ზესტაფონი-დილა 2:0 - პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" მიმდინარე ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო - განვლილ ოთხ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო და ამ ტურამდე ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა.

ამიიტომ, რატკო დოსტანიჩის გუნდისთვის 13 სექტემბრის დაპირისპირება ყველა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო...

დავასწრებთ მოვლენებს და თავიდანვე ვიტყვით, რომ "ზესტაფონმა" მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ქომაგებს ის გუნდი გაახსენა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, დოსტანიჩმა სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და პრინციპული დაპირისპირებისთვის გუნდი საფუძვლიანად მოამზადა.

თუმცა აჯობებს, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ...

მშვენიერ გაზონზე გუნდებმა თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს. მასპინძლებმა თავიდანვე რამდენიმე სახიფათო შეტევა
განავითარეს - ჯერ გიორგი ადამიას სახიფათო ჯარიმა ოდნავ გადასცდა ხარიხას, მერე მორიგ შეტევას ირაკლი ქობალია აგვირგვინებდა, მაგრამ სამიზნეს მისი დარტყმულიც მცირედით ასცდა, ხოლო ცოტა ხანში იმავე ქობალიამ, მეკარის ბაქანთან, ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა გურამ სამუშიას გამჭოლ გადაცემას.

Sportall.Geაქვე უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც სწორედ სამუშია აქტიურობდა...

ნელ-ნელა სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. ისინი მოკლე პასებითა და კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ მეტოქის გატეხვას. ბევრს მოძრაობდა "დილას" ფორვარდი ირაკლი მოდებაძე, თუმცა პირველ ნახევარ საათში გორელებს მასპინძელთა კართან რაიმე ღირებული არ შეუქმნიათ.

მხოლოდ ერთი ეპიზოდის აღნიშვნა შეიძლება - გრიგოლ დოლიძის გადაცემით მოდებაძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ როინ კვასხვაძემ უშეცდომოდ ითამაშა და ფორვარდს კარში არ დაარტყმევინა...

საპასუხო შეტევამ კი "ზესტაფონს" გოლი მოუტანა - მარცხენა ფლანგზე დაინიშნა ჯარიმა, საიდანაც ადამიამ მეკარის ბაქანთან ჩააბზრიალა ბურთი, იქ კი ყველაზე მაღლა ქობალია ახტა და თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 1:0.

ამის შემდეგ ზესტაფონელებმა კიდევ უფრო გაამწვავეს იერიშები, ამ დროს კი გორელები მიუტევებელ შეცდომებს უშვებდნენ და სამუშიას ზედიზედ რამდენიმე, ერთი-მეორეზე უკეთესი საგოლე მომენტები შეექმნა - პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული ნუკრი რევიშვილმა მოიგერია, ხოლო შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა, ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა. არადა, გულშემატკივრები ლამის გოლს ზეიმობდნენ...

მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი დევდარიანმა შეცვლებს მიმართა - მოედანზე ახალწვეული ნიკა ფილიევი შეიყვანა, რამდენიმე წუთში კი ირაკლი მაისურაძე მიხეილ გორელიშვილით შეცვალა.

ამით სტუმრები თამაშის გამწვავებას შეეცადნენ, მაგრამ ზესტაფონელთა მცველები უშეცდომოთ ირჯებოდნენ, განსაკუთრებით კი რენე ფერეირას კარგი თამაშია გამოსარჩევი - ფიზიკურად ძლიერი ბრაზილიელი დაცვის ცენტრში კედელივით აღიმართა და გორელ შემტევებს "განძრევის" საშუალებას არ აძლევდა, პლუს ამას, შეტევებშიც კარგად ერთვებოდა...

ერთი სიტყვით, სტუმართა იერიშებს აზრი და სიმწვავე აკლდა, სამაგიეროდ, დოსტანიჩის შეგირდებს შეექმნათ ორი კარგი შანსი - პირველ ეპიზოდში ლევან კუტალიამ ითამაშა კარგად, კარშიც დაარტყა, მაგრამ რევიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, ხოლო რამდენიმე წუთში ქობალია ურტყამდა ძლიერად, თუმცა მცირეოდენ უზუსტოდ.

...მაგრამ ქობალიას ცოტა ხანში ისეთი გოლი გაიტანა, ნებისმიერი ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს - დაახლოებით 28 მეტრიდან ისეთი საჯარიმო დარტყმა გამოუვიდა, ლამის "ცხრიანი" გაარღვია.

ეს იყო და, ზესტაფონელებმა ბოლომდე გაილაღეს. ბევრს მოძრაობდნენ და სახიფათოდ უტევდნენ. კუტალიას, რომელიც ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კიდევ ერთხელ შეეძლო სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მისმა დარტყმულმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოკლედ, დოსტანიჩის გუნდმა გააზრებული თამაში აჩვენა, ხოლო გორელებს რაც შეეხებათ, ისინი საკუთარ თავს არ ჰგავდნენ და ამიტომაც ვერ გაუწიეს მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3

გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა

VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონი ეს ერთი და სხვა მრავალი.... აგრე გააგრძელეთ!წარმატებები...
marinamarina
12:55 15-09-2013
0
დილა სიხცხვილია თქვენი მხრიდან ეგეთი ტამაში ცოტა აზრზე მოდით.
bibo
13:36 14-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული