უმაღლესი ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სამი ტურის მერე მართლაც უცნაური სატურნირო მდგომარეობა შეიქმნა: ჩემპიონატს ერთდროულად სამი ლიდერი ("ჩიხურა", "სიონი", "მერანი") ჰყავს. სამაგიეროდ, "დილა", "დინამო" და "ზესტაფონი" ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან!

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის დასაწყისია და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სატურნირო ცხრილის დღევანდელი მდგომარეობა რეალურად ნამდვილად არ ასახავს გუნდების ძალთა თანაფარდობას.

ამას გარდა, არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ იმავე "დილასა" და "დინამოს" (ისე, როგორც "ტორპედოსა" და "სპარტაკს") სხვა გუნდებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ეგ კი არა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მსგავსი
"უცნაური" სიტუაცია მომდევნო ტურის მერეც შენარჩუნებული იქნება; ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ გორის "დილამ" და თბილისის "დინამომ" მომდევნო ტურის მატჩებიც გამოტოვონ.

მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ამ ორი გუნდის ევროტურნირებზე მონაწილეობაა: "დინამომ" ხუთშაბათს, გვიან ღამით უნდა ითამაშოს გასვლითი მატჩი "ტოტენჰემთან", ლონდონიდან სამშობლოში კი, სავარაუდოდ, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში მოუწევს ჩამოსვლა.

არადა კვირას ასევე გასვლითი მატჩი ელოდება "გურიასთან" (სადაც "დინამო" მატჩის წინა დღეს უნდა გაემგზავროს) და გამოდის, რომ საქართველოს ჩემპიონს დასვენებისათვის ერთი დღეც არ რჩება.

თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და ნურც ისეთ სიტუაციას გამოვრიცხავთ, რომ "დილამაც" და "დინამომაც" მომდევნო ტურის მატჩები ჩაატარონ.

რა თქმა უნდა, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ამა თუ იმ ქართულ გუნდს ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობისათვის, მაგრამ თუკი მთელ ევროპაში ჩვეულებრივ ამბად აღიქმება ოთხ დღეში ერთხელ ოფიციალური მატჩების ჩატარება, ჩვენთან რატომ იქმნება პრობლემები?

თუმცა, ნეტავ მხოლოდ ეს იყოს საქართველოს ჩემპიონატის "ერთადერთი" მინუსი: რა დონის პირველობასაც ვატარებთ, ამას ყოველწლიურად, უფრო ზუსტად, ყოველ ზაფხულს "ვამჩნევთ", როცა ევროტურნირების დრო დგება ხოლმე.

არა, იმას ნამდვილად ვერ მოვითხოვთ, რომ, გინდა თუ არა, თბილისის "დინამომ" ლონდონის "ტოტენჰემი" უნდა "დაიფრინოსო"; უბრალოდ, ხანდახან რეალობას მოვწყდებით და ქართული გუნდების რეალურ ძალას ვეღარ ვითვალისწინებთ მანამდე, ვიდრე "ტოტენჰემის" დონის გუნდს არ შევხვდებით...

ჩიხურა: ძველები და ახლები
...ცუდია თუ კარგია, მაინც ჩვენია ეს ჩემპიონატი და, ტრადიციისამებრ, ახლახან დასრულებული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, "ჩიხურას" გალიდერება (ბურთების უკეთესი სხვაობით) უნდა ვახსენოთ: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდმა მანამდე დაუმარცხებელ "ვიტ ჯორჯიას" სტუმრად დამაჯერებლად მოუგო.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა კარში პირველი გოლი "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა და ხუთი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. მეორე გოლი კი საჩხერელთა გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ ტატანაშვილი ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, ზედიზედ მესამე მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა! ოღონდ, წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ტატანაშვილი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში გახლდათ!

და კიდევ "ჩიხურას" შესახებ: წინა ტურებისა და ევროტურნირების მატჩებისგან განსხვავებით, კარში რევაზ თევდორაძე ვიხილეთ; 25 წლის თევდორაძე უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და პირველივე მატჩი ნულზე ჩაატარა...

მეკარეების თემა
ამ არასრულ ტურში თუ რაიმე ან ვინმე იყო გამოსარჩევი, ალბათ, უმაღლესი ლიგის გუნდების მეკარეები! თევდორაძე უკვე ვახსენეთ და მისი კოლეგებიც ქებით გვინდა მოვიხსენიოთ.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ტურში 2 პენალტი დაინიშნა და ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს: "ზუგდიდის" გამოცდილმა მეკარემ, 31 წლის ზურაბ მამალაძემ "მერანის" 21 წლის თავდამსხმელს, ლაშა კუჭუხიძეს არ დაანება გოლის გატანა; "ვიტ ჯორჯიას" 23 წლის მეკარემ ნიკა დაუშვილმა კი - "ჩიხურას" შტატიან პენალტისტს, 32 წლის დავით ოდიკაძეს (ისე, ოდიკაძის გაცუდებული პენალტი მართლაც ძნელი გასახსენებელია...).

თევდორაძის, მამალაძისა და დაუშვილის გარდა, სხვა მეკარეებიც უნდა გამოვარჩიოთ: არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა "სიონი"-"გურიას" მატჩი, ბოლნისელთა გამოცდილ მეკარეს, 32 წლის მირზა მერლანს პირველ ტაიმში თავისი ოსტატობა რომ არ გამოევლინა.

გამოცდილება არც 33 წლის გრიგოლ ბედიაშვილს დაეწუნება: "მეტალურგის" მეკარემ "ზესტაფონთან" შეხვედრის მიწურულს ურთულესი ბურთი აუღო იმერული კლუბის ბრაზილიელ ლეგიონერს, რენე ფერეირას.

თუმცა ამ ტურის გამორჩეული მეკარე მაინც "ზესტაფონის" კაპიტანი, 24 წლის როინ კვასხვაძე გახლდათ, რომლის ჩინებული რეაქციის წყალობით "ზესტაფონმა" ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა!

დებიუტები, ახალგაზრდები და სამგზის კირკიტაძე!
ცხრილში თუ სამ გუნდს აქვს ერთნაირი ქულა, სამაგიეროდ, ბომბარდირებშია "ორხელისუფლებიანობა": ზემოთ ნახსენები დიმიტრი ტატანაშვილის მსგავსად, 3 გოლი აქვს გატანილი "დილას" 30 წლის გარემარბ გრიგოლ დოლიძეს. ამ უკანასკნელს (ისე, როგორც მის გუნდს) გასულ ტურში არ უასპარეზია; სამაგიეროდ, ის ფეხბურთელები გვინდა ვახსენოთ, ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლები რომ გაიტანეს.

32 წლის შოთა ბაბუნაშვილს არაერთ გუნდში ("სამგურალი", "ტორპედო", "დინამო", "სიონი", "ბორჯომი", "ოლიმპი", "ზესტაფონი") უთამაშია, ახლა კი "მერანის" წარმატებას დაუდო სათავე.

გამოცდილება არც გიორგი კახელიშვილს აკლია. 26 წლის გარემარბი თბილისის "ლოკომოტივის", "ოლიმპის", "ვიტ ჯორჯიას", "დინამოსა" და "დილას" შემდეგ ამჯერად "სიონის" ღირსებას იცავს და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლიც გაიტანა. თუმცა ამ სწრაფ ფლანგის ფეხბურთელს ემოციების მოთოკვაც უნდა შეეძლოს, ყოველ შემთხვევაში, "გურიას" კამერუნელ ლეგიონერ არნო ჩუენსუს როგორც მოექცა, რბილად რომ ვთქვათ, კარგი საქციელი ვერ იყო...

...გასულ ტურში თავიანთ ახალ გუნდებში პირველი მატჩები ჩაატარეს 24 წლის ბექა ტუღუშმა ("მეტალურგი") და 33 წლის თორნიკე აფციაურმა ("სიონი"); ამას გარდა, მესამე ტურში შედგა კიდევ ერთი ლეგიონერის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში: 26 წლის ნიგერიელი საყრდენი ნაემეკა აჯურუ ურიგო ფეხბურთელი არ ჩანს (ისე, როგორც - ბრაზილიელი რენე ფერეირა) და ვფიქრობთ, "ზესტაფონს" დიდ სამსახურს გაუწევს.

და ბოლოს, გასული ტურის რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშეზეც: "სიონის" 20 წლის ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა ორი საგოლე პასი გააკეთა, "ზესტაფონის" 20 წლის ცენტრალური მცველი თევდორე გრიგალაშვილი კი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში!

აღარაფერს ვამბობთ "მეტალურგის" ახალწვეულზე, 20 წლის დავით კირკიტაძეზე: რუსთაველთა გუნდის მარჯვენა გარემარბი ერთადერთი ფეხბურთელია, ზედიზედ მესამედ რომ მოხვდა "ლელოს" ვერსიით შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:2 - გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე
მეტალურგი-ზესტაფონი 0:0 - შთამბეჭდავი კაპიტანი
სიონი-გურია 2:0 - ბოლნისელები წინ მიიწევენ
მერანი-ზუგდიდი 2:0 - გამარჯვება კითხვის ნიშნის გარეშე

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ხომ არასრული ტური იყო და როგორ შეიძლება სიმბოლური ნაკრების შექმნა? ამ ტურში ხომ დინამო ტორპედო და დილა აკლდა
levani
00:10 29-08-2013
0

სიახლეები პოპულარული