- ესპანეთში ყველაფერი კარგი იყო: სასტუმრო, სავარჯიშო პირობები, სპარინგები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ახალწვეულია და ამ შეკრებაზე ევროპულ გუნდებთან დაპირისპირებებით მათ ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს.
სამწუხაროდ, ჩვენ ევროპელების კომპლექსი გვაქვს და მათთან ამიტომაც ვაგებთ თამაშის დაწყებამდე.
ეს შეკრებაც, "მარბელას თასზე" მონაწილეობაც და, საერთოდ, ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები სწორედ ამ კომპლექსებისგან გათავისუფლებას ემსახურებოდა.
- რომელ თამაშს გამოარჩევდით?
- კიევის "დინამოსთან" და ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტთან"
გამიხარდა, რომ ნორვეგიელებთან ფსიქოლოგიური ორთაბრძოლა მოვიგეთ და შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. იმედგაცრუებული ბუქარესტის "დინამოსთან" მატჩით დავრჩი, რადგან ბიჭები გვიან მიხვდნენ, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ იყო. ნორვეგიელებთან კი საკუთარი ძალების ირწმუნეს. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ ესპანური შეკრებით გუნდმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.
- თქვენს გუნდებს უცხოელთა შიში ნაკლებად ახასიათებდათ. "ტორპედომ" ეს კომპლექსი თუ მოიშორა?
- ჯერ ვერ მოიხსნა, რადგან ეს მუდმივი საერთაშორისო პრაქტიკით არის შესაძლებელი და მერე ევროპელებთან თავისუფლად ითამაშებენ.
- მართლა გჯერათ, რომ ქართული გუნდი დღეს კიევის "დინამოსთან" ტოლ-სწორად და კომპლექსის გარეშე ითამაშებს?
- მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. რეალობას არ ვშორდები და მესმის, რომ დღეს კიევის "დინამო" კლასით და ფინანსურად ჩვენზე მაღლა დგას. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ პროცესი და მოთამაშეები მაღალ მოთხოვნებს უნდა შეეგუონ. გუნდი ეროვნული ჩემპიონატიდან პირდაპირ ევროთასებზე არ უნდა ხვდებოდეს, რადგან უცხო გარემოსთან შეუჩვეველი და გამოუცდელი მოთამაშეები ყოველთვის ამ პრობლემას წააწყდებიან.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მატჩებში გამოუცდელობა არამხოლოდ საკლუბო დონეზე იგრძნობა, არამედ ასაკობრივ ნაკრებებშიც. ამის გამო მოთამაშეებს რაღაც კომპლექსები უჩნდებათ.
- საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება ახსენეთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემოდგომაზე "ტრაბზონს" ესტუმრეთ. უახლოეს მომავალში რაიმე სიახლეს ხომ არ ველოდოთ?
- საერთაშორისო შეხვედრები ჰაერივით გვჭირდება, ევროტურნირებზე მაქსიმალურად მომზადებულები რომ გავიდეთ და თამაში გაგვიადვილდეს. ამ საკითხზე დღესაც ვმუშაობთ. გამორიცხული არ არის, მარტში, სანაკრებო პაუზის დროს "ტრაბზონი" გვესტუმროს. მოლაპარაკება გვაქვს დონეცკის "შახტართან", თურქულ და ბულგარულ კლუბებთან.
- მესამე წამყვან ქართულ კლუბში მუშაობთ. კარგად გააანალიზებდით, ამჟამად ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რა დონეზეა...
- წინსვლის მისწრაფება არის, მაგრამ ეს ზოგჯერ არასაკმარისია. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში "შახტარისა" და "ბორუსიას" თამაში გამოგვადგება. დონეცკელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. შესაძლოა, ბიუჯეტით "ბორუსიას" აღემატებიან კიდეც, მაგრამ გერმანელებს საკუთარი ჩემპიონატის გამო ვერ მოუგეს.
"შახტარი" უკრაინაში უფრო სუსტ მეტოქეებს ხვდება, "ბორუსია" კი უკეთეს ჩემპიონატში თამაშობს და ეს საერთო მდგომარეობასა და დონეზე გავლენას ახდენს. ამ მატჩში ეს ფაქტორი აშკარად გამოჩნდა. ამიტომ არის აუცილებელი ჩემპიონატის დონის გაზრდა, რომ საერთო საკლუბო დონე გაიზარდოს.
- "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში ლამის ერთადერთი გუნდია, სადაც ლეგიონერი არ თამაშობს. მათ ჩამოყვანას ეწინააღმდეგებით?
- მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამ ეტაპზე ვცდილობ, რომ ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ. ლეგიონერის ჩამოყვანა ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ხელოვნური პროცესი იქნება. ლეგიონერებს აქ ის დატვირთვა არ აქვთ, რაც ევროპულ ლიგებში და უნებლიეთ ჩვენს დონემდე ჩამოდიან. ამიტომ მირჩევნია, ჩვენი კადრები გავზარდოთ. და თუ ადგილობრივი რესურსი ამოიწურება და გუნდს უფრო მაღალი მიზნების შესასრულებლად უკეთესი მოთამაშეები დასჭირდება, ლეგიონერების მოწვევა მერე შეიძლება.
- თუმცა გულშემატკივარი მაინც მომთხოვნია, უყვარს სიახლე და ხმაურიანი ტრანსფერი.
- გეთანხმებით, მაგრამ გუნდის ზრდა პროცესია, სადაც საჭიროა თანმიმდევრულობა და იმ გზიდან გადახვევა არ გვარგებს. ეს ხელოვნური ჩარევა იქნება. ახლა "ტორპედოში" სხვა სამუშაოებია ჩასატარებელი. ადგილობრივი სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა კი ისევ გუნდს აზარალებს. გულშემატკივრის მესმის, მას ყველაფერი სწრაფად სურს და შედეგსაც დაუყოვნებლივ ითხოვს, მაგრამ გუნდი უნდა გაიზარდოს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ბუქარესტის "დინამოს" მაგალითს მოვიყვან. ეს არის საკმაოდ მდიდარი კლუბი, სადაც მოთამაშეები მინიმუმ 15 ათას ევროს იღებენ. არადა, გულწრფელად გეუბნებით, ამ გუნდში ჩემთვის სასურველი მოთამაშე ვერ შევნიშნე. მეტიც, მიმაჩნია, რომ "ტორპედოში" რამდენიმე უფრო პერსპექტიული ფეხბურთელი გვყავს.
მაგრამ გამოცდილი რუმინელი მოთამაშე რომ ჩამოვიყვანოთ, ის დიდ ხელფასსაც მოითხოვს, რაც გუნდში დისბალანსს გამოიწვევს - ადგილობრივი კლასში დიდ სხვაობას რომ ვერ დაინახავს და თავადაც ხელფასის გაზრდას მოითხოვს.
ვიმეორებ, ეს ალოგიკური განვითარება იქნებოდა. ჩვენ სხვა გზას უნდა დავადგეთ, რომელიც ჩვენივე მოთამაშეების გაზრდას გულისხმობს. ასეთია ჩემი ხედვა. ძლიერი ლეგიონერების ჩამოსაყვანად არც კლუბებია მზად, არც ჩვენი ინფრასტრუქტურა და არც მთლიანად საქართველო.
- საკლუბო დონეზე სტაგნაცია შეჩერდა, მაგრამ წინსვლა არ არის. ევროპის ლიგის ბოლო გათამაშებამაც ზღვარი გვაჩვენა, დღეისათვის მეტზე გადახტომა შეუძლებელი რომ აღმოჩნდა.
- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უკუსვლა შეჩერებულია, მაგრამ წინსვლა ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობს. მე მგონია, რომ ესეც კარგია, რამდენიმე მცდელობა აუცილებელიც არის, ჩვენი გუნდები ევროპის ჯგუფურის ეტაპისთვის რომ მომწიფდნენ.
მაგრამ მეორე მხარეა: როდესაც თბილისის "დინამო" უეფას ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, გუნდი 9 წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, სათანადო შემცვლელები კი ვერ მოვძებნეთ და გუნდი მკვეთრად დასუსტდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ წინსვლაზე, არამედ
წინსვლის შემთხვევისთვისაც პრევენციაც უნდა შევძლოთ, რომ წამყვანი მოთამაშეების შემცვლელები დროულად მოვძებნოთ.
- ვერც "დინამოში" და ვერც "ზესტაფონში" ეს ვერ მოხერხდა...
- არადა, მიმაჩნია, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
- სეზონი მალე იწყება, გუნდმა შეკრება დაასრულა - სელექციაც შეაჩერეთ?
- ესპანეთში ბევრი სუსტი წერტილი გამოჩნდა და კიდევ უნდა გავძლიერდეთ. შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე დავიმატოთ, მაგრამ ახლა თუ ზაფხულში, ვერ გეტყვით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესპანეთში ჩატარებულმა შეხვედრებმა კარგად გვაჩვენა, რომ სრულყოფილი გუნდი არ გვყავს.
- თქვენს "დინამოსა" და "ზესტაფონს" მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა. "ტორპედოში" ასეთი ჯერ არ ჩანს.
- ლიდერი აუცილებლად გამოჩნდება. საამისოდ დრო გვჭირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ფანცულაია: "ტორპედოს" საჩემპიონო სულისკვეთება აქვს
ქუთაისის "ტორპედომ" ესპანური შეკრება ფრედ ნათამაშები მატჩით დაასრულა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" ესპანეთში რუმინულ "ოცელულს" დაუზავდა [VIDEO]