მწვრთნელთა გაშვების ქართული ტენდენცია - ეს ჯერ დასაწყისია...

AutoSharing Option
ფოტოზე: მხოლოდ სოსო ფრუიძემ და დუშან უჰრინმა ჩაამთავრეს უმაღლეს ლიგაში წინა სეზონი თავიდან ბოლომდე და დღემდე ინარჩუნებენ პოსტს!

ერთი ტურიც და უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის პირველი წრე დამთავრდება, რომლის შემდეგაც "ლელო", ტრადიციულად, ამ პირველ "საშუალედო ეტაპს" შეაჯამებს.

თუმცა, დღესვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ისე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე სეზონშიც გრძელდება მწვრთნელების გათავისუფლების ტენდენცია. თავად განსაჯეთ: 12-გუნდიან ჩემპიონატში უკვე მეხუთე სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა, არადა, ჯერ მხოლოდ 9 ტურია გასული...

უცნაური დამთხვევა
... საინტერესო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: წინა სეზონშიც 9 ტურის შემდეგ
ხუთი სამწვრთნელო გადაადგილება იყო მომხდარი! თუმცა, იმედია, 2011-12 წლების სეზონის ანტირეკორდი კარგა ხანია აღარ განახლდება: რვა ტურის შემდეგ მაშინაც ხომ ათი მწვრთნელი გამოიცვალა (თანაც, ზოგიერთ გუნდში - ორჯერ და... სამჯერაც)!

საერთოდაც, ამ თემაზე ბოლო წლებში არაერთხელ გვისაუბრია და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება იმ მწვრთნელთა რიცხვი, რამდენიმე წელიწადს კი არა, ერთ კონკრეტულ სეზონს ერთსა და იმავე გუნდში... რომ დაიწყებს და დაამთავრებს!

აღარ გვინდა უცხოეთის მაგალითების მოყვანა და იმის გახსენება, თუ რამდენი წელიწადი მუშაობდნენ გადაბმულად ერთსა და იმავე გუნდში გი რუ ("ოსერი") თუ თომას შააფი ("ვერდერი"); აღარაფერს ვამბობთ თანამედროვეობის ორ მართლაც უდიდეს მწვრთნელზე - ალექს ფერგიუსონსა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და არსენ ვენგერზე ("არსენალი).

თუმცა, ინგლისური პრემიერლიგა საერთოდაც ყველასგან განსხვავდება და იქ დასაქმებულ მწვრთნელებსაც (პარალელურად, მენეჯერის ფუნქციებს რომ ითავსებენ) სერიოზული და ხანგრძლივი დროის მანდატი აქვთ. აი, სხვაგან კი, იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ სიტუაციას, ამა თუ იმ მწვრთნელს საკუთარი იდეების რეალიზაციისათვის სამი და მეტი წელიწადი რომ სჭირდება.

ჰოდა, როგორ ფიქრობთ, საქართველო, უფრო ზუსტად, ქართული კლუბების ხელმძღვანელები რატომ უნდა იყვნენ გამონაკლისნი და რატომ უნდა ელოდონ თავიანთი გუნდის მწვრთნელისაგან სასურველ შედეგს... მესამე, მეოთხე თუ მეხუთე წელიწადს? ანუ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როცა მწვრთნელს სამი-ოთხი ვერმოგებული თამაშის მერე ათავისუფლებენ, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს გარედან.

თანაც, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ასეთ "ქირურგიულ ჩარევას"... უარესი შედეგი მოუტანია!

რეკორდსმენი ფრუიძე
ვიდრე ამ სეზონში სამწვრთნელო გადაადგილებებს შეგახსენებდეთ, ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით: უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით ორადორი სპეციალისტია, წინა სეზონი თავიდან ბოლომდე რომ ჩაამთავრა და დღესაც ინარჩუნებს თავის პოსტს! ასეთი სოლიდური ნდობის მანდატი მხოლოდ და მხოლოდ დუშან უჰრინსა ("დინამო") და სოსო ფრუიძეს ("ჩიხურა") აქვთ, რაც ბევრი მათი კოლეგისთვის მართლაც სანატრელია.

ფრუიძე დღესდღეობით სულაც რეკორდსმენია კოლეგებს შორის: ეს გამოცდილი სპეციალისტი "ჩიხურას" 2007 წლიდან თავკაცობს და საჩხერულ გუნდთან ერთად 5 სეზონი პირველ ლიგაში გაატარა; სოსო ფრუიძემ 2012 წელს "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, მერე თასის ფინალშიც გაიყვანა და, რაც მთავარია, წლეულს, ზაფხულს საჩხერელთა გუნდმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროტურნირებზეც იასპარეზა!

ერთ გუნდში გატარებული ხანგრძლივობის რეკორდს უმიზნებდა კიდევ ერთი სპეციალისტი, მალხაზ ჟვანია: სწორედ ამ ახალგაზრდა მწვრთნელის დამსახურებაა, რომ მარტვილის "მერანი" უკვე მესამე სეზონია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს; თუმცა, ჟვანიას 7-წლიანი მოღვაწეობა მარტვილურ გუნდში ამ ერთი თვის წინათ დასრულდა - ეს სპეციალისტი ამჟამად თბილისის "დინამო-2"-ის მთავარი მწვრთნელი გახლავთ.

ზოგი ლოგიკური, ზოგიც უცნაური...
მიმდინარე სეზონის პირველი სამწვრთნელო გადაადგილება "გურიაში" მოხდა: მერვე ტურის შემდეგ დავით მახარაძე უკრაინელმა სპეციალისტმა, რომან პოკორამ შეცვალა.

მართალია, მახარაძე გუნდში დარჩა (ამჯერად - მეორე მწვრთნელად), მაგრამ მისი გათავისუფლება-დაქვეითების მიზეზი დღემდე აუხსნელია: ამ სპეციალისტმა "გურია", ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა, თუმცა, იმდენი შეძლო, რომ მოუმზადებელი და ფაქტობრივად, ტურიდან-ტურამდე შეკოწიწებული გუნდით რვა ტურში... 12 ქულა დააგროვა!

თანაც, მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურიამ" ოთხივე საშინაო მატჩი (მათ შორის - "დინამოსთან" და "მეტალურგთან") მშობლიურ ლანჩხუთში კი არა, ქობულეთში მოიგო.

მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება კი საკუთარი სურვილით მოხდა და ამაზე უკვე ზემოთ მოგახსენეთ: მალხაზ ჟვანიას "მერანიდან" წამოსვლასა და "დინამო-2"-ში გადასვლას ვგულისხმობთ. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში აზრები გაიყო: ზოგი მიიჩნევს, რომ ჟვანიამ კარიერული წინსვლის გათვალისწინებით, სწორი ნაბიჯი გადადგა, ზოგის აზრით კი, მწვრთნელისთვის უმაღლესიდან პირველ ლიგაში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია...

მალხაზ ჟვანიას ნაცვლად "მერანის" მთავარ მწვრთნელად დებიუტანტი-სპეციალისტი კახა ჩხეტიანი დაინიშნა: ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონის" და უნგრული "დებრეცენის" ყოფილ მარცხენაფლანგელს ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, იმას ვგულისხმობთ, რომ "მერანმა" უნდა შეძლოს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

სხვათა შორის, ჩხეტიანთან ერთად ჰქონდა დებიუტი IX ტურში კიდევ ერთ მწვრთნელს: გიორგი დევდარიანის ნაცვლად გორის "დილას" გაძღოლა ამ გუნდისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მეკარეს რამაზ სოღოლაშვილს მიენდო. თუმცა, სოღოლაშვილი 2011-12 წლების სეზონში მცირე ხნით (უფრო ზუსტად, დროებითი თავკაცის რანგში) თავკაცობდა "დილას" და მთლად დებიუტანტსაც ვერ დავარქმევთ.

აი, ამ კვირაში კი ერთდროულად ორი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: როგორც უკვე იცით, გიორგი კიკნაძე "სიონიდან" წამოვიდა და პირველი ეტაპის ბოლომდე ბოლნისელთა გუნდს გიორგი ლოლაძე დამოძღვრავს.

ლოლაძე ამა წლის დასაწყისიდან "სიონის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის რანგში მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა: ბევრისთვის მოულოდნელად, "სიონმა" თასის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება და მეოთხედფინალში გავიდა.

თუმცა, პირველი წრის ბოლო ტურში, კვირა-ორშაბათს რომ უნდა ჩატარდეს, მხოლოდ ლოლაძე არ იქნება ერთადერთი ახალი მწვრთნელი: ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ხაჩიძის ნაცვლად ცხინვალის "სპარტაკს" ამიერიდან კახა კაჭარავა გაწვრთნის!

"სპარტაკი" დღესდღეობით ბოლო ადგილზეა, მაგრამ უახლოესი 2 მატჩი თბილისში აქვს და წარმატების შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობასაც გაიუმჯობესებს. რაც შეეხება კაჭარავას, თბილისის "დინამოს" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავკაცი ამა წლის მაისიდან უმუშევარი იყო: წინა სეზონის ბოლოსწინა ტურში, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ზუგდიდს" 2:0 მოუგო და იმერული კლუბიდან წამოვიდა.

არ არის გამორიცხული, რომ ეს სია გაფართოვდეს. ყოველ შემთხვევაში, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში მოსალოდნელ, მართლაც დამაინტრიგებელ საკადრო ცვლილებას, ალბათ, მალე (შესაძლოა, დღესვე) გაასაჯაროებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრუიძე ძაან მაგარია
fiore
10:10 02-11-2013
0
როცა ტრენერი სასურველ შედეგს ვერ დებს უნდა გაუშვა და მარტო იმიტო არ უნდა დატოვო რო "ტეხავს" საქართველოში კკი არა ყველგან ეგრეა და მარტო ჟურნალისტების გამო არ უნდა გყავდეს ისეთი მწვრთნელი რომელიც გუნდს წინსვლაში ვერ ეხმარება
Shota
18:06 01-11-2013
0

სიახლეები პოპულარული