მატჩი "სიონის" უპირატესობით დაიწყო. ბოლნისელთა საყრდენები - ლაშა პარუნაშვილი და გიორგი განუგრავა მოედნის ცენტრს აკონტროლებდნენ - სტუმართა შეტევებს სწორედ ისინი იწყებდნენ. ფლანგებზე აქტიურობდნენ არჩილ ტვილდიანი, ზვიად ლობჟანიძე და ახალწვეული კახელიშვილი, თავდამსხმელ ლადო ახალაიას კი "მეორე სუნთქვა" გაეხსნა.
"სიონს" ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე შეეძლო. ალეკო გოგობერიშვილმა მოედნის შუაგულიდან შეტევა მარჯვენა ფლანგზე ტვილდიანს გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოში
მერე პარუნაშვილის მიერ წამოწყებული შეტევის დაგვირგვინებას განუგრავა ცდილობდა და კარს ოდნავ ააცილა.
32-ე წუთზე პარუნაშვილმა თამაში მარჯვენა ფლანგზე გაშალა და ლობჟანიძე მოძებნა, ის კი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი ძელს მოარტყა.
"სპარტაკი" ტაიმის მიწურულს გამოცოცხლდა. თემურ შონიას აქტიურობას ორი მწვავე მომენტი მოჰყვა - პირველად მეკარე მირზა მერლანს ვერ აჯობა, მეორედ არაზუსტად დაარტყა. საერთოდ კი, პირველ ტაიმში დაბალი ტემპი იყო - ცხადია, სიცხე მოქმედებდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან ტემპი დაბალი იყო, მაგრამ "სპარტაკის" დასამარცხებლად ბოლნისელთა ეპიზოდური აფეთქებები საკმარისი აღმოჩნდა. "სიონმა" ტემპს მოულოდნელად მოუმატა. სტუმართა თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა კოკა მიკუჩაძემ. ფლანგებზე ტვილდიანმა და კახელიშვილმა გაინავარდეს. პარუნაშვილი, განუგრავა და ლობჟანიძეც აქტიურობდნენ, ახალაიაც ამოძრავდა და "სპარტაკის" დაცვას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
კახელიშვილის ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას ახალაია ცდილობდა, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ წაარტყა. საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მონდომება მაინც დაუფასდა: ფლანგზე ლობჟანიძის წამოწყებული კომბინაცია მიკუჩაძემ მშვენიერი გადაცემით საჯარიმოში ახალაიას გაუგრძელა, რომელმაც გიორგი ნადირაძეს შორეულ კუთხეში დაურტყა და შანსი არ დაუტოვა - 0:1.
მალევე "სპარტაკის" კარში დანიშნული საჯარიმოდან ლაშა თოთაძემ ბურთი ისეთი ძალით გაუშვა კარისკენ, ლამის ბადე შეიწირა - 0:2.
გასაგები გახდა, რომ "სიონი" ამ უპირატესობას აღარ დათმობდა და ბოლნისელები ლაღად ათამაშდნენ. ტვილდიანი ორ-სამ მოწინააღმდეგეზეც უშიშრად მიდიოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში შეიჭრა და "სპარტაკი" ძელმა იხსნა. საგოლე მომენტები შექმნეს ლობჟანიძემ და პარუნაშვილმაც.
"სპარტაკის" შეტევა კი "ლე მანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ვახტანგ ფანცხავამ და "დინამოდან" განათხოვრებულმა გიორგი თექთურმანიძემ გამოაცოცხლეს, თუმცა მათ ორ შორეულ "გასროლას" მერლანისთვის დიდი პრობლემები არ შეუქმნია.
მატჩის მიწურულს ინციდენტიც მოხდა: ახალაიამ ემოცია ვერ მოთოკა, ნიკა მგელაძეს ხელი მიარტყა და მსაჯმა დაუფიქრებლად გააძევა.
თუმცა ის კი მისასალმებელია, რომ ახალაიამ მეტოქეს მოედანზევე მოუბოდიშა და თამაშის შემდეგაც ეძებდა, ეტყობოდა, რომ მომხდარს ძალიან განიცდიდა.
საერთოდ, "სიონი" წლეულს გაძლიერდა და მომენტებში სანახაობრივადაც თამაშობს, მაგრამ შესათამაშებლად და პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენად ჯერ კიდევ სჭირდება დრო.
მატჩის შემდეგ
ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკის მწვრთნელი):
"ჩვენ ჯერ პირველი ლიგის გუნდის ფსიქოლოგიას ვერ გავცდით, უმაღლესი ლიგის სისწრაფეებთან შეგუება გვჭირდება. რასაც იქ გვპატიობდნენ, აქ არავინ შეგვარჩენს და დღევანდელი მარცხის მიზეზიც ეს იყო.
ჯერ ამ ინერციას ვერ ვძლიეთ, მაგრამ უახლოეს ტურებში კალაპოტში ჩავდგებით".
გიორგი კიკნაძე (სიონის მწვრთნელი):
"უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ. ეს ის მოგება იყო, რომელიც გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ახალაია გაგვიგდეს, მიხარია, რომ "სპარტაკი" ფიზიკურადაც დავჯაბნეთ.
შემდეგ ტურებში "გურიასა" და "ვიტ ჯორჯიას" ვხვდებით და მათთანაც ასეთივე მონდომებით უნდა ვითამაშოთ. დღევანდელი მოგება მომავალი შეხვედრებისთვის დიდ სამსახურს გაგვიწევს.
კმაყოფილი ვარ ტვილდიანის, პარუნაშვილისა და ლობჟანიძის თამაშით. მიმაჩნია, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებისგან კარგი სინთეზი გამოგვდის. იმედია, გუნდი მოუმატებს. ეგ არის, რომ ახალაია ძალიან ცუდ დროს დაგვაკლდა. უკვე იხსნებოდა, არადა, ახლა დასჯიან და რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
სატურნირო ცხრილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"