გიორგი ქვილითაია: გადავეწყვეთ და მოვიგეთ

AutoSharing Option
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გაიმართა - გორის "დილამ" შინ "ზესტაფონს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გახდა, ვინც მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და დუბლი შეასრულა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელ ალექსანდრე ჩივაძეს არაერთხელ უთქვამს - ქვილითაია მეტ სათამაშო პრაქტიკას იმსახურებსო. "დილაში" ხომ ფორვარდს მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში.

ქვილითაიას შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- მთლიანობაში როგორი თამაში გამოვიდა? რა ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი?
- უნდა ითქვას, რომ
"ზესტაფონმა" პირველ ტაიმში კარგად ითამაშა და გვაჯობა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში სხვა სქემაზე გადავეწყვეთ - ხუთი მცველით აღარ ვითამაშეთ, უკეთესად წაგვივიდა საქმე და ძალიან საჭირო 3 ქულაც მოვიპოვეთ.

- შეცვლაზე რომ შედიოდით, რა დავალება მოგცათ "დილას" თავკაცმა რამაზ სოღოლაშვილმა?
- წინ ბურთი უნდა "დამეჭირა", გუნდი "ამომეყვანა". თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა, არ წამივიდა თამაში, ერთი-ორი არაზუსტი პასი გავაკეთე, თუმცა საგანგაშო არაფერი მომხდარა. მერე გოლი გავიტანე, "გავიხსენი" და მთელი გუნდიც უკეთესად ათამაშდა, რადგან თავდაჯერებულობა მოგვემატა, უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა.

- თქვენ და ირაკლი მოდებაძე ერთი სტილის თავდამსხმელები ხართ. სოღოლაშვილმა გვითხრა კიდეც - ამ ფაქტორის გამო ვერ ვახერხებთ ქვილითაიასთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას, მოდებაძე გამოცდილია და ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, ვერ გავრისკავთო.
- მოდებაძე მართლაც ძალიან გამოცდილი და ძლიერი ფორვარდია. "ზესტაფონთან" მეორე ტაიმში ორი თავდამსხმელით ვითამაშეთ და ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა. მოდებაძე, რა თქმა უნდა, ჩემზე ბევრად გამოცდილია, მე კი პირველ სეზონს ვთამაშობ საქართველოს უმაღლეს ლიგაში. მწვრთნელს მადლობას ვუხდი ნდობისთვის.

- როგორც "დილას" ყველა ფეხბურთელს, კლუბთან კონტრაქტი თქვენც წლის ბოლოს გიმთავრდებათ. რას აპირებთ პირველი ეტაპის შემდეგ, "დილა" არ გთავაზობთ კონტრაქტის გაგრძელებას?
- კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ არ მაქვს. "დილას", ალბათ, ისევ ექნება დაფინანსება. გორში ძალიან უყვართ ფეხბურთი და წარმოუდგენელია, ამ ქალაქს კარგი გუნდი არ ჰყავდეს. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა გორელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.

- "დილაში" უნგრეთიდან მიხვედით. ისევ უცხოეთისკენ ხომ არ მიგიწევთ გული?
- არის რაღაც ვარიანტები, თუმცა წინასწარ ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

- ახალგაზრდულ ნაკრებზეც გკითხავთ. შოტლანდიასთან სტუმრად 1:1 რომ ითამაშეთ, მატჩის ბოლოს ძალიან კარგი მომენტი გქონიათ...
- ორი მცველი "პოდსებიათი" ჩამოვიცილე და ჩემ წინ მეკარე და ერთი მცველი დარჩნენ. შორეულ კუთხეში დავარტყი და ბურთი მცველმა გამოიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული