისიც მხოლოდ ერთ ტაიმში. როგორც მითხრა, ურიგოდ არ უთამაშია, ორი საგოლე მომენტი ჰქონდა და ერთხელ ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა. ეს იყო და ეს. კონკრეტული პასუხი მას არ მიუღია და საერთოდ ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა მის წასვლას.
- ზამთრის გეგმებზე ხომ არ ჩამოყალიბებულხართ?
- ყველაფერი ისევ და ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული. თუ საშუალება გვექნება, შეკრებას თურქეთში, ანთალიის მხარეში გავივლით.
ელგუჯა ქომეთიანი: ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა
ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა