2010-11 წლების სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონატის რეგლამენტი რომ შეიცვალა, ბოლნისელებს ამანაც უშველა, თორემ პლეი ოფს ვერ ასცდებოდნენ; იმის მომდევნო და ახლახან დასრულებულ ჩემპიონატებში კი მხოლოდ ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებებით გადარჩა "სიონი".
ალბათ, ამის გამოც არის, ბოლნისის საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა რაოდენობამ რომ მოიკლო; არადა, არცთუ შორეული წარსული გავიხსენოთ, როცა
ალბათ, ნახევრად ცარიელი ტრიბუნების გამოც იყო, "სიონს" სტუმრად რომ უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე - საკუთარ მოედანზე!
თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გუნდმა 4 მატჩი მოიგო და აქედან მხოლოდ ერთადერთხელ იყო საშინაო გამარჯვება (XVII ტურში, "მერანთან"). ანუ ისე გამოვიდა, ჯერ კიდევ შემორჩენილი გუნდის ერთგული ქომაგები თითქმის სამი თვის განმავლობაში ელოდნენ თავიანთი საყვარელი გუნდის საშინაო გამარჯვებას. არადა, არამხოლოდ "სიონის" აღზევების პერიოდში (2003-06 წლებს ვგულისხმობთ), მანამდეც და შემდეგაც ბოლნისში თამაში ყველას უჭირდა (მათ შორის, ჩემპიონატის ფავორიტებსაც).
თუმცა "სახლის გუნდად" მონათლული "სიონი" ნელ-ნელა კარგავდა თავის ერთგულ ქომაგებსაც და, რაც მთავარია, საკუთარ პოზიციასაც ქართულ ფეხბურთში.
ძნელია, "ხაზგასმით" ამტკიცოს კაცმა, თუ რა არის "სიონის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზი - ალბათ, მაინც გაუთავებელი ცვლილებები გუნდისა თუ კლუბის ხელმძღვანელობაში; თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ სამწვრთნელო გადაადგილებებს არ ვგულისხმობთ (ამ 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა სეზონი ერთსა და იმავე მწვრთნელს ჩაუმთავრებია): უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩემპიონატს "სიონი"... ორი გუნდით ატარებს!
ჰო, ასეა: ზამთრის პაუზამდე ვინც თამაშობენ, იმათგან მართლაც ერთეულები თუ რჩებიან მეორე ეტაპისათვის და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი იყო.
ანუ "სიონის" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მოკლევადიანი კონტრაქტები აქვს და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელები მუდამ ახალი ფეხბურთელების ძიებაში არიან.
თუმცა ეს ჩემპიონატი იმითაც იყო "გამორჩეული", რომ სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა საკადრო ცვლილებები თავად კლუბის ხელმძღვანელობაში, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ გენერალურ დირექტორად ახლო წარსულის ცნობილი ფეხბურთელი ლადო ბურდული დაინიშნა.
ბურდულისა და მისი თანამოაზრეების დებიუტი, ცოტაც და, კატასტროფული იქნებოდა, მაგრამ "სიონი" ამჯერადაც გადარჩა და ამჯერადაც... ბოლო ტურში!
მწვრთნელ(ებ)ი
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "სიონში" სამწვრთნელო გადაადგილებები უკვე ჩვეულებრივი ამბავია და არცთუ შორეულ წარსულში ისეთი შემთხვევებიც არაერთხელ ყოფილა, როცა ერთი სეზონის განმავლობაში ბოლნისური გუნდი ოთხ სპეციალისტს გაუწვრთნია.
რაც შეეხება ახლახან გასრულებულ სეზონს, ჩემპიონატი ხვიჩა ქასრაშვილმა დაიწყო, თუმცა 4 ტურის მერე მის ნაცვლად არმაზ ჯელაძე დაინიშნა და სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა თავისი პოსტი.
მეკარეები
29 წლის მინდია ბობღიაშვილმა უკვე 9 სეზონი ჩაატარა "სიონის" მაისურით და ახლაც ძირითადი მეკარის სტატუსი ჰქონდა. პირველ ეტაპზე 3 შეხვედრა გამართა მისმა დუბლიორმა, 23 წლის ვახტანგ ლობჟანიძემ. მეორე ეტაპიდან კი ბობღიაშვილს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - 32 წლის მირზა მერლანმა სეზონის დასკვნით ტურებში მიიღო მონაწილეობა.
მცველები
ბოლნისური გუნდის შემადგენლობაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ფეხბურთელები, წლების განმავლობაში რომ "სიონში" თამაშობენ. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება გუნდის კაპიტანი, 33 წლის დავით სვანიძე, რომელიც თავის მშობლიური ქალაქის გუნდის ღირსებას 1998 წლიდან იცავს!
ამ დროის განმავლობაში სვანიძემ ორჯერ სცადა კარიერის აზერბაიჯანში გაგრძელება, მაგრამ ორივეჯერ მშობლიურ "სიონს" დაუბრუნდა და გასულ სეზონში პირადი რეკორდიც დაამყარა - 4 გოლი გაიტანა.
სვანიძის მსგავსად, გამოცდილება არ დაეწუნებათ 34 წლის რევაზ ქემოკლიძესა და 31 წლის სერგი ორბელაძეს; სწორედ ეს სამი მცველი იყო, ორივე ეტაპი "სიონში" რომ გაატარა. დანარჩენებიდან ზოგი პირველ ეტაპზე თამაშობდა ბოლნისურ გუნდში, ზოგიც - ზამთრის პაუზის მერე. ამათგან ერთი "უცნაური" ტრანსფერიც უნდა ვახსენოთ: იანვარში "სიონში" ჩაირიცხა ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის გალ საპირი, თუმცა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა...
ნახევარმცველები
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სხვადასხვა გუნდს მიაშურეს გიორგი ქუცურუამ, გიორგი ფეიქრიშვილმა, თორნიკე თარხნიშვილმა, გიორგი ჭედიამ და გიორგი ჭანკოტაძემ. მათ ნაცვლად კი გუნდში ჩაირიცხნენ როგორც ცნობადი სახეები (ირაკლი კლიმიაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ცხადაია, გიორგი ჩივაძე), ასევე დებიუტანტები - გიორგი ბიბილეიშვილი და გოგიტა გოგატიშვილი.
ანუ ისე გამოვიდა, რომ მთელი სეზონი მხოლოდ ოთხმა ნახევარმცველმა ჩაატარა: 32 წლის გიორგი მანწკავამ, 32 წლის ვლადიმერ ჯოჯუამ, 27 წლის ვლადიმერ უგრეხელიძემ და 22 წლის ვაჟა ნემსაძემ. ურიგო ფეხბურთელი არ არის გუნდის ახალწვეული, 31 წლის პოლონელი საყრდენი ნახევარმცველი პაველ ჰაიდუჩეკი.
თავდასხმა
პირველ ეტაპზე გუნდის უპირველესი ფორვარდი გამოცდილი რევაზ ჯიქია გახლდათ - 32 წლის თავდამსხმელი 6 გოლით "სიონის" საუკეთესო ბომბარდირი იყო და... დარჩა კიდეც!
ჯიქიამ პირველი ეტაპის მერე გუნდი დატოვა, თუმცა კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა მასზე არანაკლებ გამოცდილი ორი შემტევი გადაიყვანეს "სიონში": 30 წლის ლადო ახალაია და 32 წლის კოკა მიკუჩაძე. სხვათა შორის, მიკუჩაძე ადრეც თამაშობდა "სიონში" და ამ თავდამსხმელმა არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა 2006 წელს ბოლნისელთა საჩემპიონო ტრიუმფში.
ახალაიაც და მიკუჩაძეც "სიონს" ძალიან გამოადგნენ როგორც უმაღლეს ლიგაში დარჩენაში, ისე თასის გათამაშებაში წარმატებულ ასპარეზობაში. იმავეს თქმა შეიძლება ორ ადგილობრივ ახალგაზრდა შემტევზე: 22 წლის ვილი ისიანსა და 21 წლის ჯაბა უგულავაზე.
ბოლნისის სიონის ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური სიონი - დინამო (ბთ) 2:2
II ტური სიონი - კოლხეთი 0:0
III ტური დილა - სიონი 2:3
IV ტური სიონი - ვიტ ჯორჯია 1:1
V ტური ჩიხურა - სიონი 2:1
VI ტური მერანი - სიონი 1:0
VII ტური სიონი - ზუგდიდი 0:0
VIII ტური დინამო (თბ) - სიონი 7:2
IX ტური სიონი - ზესტაფონი 0:2
X ტური მეტალურგი - სიონი 1:0
XI ტური სიონი - ტორპედო 0:2
XII ტური დინამო (ბთ) - სიონი 0:1
XIII ტური კოლხეთი - სიონი 0:1
XIV ტური სიონი - დილა 0:2
XV ტური ვიტ ჯორჯია - სიონი 0:0
XVI ტური სიონი - ჩიხურა 0:3
XVII ტური სიონი - მერანი 2:1
XVIII ტური ზუგდიდი - სიონი 2:0
XIX ტური სიონი - დინამო (თბ) 0:5
XX ტური ზესტაფონი - სიონი 1:0
XXI ტური სიონი - მეტალურგი 0:0
XXII ტური ტორპედო - სიონი 4:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 4 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება, ბურთები: 14-38
II ეტაპი
XXIII ტური ვიტ ჯორჯია - სიონი 0:2
XXIV ტური კოლხეთი - სიონი 2:1
XXV ტური სიონი - დინამო (ბთ) 0:1
XXVI ტური მეტალურგი - სიონი 0:0
XXVII ტური სიონი - მერანი 3:1
XXVIII ტური სიონი - ვიტ ჯორჯია 0:3
XXIX ტური სიონი - კოლხეთი 6:2
XXX ტური დინამო (ბთ) - სიონი 1:1
XXXI ტური სიონი - მეტალურგი 2:2
XXXII ტური მერანი - სიონი 1:2
II ეტაპი: 10 მატჩი, 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება, ბურთები: 17-13
სულ: 32 მატჩი, 8 მოგება, 9 ფრე, 15 წაგება, ბურთები: 31-51
გუნდი
მწვრთნელები: ხვიჩა ქასრაშვილი (I-IV ტური); არმაზ ჯელაძე (V-XXXII ტური)
მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი - 25, მირზა მერლანი - 4, ვახტანგ ლობჟანიძე - 3;
მცველები: დავით სვანიძე - 27 (4), რევაზ ქემოკლიძე - 21, სერგი ორბელაძე - 21, თენგიზ ჩიკვილაძე - 19, გიორგი ოქროპირიძე - 15, ნოდარ მაჭავარიანი - 12, ზაალ ელიავა - 10, დაჩი ფოფხაძე - 5, დავით ლომაია - 4, გალ საპირი - 3, გელა ხუბუა - 3;
ნახევარმცველები: გიორგი მანწკავა - 24 (2), ვლადიმერ ჯოჯუა - 23, გიორგი ქუცურუა - 19 (1), ვლადიმერ უგრეხელიძე - 18 (2), თორნიკე თარხნიშვილი - 15, ვაჟა ნემსაძე - 14, გიორგი ფეიქრიშვილი - 13 (1), გიორგი ჭანკოტაძე - 12 (1), პაველ ჰაიდუჩეკი - 9 (1), ირაკლი ლექვთაძე - 8 (1), გიორგი ცხადაია - 8 (1), ირაკლი კლიმიაშვილი - 6 (1), გიორგი ბიბილეიშვილი - 5, გიორგი ჩივაძე - 3, მანუჩარ ოქროპირიძე - 3, გოგიტა გოგატიშვილი - 2, გიორგი გორდეზიანი - 1;
თავდამსხმელები: ვილი ისიანი - 21 (1), რეზო ჯიქია - 18 (6), გიორგი ჭედია - 17 (1), ჯაბა უგულავა - 11 (1), კოკა მიკუჩაძე - 10 (4), ლადო ახალაია - 8 (3), ზურაბ ხურციძე - 2, ლაშა კემუხტაშვილი - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა