ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 3:0 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]

AutoSharing Option
სველ მინდორს გუნდებისთვის ხელი არ შეუშლია და თავიდანვე საკმაოდ ენერგიულად ეკვეთნენ ერთმანეთს.

პირველ ტაიმში ზურაბ ბერიძის შეგირდებმა "მასპინძლებს" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ეპიზოდებში სჯობდნენ კიდეც და დიდი ანგარიშით რომ წააგებდნენ, ამას არაფერი მოასწავებდა.

თუმცა მატჩის მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარიშზეც აისახა...

"ჩიხურა" თავიდანვე შეეცადა ბურთზე კონტროლის დაწესებას. ტრადიციულად აქტიური იყო მასპინძელთა მარჯვენა ნახევარმცველი დეკანოიძე, რომლის კარგი გადაცემის შემდეგ ტატანაშვილი ერთი შეხებით ურტყამდა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა და ბურთი უკუაგდო. დამატებაზე დათუნაიშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ დაუშვილმა ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

Sportall.Ge
სასტარტო მღელვარების შემდეგ "ვიტ ჯორჯიაც" გააქტიურდა, სტუმრები სწრაფი და კომბინაციური თამაშით ახერხებდნენ თამაშის გამწვავებას. ჯერ გეთიაშვილმა შეიქმნა ხელსაყრელი მდგომარეობა, როცა მცველი მოხერხებულად ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ... სველ მინდორზე ფეხი გაუცურდა და დარტყმა სუსტი გამოვიდა.

მომდევნო ეპიზოდში ჯანელიძემ იაქტიურა - არ მოერიდა მცველებს და საჯარიმოშიც შეაღწია, მაგრამ დაგვირგვინება აღარ გამოუვიდა.

საჩხერელთაგან კვლავ დეკანოიძემ დაგვამახსოვრა თავი, როცა საკმაოდ მახვილი კუთხიდან კარისკენ სახიფათოდ "მოჭრა" ბურთი, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.

ამის შემდეგ ტემპი დავარდა და ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა. თამაში სტუმრებმა გაამწვავეს, როცა მაისურაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან კარში სახიფათოდ დაარტყა და "ჩიხურას" მეკარე თევდორაძეს, გუნდის გადასარჩენად, თავგანწირული ნახტომის შესრულება მოუწია.

ვიტელებს ვალში არც სოსო ფრუიძის შეგირდები დარჩნენ - ჩიკვაიძის ჩაწოდებისა და ტატანაშვილის თავურის შემდეგ გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ დაუშვილმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და სიტუაცია განმუხტა.

მერე უპირატესობა "ვიტ ჯორჯიასკენ" გადავიდა. ძალიან კარგად წარმართავდა თამაშს სტუმართა გამთამაშებელი ჯანელიძე - მისი შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ასევე საკმაოდ აქტიურ ლობჯანიძეს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ მიზანი ვერ გაასწორა.

მეორე ტაიმი მთლიანად საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა. თამაშის განახლებისთანავე, "ჩიხურას" ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა - შეცვლაზე შესულმა კვასხვაძემ დეკანოიძეს კარგი პასი მისცა. ამანაც არ დაახანა და კარში დაარტყა, მაგრამ დაუშვილმა იყოჩაღა. მანვე გაბედავას დარტყმაც გააუვნებელყო.

საჩხერელები თანდათან ამწვავებდნენ თამაშს და გოლმაც არ დაახანა - მასპინძელთა შესანიშნავი კომბინაცია, რომელშიც კვასხვაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი და ტატანაშვილი მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა - მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და სუსტი დარტყმის მიუხედავად, ბურთი ვიტელთა კარში აღმოჩნდა.

ხუთიოდე წუთში კი "ჩიხურამ" ერთხელაც იხეირა - ოდიკაძის გადაცემის შემდეგ დეკანოიძემ ეფექტური დარტყმით დაუშვილს შანსი არ დაუტოვა.

სტუმრებმა ცოტაც გაიბრძოლეს - კორიფაძის ძლიერი დარტყმა მეკარემ მუშტებით მოიგერია, თუმცა ვიტელებმა ამის მეტი ვერაფერი შემოგვთავაზეს...

მატჩის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე კაშიას ფლანგურ გარღვევასა და გადაცემას ტატანაშვილის დუბლი მოჰყვა.

საბოლოოდ - 3:0 და "ჩიხურამ", რომელიც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია, პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. "ვიტ ჯორჯიას" კი ქვედა ექვსეულიდან თავის დასაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5

XV ტური
4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-დილა
დინამო-გურია
სიონი-ზუგდიდი
მერანი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული