სოსო ფრუიძე: არა მგონია, "დილამ" კონტრშეტევაზე ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა 21 სექტემბერს ქუთაისშია, სადაც ნომინალური მასპინძელი საჩხერის "ჩიხურა" გორის "დილას" დაუხვდება.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რა წინათგრძნობა გაქვთ "დილასთან" მატჩის წინ?
- ძალიან რთული თამაში გველის. წინა ტურში ვერც ჩვენ მოვიგეთ და ვერც "დილამ" და, ალბათ, ესეც გასათვალისწინებელია. "დილამ" ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებაზე ითამაშა...

- საშინაო შეხვედრებს "ჩიხურა" ქუთაისში რომ თამაშობს, ეს დიდ დისკომფორტს გიქმნით?
- რა თქმა უნდა. ისე გამოდის, რომ ყველა მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ და
ეს არც ისე ადვილია.

- "დილასთან" მატჩისთვის "ჩიხურა" უდანაკარგოდ იქნება?
- სამწუხაროდ, ტრავმა აქვთ გიგა ბეჭვაიასა და გიორგი ქიმაძეს.

- ევროტურნირის შემდეგ "დილა" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და როგორ ფიქრობთ, ეს საქმეს გაგიადვილებთ?
- მიუხედავად ამისა, "დილა" მაინც ძალიან კარგი გუნდია და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია.

- "ჩიხურა" რისთვის იბრძვის ამ სეზონში?
- ჯერ ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, მერე კი ვნახოთ...

- "დილა" ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევაზე. შაბათსაც ამას ელოდებით?
- არა მგონია, "დილამ" კინტრშეტევაზე ააგოს თამაში. ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, სხვანაირადაც შეუძლია თამაში. "დილა" შემტევი გუნდია, დანარჩენს კი მატჩი გვიჩვენებს.

- მიმდინარე ჩემპიონატი "ჩიხურამ" სამი მოგებითა და ორი მარცხით დაიწყო - კმაყოფილი ხართ ასეთი სტარტით?
- ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შინ რომ ვთამაშობდეთ, ალბათ, სამი ქულით მეტი გვექნებოდა.

- ივანწმინდაში როდის დასრულდება სტადიონის რეკონსტრუქცია?
- გასახდელები უნდა გადიდდეს და ვიპ-ლოჟაც მოეწყოს. სამუშაოები დაწყებულია და, ალბათ, ნოემბრიდან უკვე შინ ვითამაშებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: ვითომ არაფერი შეიცვლება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული