ირაკლი მოდებაძე: ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას კარგი არაფერი მოაქვს

AutoSharing Option
გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას წასვლის შემდეგ "დილას" პატარა ჩავარდნა ჰქონდა, ბოლო დროს კი გიორგი დევდარიანის გუნდმა თამაში გამოაკეთა - ოთხდღიან მონაკვეთში ჯერ თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მოუგო ბათუმის "დინამოს" 1:0, ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში კი ცხინვალის "სპარტაკი" 3:1 დაამარცხა.

ამ თამაშში დუბლი შეასრულა "დილას" 28 წლის ცენტრფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ. სხვათა შორის, მოდებაძის კარგი თამაში ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასაც არ გამორჩენია - ბოლოსწინა შეკრებაზეც ჰყავდა მიწვეული (თუმცა ფინეთსა და საფრანგეთთან არ უთამაშია) და საესპანეთოდაც უხმო.

როგორც უნდა იყოს, ამ
დროისთვის მოდებაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- "დილამ" ბოლო ორი მატჩი მოიგო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩავარდნა დასრულებულია?
- ჩავარდნა დაძლეულიაო, ვერ ვიტყოდი, თუმცა უკეთესობა რომ არის, ფაქტია. ბოლო ორი მოგება ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაგვეხმარა და ალბათ, მალე ჩავდგებით კალაპოტში. ილურიძისა და გვალიას წასვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, რისი აღმოფხვრაც უკვე ხდება გეგა დიასამიძისა და გიორგი აბურჯანიას მეშვეობით. ტრავმირებული ოთარ ხიზანეიშვილიც რომ დაგვიბრუნდება, კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავა "დილას" საქმე.

- ამ ჩემპიონატში ჯერჯერობით ისე მიდის ყველაფერი, რომ ძნელად წარმოსადგენია, თბილისის "დინამოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. ეთანხმებით ასეთ შეფასებას?
- არ ვეთანხმები, რადგან მიმაჩნია, რომ არც ჩვენ, არც "ჩიხურა" და არც "ტორპედო" იოლად არაფერს დავთმობთ.

- გასაგებია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომელ კლუბში რა ვითარებაა და რა რესურსია საჭირო ჩემპიონობისთვის. ისიც საყურადღებოა, რომ მოწინავე გუნდებმა გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს...
- "დინამოსგან" 5 ქულა გვაშორებს და ასეთი ჩამორჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს, სეზონის მთავარი და საინტერესო თამაშები ჯერაც წინ არის. რაც შეეხება დაკარგულ ქულებს, ყველა თამაშს ვერავინ მოიგებს და, შესაბამისად, უდანაკარგოც ვერავინ იქნება.

- ნაკრებზეც გკითხავთ. როგორც ახალმისულს, რა სიტუაცია, რა გარემო დაგხვდათ ეროვნულ გუნდში?
- უკეთესს ვისურვებდი. ყველაფერი მაინც შედეგზეა დამოკიდებული. როცა გუნდს წარმატებები აქვს, სიტუაცია და გარემო თავისთავად კარგი ხდება. იმ შეკრებაზე თამაში არ მომიწია, მაგრამ მთავარი ხომ შედეგია. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი საქმე კარგად უნდა ვაკეთოთ, ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას კი კარგი არაფერი მოაქვს.

- 28 წლის ხართ. ეს ასაკი ფეხბურთელისთვის კარიერის პიკია. როგორ ფიქრობთ, სანაკრებოდ წინსვლის შანსი ისევ არის? ფაქტია, რომ თქვენი სტილის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება - ტექნიკური, გუნდის ამომყვანი...
- არ ვიცი, ეს ასაკი პიკი არის თუ არა, ისე კი, 28 წლის მერეც შეიძლება პროგრესი. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- "დილას" დავუბრუნდეთ. ევროსარბიელის შემდეგ გუნდის მონახაზი მნიშვნელოვნად შეიცვალა?
- ევროპალიგაზე ხუთი ნომინალური მცველით ვთამაშობდით, ახლა კი ოთხ მცველზე გადავეწყვეთ, რამაც გუნდის მონახაზში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ევროსარბიელზე თუ ხუთი მცველით თამაში იყო საჭირო, საქართველოს ჩემპიონატში ეს აუცილებელი აღარ არის, ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა.

"დილამ" კარგად რომ წარმოაჩინა თავი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე, ეს გიორგი დევდარიანის დიდი დამსახურებაცაა - სამი თვის შეკრებილი გუნდი გვყავდა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

- "სპარტაკთან" ორი გოლი გაიტანეთ, მანამდე კი "დილამ" "ჩიხურასთან" 1:3 რომ წააგო, ისეთი გოლი გამოგივიდათ, ბევრი თავდამსხმელი რომ ვერ მოახერხებდა. მიმდინარე სეზონში თქვენი საუკეთესო გოლი ის იყო?
- "ჩიხურასთან" რომ გავიტანე, ის მართლა არ იყო იოლი, მაგრამ თავდამსხმელი ვარ და ჩემი მოვალეობაც ეგ არის. ამ სეზონში ჯერჯერობით მართლაც ის იყო ჩემი საუკეთესო გოლი.

- რაც ეს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, თამაშის ხარისხით ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ქუთაისის "ტორპედო". ახალგაზრდული გუნდია, თუმცა გამართულად თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ "ფორტუნა" დაივიწყა და "სევასტოპოლი" გაიხსენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული