ლადო ბურდული: ილია კოკაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული ამჟამად ბოლნისის "სიონის" გენერალური დირექტორია და თან მთავარი მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებს.

ბოლო სამ შეხვედრაში "სიონმა" 3 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია, თასის მეოთხედფინალში "ზესტაფონი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, ჩემპიონატის წინა ტურში კი გორის "დილას" სტუმრად 2:0 მოუგო - ერთი სიტყვით, მწვრთნელი ბურდულის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

"ლელოსთან" ინტერვიუში ის საუბრობს "სიონზე", საკლუბო ფეხბურთის ავან-ჩავანზე და კომენტარს აკეთებს "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას 12 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებებზე...

- "სიონში" ფინანსური პრობლემები
იყო და, როგორც შევიტყვეთ, ვითარება სასიკეთოდ შეცვლილა...

- ორი თვის ხელფასი იყო გასასტუმრებელი. მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინათ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ინაუგურაციამდე არ შეიძლებოდა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. ამიტომაც გაიწელა დავალიანების გასტუმრება და გადავწყვიტეთ, სესხი აგვეღო ბანკიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაგვიდგა თავდებში. ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ორმილიონიანი ბიუჯეტი გვაქვს.

- წელიწადში 2 მილიონ ლარად შესაძლებელია კლუბის მაღალ დონეზე ფუნქციონირება?
- გუნდის მაღალ დონეზე შესანახად ეს თანხა არ არის საკმარისი, ასეთი ბიუჯეტით "სიონი" საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებს.

- თასის გათამაშებაში რისი მიღწევა შეიძლება ამ ბიუჯეტით?
- "სიონი" თასის გათამაშებაში "კერკეტი კაკალი" რომ არის, ეს წინა სეზონშიც გამოჩნდა - ნახევარფინალში გავედით, ახლა კი მეოთხედფინალში ვართ. ვნახოთ, რა მოხდება წილისყრის შედეგად. მერვედფინალში "ზესტაფონს" ორივე თამაში მოვუგეთ, ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება.

- არ წყდება საუბრები იმაზე, რომ ქართული კლუბები არათანაბარ პირობებში არიან - კერძო კლუბებს არანაირი შეღავათი არ აქვთ, საბიუჯეტოები კი სახელმწიფოსგან ფინანსდებიან. ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ბოლო პრესკონფერენციაზე...
- თანახმა ვარ იმაზე, რომ ყველა კლუბი კერძო იყოს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, ამ გზას რომ დავადგეთ, უმაღლეს ლიგაში 4-5 გუნდი დარჩება. სადმე არსებობს ოთხ ან ხუთგუნდიანი ჩემპიონატი? რაც შეეხება თანაბრობას სახელმწიფო დაფინანსების მხრივ, კი ბატონო, ეს მისაღებია.

ალბათ, ყველამ იცის, რომ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონიდან სახელმწიფო ყველა კლუბს თანაბრად დააფინანსებს. გასაგებია, რომ დღეს სხვა რეალობაა, მაგრამ ამის გამო ჩემპიონატს ხომ არ ჩავშლით?! პროექტით, წელიწადში უმაღლესი ლიგის ყოველი გუნდის 850-900 ათასი ლარით დაფინანსებაზეა ლაპარაკი.

- მერედა, ასეთი ბიუჯეტი საკმარისი იქნება "სიონისთვის", როცა 2 მილიონი ლარიც კი არ არის სამყოფი მაღალი მიზნებისთვის?
- უმაღლეს ლიგაში საარსებოდ, მინიმუმ ერთმილიონლარიანი წლიური ბიუჯეტი მიმაჩნია საჭიროდ. ვნახოთ, იქნებ სხვა სახსრების მოძიებაც მოხერხდეს.

- მუნიციპალურ, საბიუჯეტო კლუბებში ხშირად ისე ხდება, რომ მწვრთნელის გაშვებასა თუ სხვა წმინდა სპორტულ საკითხებს გამგებელი წყვეტს...
- ჩვენთან ასეა: საკრებულო ნიშნავს კლუბის გენერალურ დირექტორს და მერე ის წყვეტს სპორტულ საკითხებს, სამწვრთნელო შტაბი იქნება, კლუბის ოფისში მომუშავე პერსონალი თუ სხვა.

- გიორგი კიკნაძე რატომ აღარ არის "სიონის" მწვრთნელი?
- ის საკუთარი ნებით წავიდა. დავალიანება რომ დაგროვდა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე და კიკნაძე მეგობრები ვართ, ერთად გვითამაშია კიდეც, ანუ არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

- რამდენად გამართლებული იყო ნიგერიელი მადუბუკეს მიწვევა "სიონში"?
- ის აღარ არის "სიონის" ფეხბურთელი, ნდობა ვერ გაამართლა. არადა, ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი აყვანა მწვრთნელის სურვილით მოხდა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს მწვრთნელის ამპლუაში?
- პირველი ნაბიჯები კარგი იყო, დანარჩენი სხვამ უნდა შეაფასოს. კარგი იქნება, თუ სტაბილურობას მივაღწევთ.

- მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ასრულებთ. ასე იქნება სეზონის მეორე ეტაპზეც?
- არა, მეორე ეტაპზე "სიონს" უკვე სხვა მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც გენერალურ დირექტორს, კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს მეწურება და თუ საკრებულო დადებითად შეაფასებს ჩემს მუშაობას, ხელშეკრულების გაგრძელებაზე მერეღა ვილაპარაკებთ.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა - "სიონში" ორი თვის დავალიანება "ზესტაფონთან" თამაშის წინ გაისტუმრეს და ფეხბურთელებს მოგებისთვის 1500-1500 ლარი დაუწესესო. ყველაფერი მართლა "ზესტაფონთან" წარმატებისთვის გაკეთდა?
- ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ და კარგი იქნება, თუ გადაუმოწმებელ რაღაცებზე არ ვილაპარაკებთ. "ზესტაფონთან" თასზე მოგებისთვის "სიონში" 800 ლარი იყო პრემია, ჩემპიონატში კი - 600 ლარი მოგებაზე და 300 ლარი - ფრეზე.

ბიუჯეტს სიტუაციისდა მიხედვით ვანაწილებთ - შეიძლება, რომელიმე თამაშზე 200 ლარი დავაწესოთ პრემია, სხვაზე კი ამაზე ბევრად მეტი. მაგალითად, თბილისის "დინამოსთან" მატჩისთვის 2000 ლარი დავაწესეთ პრემია, "ზესტაფონი" კი ამ ეტაპზე მოწინავეთა შორის არ არის და ამიტომ ასეთივე დიდ პრემიას არ შევპირდით ფეხბურთელებს.

წინა სეზონში, "ჩიხურასთან" თასის ნახევარფინალში, პრემია 4000 ლარი იყო, რადგან თუ ფინალში გავიდოდით და ჩემპიონ "დინამოს" შევხვდებოდით, ავტომატურად ვინაღდებდით ევროსარბიელზე გასვლას, რაც ფულის მომტანიც იქნებოდა კლუბისთვის.

რაც შეეხება დავალიანების გასტუმრებას, ბანკიდან კრედიტის გამოტანა მანამდეც გვინდოდა, უბრალოდ, ეს "ზესტაფონთან" თამაშისთვის მოხერხდა. ილია კოკაიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართულ ფეხბურთშია, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინც ფეხბურთში ათი წელია საქმიანობს, აჯობებს, ინფორმაციები გადაამოწმოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლადო მაგარი ხარ. კოკაია კი ინტრიგანობას არ იშლის.
bondo
11:05 15-11-2013
0
ნეტა ყველა კლუბში ისეთი პროფესიონალები მუშაობდნენ როგორიც ბურდულია.
ჩვენ, რიგითი გულშემატკივრები სრულ ნდობას გიცხადებთ ლადო
qarizmatuli
20:04 14-11-2013
0

სიახლეები პოპულარული