შეიძლება გიორგი მერებაშვილი წავიდეს - რა ხდება თბილისის "დინამოში"?

AutoSharing Option
ეს თვე თბილისის "დინამოში" დიდი ცვლილებით აღინიშნა. 8 ოქტომბერს კლუბმა მეორე გუნდისა და დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა.

ცნობილია, რომ პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2"-ს 37 წლის მალხაზ ჟვანია დაუნიშნეს, რომელიც 7 წელი მარტვილის "მერანს" ავარჯიშებდა, უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და საქართველოს ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

დუბლშემადგენლობას სათავეში კახი გოგიჩაიშვილი ჩაუდგა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ღირსებას. მას სულიკო დავითაშვილი და ზურაბ ქვაჩახია დაეხმარებიან, რომლებიც "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში წარმატებით მუშაობდნენ...

ეს ყველაფერი არახალია, დღეს კი
იმაზე მოგახსენებთ, რაც "დინამოში", სავარაუდოდ, მოხდება. გამომდინარე ბევრი ფაქტორიდან, უნდა დავასკვნათ, რომ უფრო მეტი წინ გველის.

ჟვანიას ჩამოსვლისთანავე გაჩნდა კითხვა - ხომ არ მოასწავებდა ეს მთავარ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებასაც და რამდენად მართალია გავრცელებული ვერსია, თითქოს მალე ჟვანიას თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზეც დააწინაურებენ?

მოგეხსენებათ, მსგავსი კომბინაცია ფეხბურთში არაერთხელ მომხდარა - გია გეგუჩაძე, კახა კაჭარავა, გიორგი დევდარიანი მთავარ მწვრთნელებად სწორედ ამ გზის გავლით გახდნენ. ჟვანიას ამაზე კითხვა რომ დაუსვეს, ორაზროვნად განაცხადა - ეს მომავლის საქმეაო. ანუ არ გამორიცხა.

მანამდე კი აქტიურად განიხილებოდა თემურ ქეცბაიასა და გია გეგუჩაძის კანდიდატურები. გავრცელებული ხმებით, დუშან უჰრინი ჯერ გეგუჩაძეს უნდა "შეეცვალა", ხოლო შემდეგ - ქეცბაიას, რომელიც, თითქოს, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან წამოვიდოდა და "დინამოს" ჩაიბარებდა. მაგრამ ეს ხმები მიწყნარდა.

ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ "დინამოში" რაღაც ხდება. კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მაღალბიუჯეტიანმა პროექტმა (რომლისკენაც გული არ მიმიწევდაო) არ გაამართლა. ამის მაგალითად კი ფიფიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელთა მეტოქე ბუქარესტის "სტიაუა" დაასახელა:

"ახალგაზრდა რუმინელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა რამდენიმე წელიწადში შედეგი მიიღო და ეს ძალიან მომწონს. ახლა "სტიაუას" ყოველწლიურად ექნება ლიგის ჯგუფში შესვლის პრეტენზია და ამის რეალური შანსიც. ესაა კლუბის სტრატეგია...

ჩვენც "დინამოს" რეგულარულ წარმატებებს მყარი ფუნდამენტი უნდა დავუდოთ. აკადემია, დუბლები, "დინამო 2", პირველი გუნდი - ყველა უწყვეტი ჯაჭვის რგოლებივით უნდა ფუნქციონირებდეს...

ახალგაზრდებს უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ, თუნდაც, რაღაც მომენტში, მცირე წარუმატებლობის ხარჯზე".


ფიფიას ეს ფრაზა გვაფიქრებინებს, რომ მას გეგმაში აქვს ხანმოკლე და მაღალბიუჯეტიანი პროექტის ჩანაცვლება ხანგრძლივი პროექტით, ანუ გუნდის განახლება-გაახალგაზრდავება. ბოლო დროს კულუარებში ლაპარაკობენ კიდეც, რომ შესაძლოა, "დინამო" რამდენიმე გამოცდილმა და მაღალანაზღაურებადმა ლიდერმა დატოვოს, მაგალითად - ჩისკომ და გიორგი მერებაშვილმა.

ამ ვერსიის მიხედვითაც, მალე კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება და "დინამო" მართლაც საგრძნობლად გაახალგაზრდავდება. იმასაც ამტკიცებენ, თითქოს მერებაშვილი ფიფიას უკვე შეხვდა და შეუთანხმდა, რომ ზამთარში "დინამოს" დატოვებს, მანამდე კი ტრანსფერზე დააყენებენ, თუმცა კლუბი დიდ თანხას არ მოითხოვს.

ფაქტობრივად, მერებაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი შეთანხმება არსებობს, თუმცა ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა.

ჯერ ისიც უცნობია, ზემოთ ნახსენები ვერსიიდან რომელი გამართლდება - სტრატეგია კი არის მოფიქრებული, მაგრამ მისი განხორციელების გზებია დასაზუსტებელი.

მაგრამ ფიფიას სიტყვები, ახალგაზრდებს უფრო მეტად უნდა ვენდოთო და ამ კონტექსტში "სტიაუას" მაგალითის მოყვანა, დამაფიქრებელია და იმაზე მიუთითებს, რომ "დინამოს" მეპატრონე რადიკალურ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. თუმცა, პარალელურად იმასაც აღნიშნავს, რომ "დინამოს" ბირთვს გამოცდილი ფეხბურთელები უნდა შეადგენდნენ...

ვნახოთ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი დრო არ რჩება. ისიც ფაქტია, რომ "დინამოს" კარგი თაობები ეზრდება. სექტემბერში ბულგარეთში, "ლუკოილის" მიერ დაფინანსებულ ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნით ეტაპზე, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა (ასისტენტები: ლადო კაკაშვილი და ზურაბ ქვაჩახია) "დინამოს" აკადემიის გუნდმა (2001 წელს დაბადებულები) მეოთხე ადგილი დაიკავა.

ანუ თაობები მოდიან და მთავარია, არ დაიკარგონ. ეს ბავშვები "დინამომ" უნდა გამოიყენოს და ისევე არ შეელიოს, როგორც თავის დროზე - გიორგი ილურიძეს, ავთო ებრალიძეს, საბა კვირკველიას, რომლებიც "დინამოდან" უპრობლემოდ წავიდნენ.

"დინამო 2"-სა და დუბლშემადგენლობაში დასაქმებულ ნიჭიერ ბავშვებს მართლაც უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ძირითადი გუნდისთვის იზრდებიან და არა - იჯარით სხვა გუნდებში გადასასვლელად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპის ჩემპიონი გაოცებულია - რატომ დაბრუნდა მერებაშვილი საქართველოში?
ვასილ მაისურაძე: მწვრთნელებს ასე არ ექცევიან!
რეორგანიზაცია "დინამოში": ტყავაძე მოხსნეს! მწვრთნელად გეგუჩაძე თუ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამაზე სისულელეს ვერაფერს იზამს ფიფია მერებაშვილი გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია ვისაც მომენტის შექმნა შეუძლია ალბათ გრიგალაშვილთან ერთად მერებაშვილი კი არ უნდა გაუშვას ყველა ლეგიონერი უნდა გაუშვას და ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება დინამოს არაფერ სასიკეთოს მოუტანს და უარესად ჩაისვრის ევროთასებზე პირიქით უნდა დააბრუნონ უცხოეთიდან ქართველი ფეეხბურთელები რომელიც სუსტ გუნდებში თამაშობენ და გუნდი ააწყოს მაღალ დონეზე ხუბუტია ამისულაშვილი ლობჟანიძე დაუშვილი შოთა გრიგალაშვილი თარგამაძე მარცვალაძე ნავალოვსკი დააბრუნოს ეს ბიჭები ფიფიამ საქართველოში და ჯგუფშიც ითამაშებს გაახალგაზრდავება არაფერ კარგს მოუტანს ამაში დარწმუნებული ვარ მე შეიძლება ჩემპიონიც ვეღარ გახდეს გუნდი და უაზროდ ფულის ყრა იქნება ფიფიასი 3 წელია ფიფია მოსულია დინამოში და ჭკუა ვერ ისწავლა და ალბათ ვერც ისწავლის დინამოს წარმატების იმედი აღარ უნდა გვქონდეს მერებაშვილი თუ გაუშვეს და 20 წლის ბიჭები მიიყვანეს გუნდში
giorgi
12:47 17-10-2013
0
უნდა იყოს ახალგაზრდების და გამოცდილების ერთობლიობა. ასეა სტიაუაში და ასეა ყველა ნორმალურ გუნდში. ალბათ 2 მაქსიმუმ სამი ლეგიონერიც უნდა იყოს.
ოღონდ კოლექტიურ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ და არა ინდივიდუალურს.
ramo
15:45 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული