კალენდრის თანახმად, ეს მატჩები 25 აგვისტოს, III ტურში უნდა გამართულიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, "დინამოც" და "დილაც" იმ დროისთვის ევროპალიგის პლეი ოფის სტადიაზე ასპარეზობდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც ორივე გუნდს შეღავათი გაუკეთა.
აქვე არც ის დაგვავიწყდეს, კოლეგიალობის როგორი კეთილი ჟესტი გააკეთა "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ: ქუთაისური კლუბის წარმომადგენლები თავად გამოვიდნენ ინიციატივით, რომ "დილასთან" კალენდარული მატჩი მოგვიანებით გამართულიყო. ანუ გორელებმა მთელი კონცენტრაცია ევროტურნირებისაკენ მიმართონ და "დილას" წარმატება კი, საერთოდ, ქართული ფეხბურთის წარმატება იქნებაო, - აი,
ისე, ვერაფერს ვიტყვით: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში მსგავსი ფაქტების გახსენება, ცოტა არ იყოს, გვიჭირს; ჰოდა, ბარაქალა "ტორპედოს" ხელმძღვანელობასა თუ სამწვრთნელო შტაბს: კალენდრით გათვალისწინებულ დღეს რომ ჩატარებულიყო "ტორპედო"-"დილას" შეხვედრა, წარმატების ძალიან დიდი შანსი ხომ მასპინძლებს ექნებოდათ, რამეთუ გორელთა გუნდი, ფაქტობრივად, ვენიდან პირდაპირ... ქუთაისში უნდა წამოსულიყო!
აი, დღეს კი, "ტორპედოც" და "დილაც" თანაბარ პირობებში არიან: ორივე გუნდმა (ისე, როგორც "დინამომ" და "სპარტაკმა") პარასკევს ითამაშა, ოღონდ სხვაობა ის არის, რომ დღევანდელი მეტოქეები ამ გადადებულ შეხვედრას აშკარად სხვადასხვა განწყობით ხვდებიან.
რვა წლის შემდეგ: რევიშვილი ქუთაისში!
...13 სექტემბერს "დილამ" ზესტაფონში ითამაშა, 17 სექტემბერს "ტორპედოსთან" გასვლითი მატჩი აქვს, შაბათს კი ისევ... ქუთაისში უნდა ჩავიდეს და ამჯერად "ჩიხურას" დაუპირისპირდეს!
ჰო, ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "დატვირთული იმერული ტურნე" გამოუვათ გორელებს; მით უფრო, რომ ლაშა გვალიასა და გიორგი ილურიძის გარეშე დარჩენილმა გიორგი დევდარიანის გუნდმა ჩემპიონატის პირველი მარცხი სწორედ ზესტაფონში განიცადა.
თუმცა 17 სექტემბრის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს: არწაგების შემთხვევაში "ტორპედო" კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად დარჩება; აი, "დილას" გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი შანსია, რომ ცხრილში ისევ "სამხელისუფლებიანობა" ვიხილოთ (პარალელურ მატჩში "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში).
მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია. თუმცა ის კი ფაქტია, რომ 17 სექტემბრის შეხვედრა, უდავოდ, საინტერესო რომ უნდა გამოდგეს: ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ხომ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას!
ამას გარდა, არანაკლებ საინტერესო იქნება ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაც: "დილას" წამყვანი მოთამაშეები გრიგოლ დოლიძე და ალექსანდრე კვახაძე წინა სეზონში ხომ "ტორპედოში" ასპარეზობდნენ, აღარაფერს ვამბობთ გიორგი გურულზე, ქუთაისელთა გუნდში შვიდი სეზონი რომ აქვს გატარებული.
თუმცა სტუმართა გუნდის ერთი ფეხბურთელისათვის დღევანდელი მატჩი, ალბათ, ყველაზე მეტად განსაკუთრებული იქნება: გორის "დილასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მშობლიური ქალაქის სტადიონზე... რვაწლიანი პაუზის მერე უნდა გამოვიდეს!
ოღონდ ამჯერად უკვე მეტოქის რანგში და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ "ტორპედოში" ასპარეზობით გაიცნო ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ეს ნიჭიერი მეკარე, რომელიც 18 წლის ასაკში გაემგზავრა რუსეთში და აი, ნუკრი რევიშვილი დღეს ქუთაისში ბრუნდება!..
...მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, უპირატესობა "ტორპედოს" მხარესაა; აი, თუგინდ წინა სეზონი გავიხსენოთ: ქუთაისელებმა ოთხიდან სამი მატჩი მოუგეს მეტოქეს და ამ დაკარგულმა 9 ქულამ დიდადაც იმოქმედა "დილას" საჩემპიონო შანსების განიავებაზე...
განსხვავებული პრობლემები
"ტორპედო"-"დილას" დაპირისპირებაში ვერც ერთ გუნდს ფავორიტად ვერ მივიჩნევთ და ამ წყვილში დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგიც არავის უნდა გაუკვირდეს; აი, მეორე გადმოტანილ შეხვედრაში კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: მოქმედი ჩემპიონი და ამ გათამაშების უპირველესი ფავორიტი ეთამაშება გუნდს, წინა ოთხივე დაპირისპირება რომ წააგო!
სამწუხაროდ, ერთწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "სპარტაკს" ერთობ წარუმატებელი სტარტი გამოუვიდა; ამას ისიც დაემატა, რომ ისედაც არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაში მყოფ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ზედიზედ უწევს ჩემპიონატის ფავორიტებთან დაპირისპირება: "ტორპედოსა" და "მეტალურგის" (ორივე მატჩი მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო) მერე "დინამოა", შემდეგ "ზესტაფონი" და "დილა"!
თუმცა ეს კიდევ არ არის საკმარისი: "სპარტაკის" მდგომარეობა საკადრო პრობლემებითაც "დამძიმდა" და როგორი საქმეა, "დინამოსთან" ძირითადი შემადგენლობით ხუთი-ექვსი ფეხბურთელის გარეშე ასპარეზობა? თეიმურაზ შონია, ნიკა მგელაძე, დავით მეგრელიშვილი, - ამ ფეხბურთელებმა წინა ტურის მატჩიც გამოტოვეს ტრავმის გამო; ამათ გარდა, 17 სექტემბერს "სპარტაკს" ვერც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი თექთურმანიძე დაეხმარებიან - ორივე ფეხბურთელი ხომ "დინამოს" კუთვნილებაა და ცხინვალელთა გუნდში იჯარით ასპარეზობს.
მოკლედ, ამ მატჩის უდავო ფავორიტის გამოცნობა უადვილესი საქმეა; თანაც, დინამოელებსაც ხომ არანაკლები სატურნირო მოტივაცია უნდა ჰქონდეთ: მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამორიცხავთ, რომ ამ ორი გადადებული მატჩის დამთავრების შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერად სწორედ "დინამო" მოგვევლინოს! ამისათვის კი "სულ რაღაც" ორი რამ არის საჭირო: პარალელურ მატჩში "დილამ" უნდა მოიგოს, ხოლო "დინამომ" ორი ან მეტი ბურთის სხვაობით აჯობოს ჩემპიონატის აუტსაიდერს...
...ზემოთ "სპარტაკის" კალენდარი ვახსენეთ და ბარემ "დინამოზეც" ვთქვათ: დუშან უჰრინის გუნდს ზედიზედ ხუთი ისეთი მატჩი აქვს, ქულათა მაქსიმუმის აღება რომ "მოეთხოვება".
მოვლენები თუ ასეთი "სცენარით" წარიმართა, მაშინ, ალბათ, საკადრო ცვლილებების თემაც აღარ იქნება აქტუალური: ანუ დუშან უჰრინის დარჩენა-არდარჩენაზე საუბარი დროებით მაინც შეწყდება.
თუმცა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ მხოლოდ ქულებში როდია საქმე: "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს რა იდეალური პირობებიც აქვთ შექმნილი, ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი ამ პირობების ადეკვატური მაინც ყოფილიყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"