დილა-სპარტაკი 3:1. ჩაკეტავ - აგებ, გახსნი - მაინც აგებ [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი მოდებაძემ (მარცხნივ) დუბლი შეასრულა

აუტსაიდერთან საშინაო მატჩში გორის "დილა", რასაკვირველია, სამ ქულას გეგმავდა და განზრახვა სისრულეშიც მოიყვანა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლომდე ეს ეჭვქვეშ იყო.

შეხვედრის დასაწყისიდანვე ცხინვალის "სპარტაკმა" მოწინააღმდეგეს ჩაკეტილი თამაში შესთავაზა.

ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილებმა გორელებს ტერიტორიული უპირატესობა ნებით დაუთმეს და მათ ყოველ შეტევას არათუ მეტოქის ნახევარზე პრესინგით ან შუა ხაზთან წინააღმდეგობით, არამედ საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრებული ზღუდეებით ხვდებოდნენ.

სამაგიეროდ, ცხინვალის გუნდი ცდილობდა, მეტოქისთვის სწრაფი და მწვავე კონტრშეტევებით ეპასუხა. "დილა" ამ შეხვედრაშიც ხაზზე მოთამაშე ოთხი მცველით გამოვიდა. შესაბამისად, გიორგი
დევდარიანმა ევროტურნირებზე აპრობირებული სამსტოპერიანი დაცვის ხაზი ნელ-ნელა გადააწყო სხვა სქემაზე, რაც, ამ ფორმულით ჩატარებული მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ურიგო არ უნდა იყოს.

ყოველ შემთხვევაში, კვირას "დილას" დაცვის ხაზი საკმაოდ კარგად ასპარეზობდა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

გამოვარჩევთ გუნდის კაპიტან კვახაძეს, რომელიც "მეორე სართულზე" დომინირებდა. ნაყოფიერად მოქმედებდა მასპინძლების ორივე საყრდენი ნახევარმცველი - აბურჯანია და დიასამიძე; მისთვის ჩვეულად ბევრი იშრომა ბურთის მოპოვებასა და შეტევაში ასატანად მოდებაძემ.

ამ მატჩში მისი მონაგარი (დუბლი) ნამდვილად დამსახურებული იყო.

Sportall.Geპირველი ტაიმი სახიფათო ეპიზოდებით გამორჩეული არ ყოფილა. მართალია, ორივე გუნდის ფეხბურთელები (მეტადრე მასპინძლები) მეტოქის კარისკენ ურტყამდნენ, მაგრამ ამას ხიფათი არ მოჰქონდა.

"დილამ" ტაიმის მიწურულს თამაშის სადავეები ხელთ იგდო, შეტევათა განვითარების ვარიანტებიც აქტიურად მოსინჯა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. ყველაზე მეტად კი გორელიშვილი ვერ შეეგუა ანგარიშის "სიმშრალეს" და გოლი, როგორც იტყვიან, გასახდელში დააწია ცხინვალელებს - ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე მაისურაძის ფლანგური პასი საჯარიმოში მიიღო და მიწაზე დაუშვებლად ეფექტურად გადაგზავნა კარში - 1:0.

"სპარტაკი" მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა შედეგს ვერ მოუტანდა და მეორე ტაიმის დებიუტიდანვე გახსნა თამაში. "დილამ" გამოწვევა მიიღო და თავადაც მაღალ ტემპში ათამაშდა. მოკლედ, კარგი ბურთაობა გაჩაღდა.

"სპარტაკის" კართან მწვავე მომენტები გახშირდა. რომ არა სტუმართა გოლკიპერის უსწრაფესი რეაქცია, კვახაძე უკვე 55-ე წუთზე გაზრდიდა ანგარიშს. მაგრამ მეორე გოლს მაინც არ დაუგვიანია - აბურჯანიას პასით საჯარიმოში შეჭრილმა მოდებაძემ პენალტი მოინადირა და თავადვე აქცია გოლად - 2:0.

ვიდრე მოწინააღმდეგე "ნოკდაუნში" იყო, "დილამ" მესამედაც იხეირა - გოლი ისევ აბურჯანიას პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა მოდებაძემ შეაგდო.

გასაკვირი არაა, რომ სამი ბურთით დაწინაურებულ მასპინძლებს ბევრი აღარ უწვალიათ ანგარიშის გასაზრდელად. სამაგიეროდ, ცხინვალის გუნდი ცდილობდა, უგოლოდ არ დაეტოვებინა მოედანი. მიზნის მისაღწევად ისინი ხშირად მიმართავდნენ დარტყმებს საშუალო და შორი დისტანციიდან. თუმცა რევიშვილმა თუხარელსა და კილასონიას არ გაატანინა, ოღონდ ეს იყო 86-ე წუთამდე, როცა ბურძენაძის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმულზე არც განძრეულა.

დარჩენილ დროში ისევ გორელებს შეეძლოთ გატანა, თუმცა წიქარიძემ ორჯერ გაფლანგა მეტად სახარბიელო მომენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
დინამო-მერანი 4:2
მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
სიონი-ჩიხურა 2:2
ზესტაფონი-გურია 1:0
Sportall.Ge
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო
მკითხველის კომენტარები / 2 /
bibo, რა ქნა ასეთი ნუკრიმ?
zako
13:21 30-09-2013
0
რევიშვილის საქციელს ახსნა არა აქვს რაც ქნა.
bibo
10:41 30-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული