"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული

AutoSharing Option
როცა "ზუგდიდის" მიერ ჩატარებული ჩემპიონატის პირველი ეტაპი შევაფასეთ, მეგრულ კლუბს "ავტორიტეტთა რისხვა" ვუწოდეთ. სეზონის მეორე ნახევარში კი აბსოლუტურად განსხვავებული, სრულიად უმოტივაციო და უფერული გუნდი ვიხილეთ.

ეს ნაწილობრივ ჩემპიონატის ფორმატის ბრალიც არის - "ზუგდიდმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენა ზამთარშივე დაიბევა და რაკი არც ევროტურნირებზე გასვლის შანსი ჰქონდა, სრულიად უმოტივაციოდ დარჩა.

თუმცა ასეთ უსახურ ასპარეზობას მაინც ვერაფერი გაამართლებს. მეორე ეტაპის ათი მატჩიდან ხომ "ზუგდიდმა" ცხრა წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.

სეზონის დასრულებისთანავე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა იტვირთა და გადადგომის შესახებ
გააკეთა განცხადება.

"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, თანამდებობა დავტოვო. მეტიც, მომავალში მწვრთნელად ვეღარ მიხილავთ. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ასპარეზი სხვებს დავუთმო. რაც მთავარია, "ზუგდიდის" მიერ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ნაჩვენები შედეგი სხვა არჩევანს აღარ მიტოვებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება. შექმნილი სიტუაციით, უბრალოდ, განადგურებული ვარ და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა",
- განაცხადა ქომეთიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში.

მან ჩვეული გულწრფელობით კეთილსინდისიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ფაქტია, რომ "ზუგდიდის" ვარდნას ბევრი სხვა მიზეზიც აქვს...

ისევე, როგორც უმაღლესლიგელთა დიდ ნაწილს, "ზუგდიდსაც" მრავლად აქვს სხვადასხვა სახის პრობლემა და ჯერ გაურკვეველია, რა სახით წარსდგება გუნდი გულშემატკივართა წინაშე მომავალ სეზონში.

საუკეთესო მატჩი
ასეთები, ცხადია, პირველ ეტაპზე უნდა ვეძებოთ. მაშინ "ზუგდიდი" ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, განსაკუთრებით, მშობლიურ კედლებში. ზუგდიდელებმა შინ ქუთაისის "ტორპედოს" სძლიეს, ხოლო თბილისის "დინამოსა" და გორის "დილასთან" ფრეს მიაღწიეს.

ყველაზე ცუდი მატჩი
ეს ის თემაა, რომელიც უკომენტაროდ უნდა დავტოვოთ, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე ხომ ზუგდიდელებმა ერთიმეორეზე უარესი შეხვედრები ჩაატარეს.

მეკარე
ზამთარში "ზუგდიდის" შემადგენლობაში ცვლილება მრავლად მოხდა, მაგრამ ეს მეკარის პოზიციას არ შეხებია. ზუგდიდელთა ძირითადი მეკარის სტატუსს მთელი სეზონის განმავლობაში მყარად ინარჩუნებდა 25 წლის ლაშა ძაგანია.

დაცვა
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ზუგდიდის" უკანა ხაზში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა - სევასტი თოდუა, დავით გამეზარდაშვილი, ლევან აკობია, დაჩი ფოფხაძე... ზამთარში მათ კლუბი შეიცვალეს და გუნდის დაცვაც გაახალგაზრდავდა, თუმცა 37 წლის როინ ონიანი ჯანმრთელად ყოფნის დროს მუდმივად თამაშობდა სასტარტო შემადგენლობაში.

ნახევარდაცვა
პირველ ეტაპზე ზუგდიდური ნახევარდაცვის ლიდერები დავით ბოლქვაძე და ალექსანდრე კოშკაძე იყვნენ, მათი წასვლის შემდეგ კი ეს როლი 29 წლის შოთა ლომიამ, 30 წლის ლევან წურწუმიამ და 20 წლის ზვიად სიხარულიამ იტვირთეს.

თავდასხმა
შვიდი გოლით "ზუგდიდის" საუკეთესო ბომბარდირი 21 წლის ირაკლი ქობალია გახდა, რომელსაც საგოლე მონაგარის გაზრდის საშუალება ტრავმამ არ მისცა.

მის გარდა, გუნდის წინა ხაზში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 23 წლის გიორგი გაბედავა, რომელმაც გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა.

ზუგდიდის ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური ტორპედო-ზუგდიდი 1:0
II ტური ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:0
III ტური კოლხეთი-ზუგდიდი 1:1
IV ტური ზუგდიდი-დილა 0:0
V ტური ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0
VI ტური ზუგდიდი-ჩიხურა 4:2
VII ტური სიონი-ზუგდიდი 0:0
VIII ტური მერანი-ზუგდიდი 1:2
IX ტური ზუგდიდი-დინამო (თბ) 1:1
X ტური ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0
XI ტური ზუგდიდი-მეტალურგი 2:1
XII ტური ზუგდიდი-ტორპედო 2:1
XIII ტური დინამო (ბთ)-ზუგდიდი 0:4
XIV ტური ზუგდიდი-კოლხეთი 1:0
XV ტური დილა-ზუგდიდი 3:0
XVI ტური ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0
XVII ტური ჩიხურა-ზუგდიდი 2:0
XVIII ტური ზუგდიდი-სიონი 2:0
XIX ტური ზუგდიდი-მერანი 3:2
XX ტური დინამო (თბ)-ზუგდიდი 2:0
XXI ტური ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3
XXII ტური მეტალურგი-ზუგდიდი 5:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 10 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება, ბურთები: 27-26

II ეტაპი
XXIII ტური დინამო (თბ)-ზუგდიდი 3:0
XXIV ტური ზუგდიდი-ჩიხურა 1:3
XXV ტური დილა-ზუგდიდი 5:0
XXVI ტური ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0
XXVII ტური ტორპედო-ზუგდიდი 2:0
XXVIII ტური ზუგდიდი-დინამო (თბ) 0:2
XXIX ტური ჩიხურა-ზუგდიდი 2:1
XXX ტური ზუგდიდი-დილა 1:2
XXXI ტური ზესტაფონი-ზუგდიდი 2:0
XXXII ტური ზუგდიდი-ტორპედო 1:4
II ეტაპი: 10 მატჩი, 0 მოგება, 1 ფრე, 9 წაგება, ბურთები: 4-25

სულ: 32 მატჩი, 10 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება, ბურთები: 31-52

გუნდი
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
მეკარეები: ლაშა ძაგანია - 29 მატჩი, არჩილ მაქაცარია - 3 მატჩი;
მცველები: როინ ონიანი - 22 მატჩი, 1 გოლი, სევასტი თოდუა - 21 მატჩი, დავით გამეზარდაშვილი - 20 მატჩი, 3 გოლი, ნიკა აფაქიძე - 19 მატჩი, ლევან აკობია - 16 მატჩი, დაჩი ფოფხაძე - 14 მატჩი, რომეო კანკია - 9 მატჩი, მაკარ აქუბარდია - 9 მატჩი, გიორგი ქვარცხავა - 7 მატჩი, კოკა ქომეთიანი - 2 მატჩი, ნიკა ხუხია - 2 მატჩი, გრიგოლ ბერიშვილი - 1 მატჩი, ლუკა კობერიძე - 1 მატჩი, ლუხუმ პატარაია - 1 მატჩი;
ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია - 31 მატჩი, 3 გოლი, შოთა ლომია - 24 მატჩი, 3 გოლი, ვაკო ტყემალაძე - 19 მატჩი, ლევან წურწუმია - 19 მატჩი, ალექსანდრე კოშკაძე - 18 მატჩი, 1 გოლი, ლევან კუტალია - 17 მატჩი, 2 გოლი, დავით ბოლქვაძე - 17 მატჩი, 1 გოლი, ლუკა გუგუჩია - 14 მატჩი, ლაშა კუკავა - 12 მატჩი, გიორგი ხუბუა - 10 მატჩი, ზურაბ მალანია - 4 მატჩი, ლევან ქანთარია - 2 მატჩი, ნიკა შონია - 2 მატჩი, ზურაბ ქვარცხავა - 1 მატჩი, შმაგი თოლორაია - 1 მატჩი;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა - 26 მატჩი, 6 გოლი, ირაკლი ქობალია - 17 მატჩი, 7 გოლი, ირაკლი ეხვაია - 15 მატჩი, 1 გოლი, აკაკი ფარჯიკია - 13 მატჩი, ლუკა კობერიძე - 4 მატჩი, გრიგოლ ბერიშვილი - 2 მატჩი, გიორგი ლაშქარავა - 1 მატჩი, 1 გოლი, მურთაზ ჩანგელია - 1 მატჩი; ნიკა ქირია - 1.

ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატუმის დინამოსტან გასვლზე 0:4 მოვიგეტ და შეასწორეთ თუ შეიძლება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული