ლაშა პარუნაშვილსა და არჩილ ტვილდიანს მკურნალობა გაუგრძელდათ

AutoSharing Option
ფოტოზე: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი

18 ნოემბერს გორში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მოედანზე ბოლნისის "სიონის" საყრდენი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი იყო.

თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ მას "სიონში" აღარ უთამაშია. არადა, ის გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო - მიმდინარე სეზონში პარუნაშვილმა ბოლნისელთა ძირითადში 10 შეხვედრა ჩაატარა.

როგორც 20 წლის ფეხბურთელმა გვითხრა, სლოვაკეთთან შეხვედრის შემდეგ ავადმყოფობს და ჯერაც ვერ მომჯობინდა.

"სლოვაკეთთან მატჩამდეც მაღალი ტემპერატურა მქონდა. აღმოჩნდა, რომ ვირუსი მქონდა. ახლა ვმკურნალობ და ვარჯიშს მალე დავიწყებ, მაგრამ ჯერ არ
ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები",
- გვითხრა პარუნაშვილმა.

"სიონის" ძირითადის მოთამაშეა ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, არჩილ ტვილდიანიც. მან ძირითად შემადგენლობაში 7-ჯერ ითამაშა, მაგრამ გუნდს ისიც ვეღარ ეხმარება - 20 წლის მარჯვენა მცველი 10 ოქტომბერს, ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრისას დაშავდა და მას მერე არათუ არ უთამაშია, არც უვარჯიშია.

"უკვე ორი თვე გავიდა და დღემდე თბილისის "დინამოს" ექიმთან ვმკურნალობ. როგორც მან მითხრა, ეს პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

არადა, უკვე უბრალო ვარჯიშზე გასვლაც მომენატრა. უფეხბურთოდ ცხოვრება ძნელია, მაგრამ იანვრიდან მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებთ და ამ დროისთვის სრული დატვირთვით ვარჯიშს მოვახერხებ",
- გვითხრა ტვილდიანმა.

ორივე ფეხბურთელი "სიონში" იჯარით თამაშობს. მათი ტრანსფერები თბილისის "დინამოს" ეკუთვნის. მას მერე, რაც "დინამო" მალხაზ ჟვანიამ ჩაიბარა და გაცხადდა, რომ "დინამო" ახალგაზრდული გუნდის შექმნას დაიწყებს, არ არის გამორიცხული, ამ გუნდში პარუნაშვილი და ტვილდიანიც მოიაზრებოდნენ.

"ამ საკითხზე "დინამოდან" ჯერ არავინ შემხმიანებია და არც ვიცი, მალხაზ ჟვანიას ჩვენთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს", - ამბობს ტვილდიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული