უმაღლესი ლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ობიექტურ მიზეზთა გამო II ტურის მიმოხილვა ერთი დღის დაგვიანებით უნდა შემოგთავაზოთ და იმედია, ამის გამო მკითხველი არ გაგვინაწყენდება.

ვინმემ, შესაძლოა, ისიც თქვას, შაბათ-კვირას ჩატარებული მატჩების პერიპეტიებს... ოთხშაბათს რომ "იხსენებთ", ცოტა არ იყოს, დაგვიანებულიაო. თუმცა, II ტურში იმდენი დასამახსოვრებელი თუ "მოსკანდალო" ფაქტი მოხდა, გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით...

იმერეთი, სერბეთი, ესპანეთი...
ტურის და, ალბათ, პირველი წრის ცენტრალურ მატჩს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი არანაკლებ გამორჩეული პაექრობა უნდა ვახსენოთ: როგორც ვივარაუდეთ, "იმერული დერბი" ემოციებით აღსავსე გამოდგა!

რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" ქომაგები კმაყოფილნი ვერ იქნებიან
თავიანთი საყვარელი გუნდის სტარტით (ორი მატჩი - ორი მარცხი), თუმცა, ისე, როგორც "დინამოსთან" პირველი ტურის შეხვედრაში, რატკო დოსტანიჩის გუნდი ამჯერადაც ძალიან ახლოს იყო, სულ მცირე, ერთი ქულის მოპოვებასთან.

"ზესტაფონის" უამრავი ახალწვეული როგორც კი ერთმანეთში შეთამაშების პრობლემას მოაგვარებს, სასურველი შედეგიც მალე იქნება; თანაც, აშკარაა, რომ იმერული კლუბის სერბი თავკაცი "გახსნილ ფეხბურთს" ანიჭებს უპირატესობას, ისე, როგორც მისი ახალგაზრდა კოლეგა ჟერარდ სარაგოსა, - "ტორპედოს" ესპანელმა მწვრთნელმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გამარჯვება "იმერულ დერბიში" მოიპოვა და ქუთაისელი ქომაგებისათვის ეს ფაქტი უმნიშვნელო ნამდვილად არ უნდა იყოს.

ძველი და ახალი ტორპედოელები
სანახაობრივ "იმერულ დერბის" თავისი გმირი ჰყავდა: "ტორპედოს" 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ ორი გოლი გაიტანა. ამათგან მეორე, გადამწყვეტი რომ აღმოჩნდა, მართლაც ულამაზესი იყო! საბანაძეს წინა ორ ჩემპიონატშიც ჩაუტარებია რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი, თუმცა, ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ ეს, უდავოდ, ნიჭიერი ფორვარდი სტაბილურად ასპარეზობდეს.

მეორე მატჩი უმაღლეს ლიგაში და მეორე გოლი, - "ტორპედოს" 21 წლის ახალწვეულს თორნიკე კაპანაძეს მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა და საერთოდაც, ქუთათურთა ახალგაზრდული გუნდისგან ამ სეზონში კიდევ არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

"ტორპედოს" შემადგენლობაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გვინდა აღვნიშნოთ: 22 წლის მარჯვენაფლანგელის, ვაჟა ტაბატაძის პროგრესი უკვე აშკარაზე მეტად თვალშისაცემია!

ქება მეგოლეებს!
თორნიკე კაპანაძის მსგავსად, ზედიზედ მეორე მატჩში შეძლეს თავის გამოჩენა ლაშა თოთაძემ და დავით კირკიტაძემ; ეს უკანასკნელი რუსთავის "მეტალურგის" ახალწვეულია და 20 წლის გარემარბმა ამჯერად თავისი ყოფილი კლუბი "ჩიხურა" დაამწუხრა; რაც შეეხება თოთაძეს, 24 წლის ფეხბურთელი "სიონში" ამ ზაფხულს ჩაირიცხა და ამპლუით მცველმა ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა!

თუმცა, ზემოთ ხსენებული კაპანაძის, კირკიტაძისა და თოთაძის გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელია, ორივე ტურში რომ მოახერხეს გოლების გატანა. უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გრიგოლ დოლიძე უნდა გამოვარჩიოთ: "დილას" 30 წლის მარჯვენაფლანგელი მართლაც მშვენიერ ფორმაშია და ევროპალიგასა თუ საქართველოს ჩემპიონატის, ფაქტობრივად, ყოველ მატჩში გოლები გააქვს!

დოლიძე ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა (3 გოლი), თუმცა მდევარიც მრავლად ჰყავს და თბილისის "დინამოს" "მძიმე არტილერიაც" (ჩისკო, ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი) არ უნდა "ჩამოვწეროთ".

დაბოლოს, კიდევ ერთ, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც გამორჩეულ მეგოლეზეც: 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილი ამჯერად "ჩიხურას" ფეხბურთელია და ახალი გუნდის შემადგენლობაში ორ თამაშში 2 გოლის გატანა "მოასწრო"! თანაც, ტატანაშვილმა ორივეჯერ შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა თავი;

თუმცა ამ გამოცდილი ფორვარდისგან ეს არც უნდა გვიკვირდეს: 2007-08 წლების სეზონში, როდესაც თბილისის "ამერში" თამაშობდა, ტატანაშვილმა სეზონში 13 გოლი გაიტანა და იქიდან... 9 შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა!..

ავტოგოლები მოგვიმრავლდა...
პირველ ტურში მარტვილის "მერანის" ახალგაზრდა მარცხენაფლანგელმა პაპუნა ფონიავამ ბურთი მეტოქის კარშიც გაიტანა და... საკუთარშიც! დაგვეთანხმებით, რომ მსგავსი ფაქტი ხშირად არ ხდება.

მაგრამ აი, მეორე ტურში მსგავსი კვლავაც განმეორდა: "ჩიხურას" 25 წლის მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა ჯერ მშობლიური ქალაქის, რუსთავის გუნდის კარში გაიტანა გოლი, რამდენიმე წუთში უკვე ავტოგოლი გაიფორმა!

თუმცა მეორე ტურში კიდევ ერთი ავტოგოლი დაფიქსირდა: ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელს, გიორგი ხიდეშელს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა, თანაც, ბედის ირონიით, ტრავმებისგან გაწამებულმა ხიდეშელმა "ავტოგოლი" ხანგრძლივი პაუზის მერე ჩატარებულ პირველსავე მატჩში და... ყოფილ გუნდთან, "ზესტაფონთან", (სადაც ჩამოყალიბდა კიდეც, როგორც კვალიფიციური მცველი) დაპირისპირებაში მიითვალა.

თუმცა ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანია - მთავარია, რომ 25 წლის ხიდეშელი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა!

წარსულში ვბრუნდებით?
25-ე ჩემპიონატს ვატარებთ და ამ ხნის განმავლობაში რა არ მომხდარა ჩვენს სტადიონებზე; აღარაფერს ვამბობთ მსაჯების "კურიოზულ" შეცდომებზეც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მატჩ(ებ)ის შედეგზე რომ მოუხდენია გავლენა; სამწუხაროდ, ისეთი შეხვედრებიც არაერთი ყოფილა, როცა "მარჯვნიდან", "მარცხნიდან", "ზემოდან" თუ "ქვემოდან" წამოსული ბრძანება-დირექტივებითა თუ "თხოვნა-მოთხოვნით", ამა თუ იმ გუნდს... თამაშის დაწყებამდე მიანიშნებდნენ ხოლმე: დღეს წარმატებაზე არც იფიქროთო!

ჰო, არავინ უარყოს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თუ მერე მსგავსი ფაქტები არ ხდებოდაო. ანდა, რაღა შორს მივდივართ: განა შანშანდელი, მართლაც სამარცხვინო ამბები შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს?

გასაგებია, რომ იმ დროისათვის ყოვლისშემძლე პატრონს წინ ვერავინ აღუდგებოდა და მართლაც კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდსაც, ძალიან დიდი ალბათობით, დაუხმარებლადაც შეეძლო წარმატებისათვის მიეღწია. თუმცა, აღარ გვინდა იმ სამარცხვინო თასის ფინალის (და საერთოდ, მთლიანად იმ სეზონის) გახსენება; ისე, როგორც იმ უსიამოვნო ფაქტების, წინა 24 სეზონის განმავლობაში მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა ქართული გუნდი გარკვეული დოზით რომ იყო დაკავშირებული.

ამხელა შესავლის გაკეთება კი ტურის და, საერთოდ, პირველი წრის ცენტრალური მატჩის გამო მოგვიწია: ასეთ სანახაობრივ და საინტერესო შეხვედრას აშკარად უკეთესი და აშკარად კვალიფიციური მსაჯობა მოუხდებოდა!

ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა ასეთი პრინციპული დაპირისპირების დროს არბიტრი რამდენიმე საკამათო (რბილად რომ ვთქვათ) გადაწყვეტილებას იღებს - ამით ხომ "დილა"-"დინამოს" მატჩი გაუფერულდა!

იყო პენალტ(ებ)ი თუ არ იყო, იყო თამაშგარე თუ არ იყო, შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული ფეხბურთელისათვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება, - ყველა ამ სადავო და საკამათო ეპიზოდზე შესაბამისმა ორგანომ, ანუ სფფ-ის სამსაჯო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და შესაბამისი სანქციაც უნდა გამოიტანოს.

უბრალოდ, ძალიან ცუდად გვენიშნა, რომ ჯერ სეზონის დასაწყისია და "სამსაჯო საკითხი" ასეთი აქტუალურია და წარმოიდგინეთ, მომავალი წლის გაზაფხულისკენ რა სიტუაცია იქნება...

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]
ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]
სპარტაკი-სიონი 0:2 - "სიონი" ფერსა და მადაზე მოდის
ჩიხურა-მეტალურგი 2:3 - გოლების წვიმა წვიმაში
გურია-მერანი 1:0 - ვილის პირველი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 0:0

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინოა ქართული ფეგბურთი.ამათი მსაჯობა რა კიდე ძალით ცაართვეს დილას სამი ქულა.
jmiko
19:29 21-08-2013
0
ძალიან სამწუხაროა დღევანდელი დინამოს მდგომარეობა. შემადგენლობით ის ყველას ჯობია, თუმცა აშკარაა, რომ მეტი მოეთხოვება
Emzar
16:48 21-08-2013
0

სიახლეები პოპულარული