ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0 - რაც მატჩი, ის შედეგი

AutoSharing Option
"მცხეთა პარკის" ხელოვნური საფარი მზის სხივს კი ირეკლავდა, თუმცა სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა და ფეხბურთელებს ზლაზვნის საშუალებას არ აძლევდა.

ვერ დავითვლიდი, რამდენი კილომეტრი ირბინა თითოეულმა ფეხბურთელმა, მაგრამ ერთი რამ ისედაც ჩანდა - ორივე გუნდმა ბევრი იმოძრავა, თამაშის ხარისხმა კი იმის საშუალება არავის მისცა, გოლი გასულიყო.

"სიონი" ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის. "ვიტ ჯორჯიაც" არ იტყოდა უარს ზედა ექვსეულზე, თუმცა საამისოდ დიდი შანსი ნამდვილად არ აქვს.

9 დეკემბერს გამართული შეხვედრა საინტერესო ვერ გამოდგა. ისე გამოვიდა, რომ ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები აღმოჩნდა.

Sportall.Geპირველ
ტაიმში "ვიტ ჯორჯიას" დირიჟორობას გიორგი ჯანელიძე ცდილობდა, "სიონის" შეტევებს კი თორნიკე აფციაური ხელმძღვანელობდა.

მე-20 წუთი იქნებოდა, გიორგი კორიფაძე რომ გაიჭრა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა ერთ-ერთმა მცველმა შეუშალა ხელი და ხეირიანად ვეღარ დაარტყა.

"სიონისგან" ის ეპიზოდი უნდა აღინიშნოს, როცა მარჯვენა ფლანგზე ზვიად ლობჟანიძემ იჩაუქა, ორ მცველს დაასხა რეტი, ჩააწოდა კიდეც, მაგრამ ლადო ახალაიამ ბურთს თავი კარგად ვერ შეაგება.

მეორე ტაიმში უფრო მეტ სახიფათო მომენტს კი ველოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად - გააზრებული და მძლავრი იერიშები ვერ ვნახეთ.

ისევე, როგორც პირველ ტაიმში, ბევრი იყო წვრილ-წვრილი ჯარიმა, ბურთი საჯარიმო მოედნებამდე იშვიათად აღწევდა...

"სიონის" მწვრთნელმა ლადო ბურდულმა შეცვლებით სცადა გუნდში რაღაც სიახლის შეტანა, თუმცა ამაოდ. არადა, ირაკლი სამხარაძესა და კოკა მიკუჩაძეს არაერთხელ მოუხერხებიათ ჩარხის წაღმა დატრიალება, მაგრამ "სიონს" მოგების იშტა არ ეტყობოდა.

"ვიტ ჯორჯიას" კი არ აქვს ისეთი გრძელი სკამი, როგორც "სიონს". მოგვიანებით შეცვლებს ზურაბ ბერიძემაც მიმართა, თუმცა არც ამას გამოუღია ნაყოფი.

* * *
უამინდობის გამო XVI ტურის გადადებული "გურია"-"ტორპედოს" მატჩი 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, "ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა - 11 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე "მცხეთა პარკზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული