ლანჩხუთის ”გურია” ძლიერდება, იკრიბება და... მაჟორიტარის იმედზეა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის მზადებას 20 იანვრიდან ადგილზე დაიწყებს.

წინა შემადგენლობას ოთხი მობურთალი გამოაკლდა - გია თოდუა, ალექსანდრე ლაღაძე, დათა რაფავა და ლევან იაშვილი.

როგორც კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, ოთხი-ხუთი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავენ - "გურია" რამდენიმე უმაღლესლიგელის დამატებას გეგმავს.

თებერვლის დასაწყისიდან შეკრებას გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე გაივლიან. მთავარი მწვრთნელის, თემურ ლორიას განკარგულებაში 30-მდე ფეხბურთელი იქნება, საიდანაც ძირითად ბირთვს სწორედ შეკრების დასრულებისას შეარჩევენ.

რაც შეეხება ფინანსებს, კლუბს მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ერთხელ უკვე გაუწოდა დახმარების ხელი "გურიას", რისი
დამსახურებაც გახლავთ ის, რომ გასულ წელს არანაირი დავალიანება არ დარჩენიათ.

კლუბის ლეგენდარული კაპიტანი ლანჩხუთელ ქომაგებს იმედს აძლევს, რომ "გურიის" ძველი დიდების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ "გურია" პირველი ლიგის A ზონას ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "სასკოს" 4 ქულით, ხოლო მთავარ კონკურენტ "გაგრას" 7 ქულით უსწრებს. უმაღლეს ლიგაში ზონიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადადის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული