გიორგი დევდარიანი: ძველი სისტემით თამაში შეცდომა იყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა 21 სექტემბერს ქუთაისშია, სადაც ნომინალური მასპინძელი საჩხერის "ჩიხურა" გორის "დილას" დაუხვდება.

გიორგი დევდარიანის "დილამ" ევროსარბიელზე გამოსვლას ეროვნულ ჩემპიონატში კარგი თამაშები ვეღარ მიაყოლა. მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთ მოწინავე ქართულ გუნდად ითვლება და ასეთ იმიჯს განმტკიცება სჭირდება.

"ჩიხურასთან" მატჩის წინ "დილას" მთავარ მწვრთნელს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გუნდში?
- იმის მოლოდინში ვართ, რომ წარუმატებელი სერია დავასრულოთ, თუმცა პრობლემებიც მოგვეძალა: ოთარ ხიზანეიშვილს, გულვერდ თომაშვილსა და გრიგოლ დოლიძეს ტრავმები აქვთ და
ჯერ არ შეუძლიათ თამაში.

დოლიძემ "ზესტაფონთან" კუნთი გაიწყვიტა, თომაშვილს საზარდული აწუხებს, ხიზანეიშვილს კი - მუხლი.

უმთავრესი პრობლემაა ისიც, რომ ლაშა გვალიას და გიორგი ილურიძის სრულფასოვნად შეცვლას ჯერ ვერ ვახერხებთ, არადა, შეტევაში ეს ორი ფეხბურთელი ბევრ რამეს აკეთებდა. იმ სისტემას ვეღარ გამოვიყენებთ, რომელსაც გვალიასა და ილურიძის დროს მივმართავდით. სხვა სისტემაზე ეფექტურად გადაწყობა კი ასე უცბად ვერ მოხდება. ჩემპიონატში მძიმე კალენდარი რომ გვქონდა, ამანაც უარყოფითად იმოქმედა.

"ჩიხურა" კარგი გუნდია და რთული მატჩი გველის. ამ შეხვედრის შემდეგ კალენდარი შედარებით შეგვიმსუბუქდება, თუმცა არც ერთ მეტოქესთან არ ველით იოლ თამაშს.

- ბოლო შეხვედრებში ხომ "დილამ" იმავე სისტემით ითამაშა?
- ძველი სისტემით ვითამაშეთ და მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო.

- რატი ალექსიძე როდის შეძლებს თამაშს?
- ტრავმის შემდეგ მან ახლახან განაახლა ვარჯიში და სათამაშოდ ჯერ მზად ვერ იქნება.

- რა იქნება "დილას" მიზანი ამ სეზონში?
- ალბათ, სამეულში მოხვედრა.

- რაც ეს ჩემპიონატი დაიწყო, ყველაზე მეტად რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ფაქტია, შემადგენლობისა და პირობების გათვალისწინებით ჩემპიონობის ფავორიტი "დინამო" იქნება, "ტორპედო" მომავლის გუნდია, რაც შეეხება "ზესტაფონს", სანამ ამ გუნდს შევხვდებოდით, ამ სეზონში მისი თამაშის ყველა ჩანაწერი ვნახე და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ეს თამაში არ ჰქონდა წასაგები, ნავსი კი ჩვენთან გატეხეს. მომეწონა ეს გუნდი, სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

- "დილას" კი თითქოს ხელოვნურად ექმნება პრობლემები...
- ძნელია ისე თამაში, როცა არ იცი, რა მოხდება კლუბში 3-4 თვის შემდეგ. ერთი ამბავი ატყდა - რაღაც მაქინაციები ხდებოდა "დილაშიო". თუ ვინმე განზრახ ლაპარაკობს ასეთ რამეს, არ არის ეს კარგი საქმე, ხოლო თუ უნებლიედ, უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: ვითომ არაფერი შეიცვლება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული