უჰრინიდან უჰრინამდე - "დინამოდან" საკუთარი სურვილით არ მიდიან...

AutoSharing Option
"მადლობა - კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას, მადლობა - "დინამოს" ფეხბურთელებს, მადლობა - გუნდის ერთგულ ფანებს, - აი, ასეთი სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა თავის ბოლო თბილისურ პრესკონფერენციაზე.

მოკლედ, მოხდა ის, რასაც ბოლო ხანს ჩეხური თუ ქართული მედია "ჯიუტად" ამტკიცებდა - ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "პლზენის" მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინის კანდიდატურა განიხილება და ყველაფერი დროის ამბავიაო.

არადა, "დინამოდან" წასვლაზე ოფიციალურ განცხადებას ვიდრე გააკეთებდა, სამი-ოთხი დღით ადრე უჰრინი ქართველ ჟურნალისტებს გვიმტკიცებდა, რომ "პლზენთან" არანაირი
კონტაქტი არ მქონია; სამაგიეროდ, რასაც კონტრაქტი ჰქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოსთან" მაკავშირებსო...

ჯერ კიდევ წლევანდელი ევროტურნირების მერე ნათელი გახდა, რომ დუშან უჰრინისთვის ეს ბოლო ქართული სეზონი უნდა ყოფილიყო; უბრალოდ, გასარკვევი ის იყო, კონტრაქტის ამოწურვამდე (2014 წლის ზაფხულამდე) დარჩებოდა თუ ზამთრის პაუზის დროს დაემშვიდობებოდა "დინამოს" და საერთოდ, საქართველოს.

არ დავმალავთ და ჩვენ უფრო მეორე ვარიანტის გვჯეროდა; მით უფრო, რომ უკვე "ხმამაღლა" საუბრობდნენ "დინამოს" ახალ სტრატეგიაზე (ანუ კურსის შეცვლაზე), რაც, უპირველეს ყოვლისა, გუნდის მკვეთრ გაახალგაზრდავებას გულისხმობდა.

ამას გარდა, ისიც გამჟღავნდა, რომ ამ ზამთრის პაუზის დროს "დინამოს" დატოვება მოუწევდათ გუნდის ლეგიონერთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (გამონაკლისი, ალბათ, ესპანელი ჩისკო იქნებოდა); ჰოდა, უჰრინიც აღარ დაელოდა დეკემბრის ბოლოს და "დინამოდან" საკუთარი სურვილით წავიდა.

არადა, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბიდან რომელიმე მწვრთნელი საკუთარი სურვილით წასულიყოს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მხოლოდ ორი შემთხვევა გვახსენდება: 1998 წელს დავით ყიფიანმა გადადგა მსგავსი ნაბიჯი და 2008 წელს კი დუშან უჰრინმა (უფროსმა), ანუ უმცროსმა უჰრინმაც მიბაძა სახელოვან მამას და თბილისის "დინამო" საკუთარი სურვილით დატოვა, ოღონდ, მამისგან განსხვავებით, კონტრაქტის დამთავრებას აღარ დაელოდა.

არადა, "დინამოს" წლის ბოლომდე ოთხი ოფიციალური მატჩიღა რჩებოდა ჩასატარებელი: სამი - ჩემპიონატში და ერთიც - სუპერთასზე; ჰოდა, 22 დეკემბერს (!) დანიშნულ სუპერთასზეც რომ გაემარჯვა "დინამოს", უმცროსი უჰრინი გახდებოდა მეორე მწვრთნელი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ვინც "ტრიპლეტს" (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი) შეასრულებდა!

თუმცა უჰრინი უკვე სამშობლოშია და დავით ყიფიანის რეკორდი (1997 წელს რომ დაამყარა) კვლავაც ხელშეუხებელია.

მამაშვილობა
უჰრინი-უფროსი რომ თბილისში ჩამოვიდა, უკვე სახელგანთქმული მწვრთნელის სახელი ჰქონდა: იმ დროისათვის 67 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს ხომ ერთობ წარმატებულად მუშაობდა ჩეხურ, შვედურ, კვიპროსულ, ალჟირულ თუ საუდის არაბეთის კლუბებში, სადაც არაერთი ტიტულიც მოიპოვა; აღარაფერს ვამბობთ ჩეხეთის ნაკრებზე, რომელიც უფროსი უჰრინის ხელმძღვანელობით, 1996 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა!

უფროსმა უჰრინმა "დინამო" რომ ჩაიბარა, 2006-07 წლების სეზონი უკვე დაწყებული იყო; საბოლოოდ კი, "დინამომ" მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ უკვე მომდევნო სეზონში უფროსი უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" სამწლიანი პაუზის მერე ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა და სახელოვანი ჩეხი სპეციალისტიც კეთილი სურვილებით დაგვემშვიდობა.

სხვათა შორის, უფროსმა უჰრინმა წასვლამდე "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და გულახდილად გვითხრა:

"მერწმუნეთ, ჩემს უამრავ ტიტულს შორის საქართველოს ჩემპიონობა გამორჩეული და განსაკუთრებულია. ისიც მიხარია, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა საქართველოს ჩემპიონის რანგში დავასრულე!.."


თუმცა უფროსმა უჰრინმა "სიტყვა გატეხა" და მცირე ხნით ბრატისლავას "სლოვანში" იმუშავა, მაგრამ ეს იყო და ეს - იმის შემდეგ დამსახურებულ პენსიაზეა, ხოლო ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კვლავაც თბილისის "დინამოს" უერთგულესი ქომაგი გახდა: 2013 წლის ზაფხულიდან საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი ხომ მისმა ვაჟმა, დუშან უჰრინი-უმცროსმა ჩაიბარა!

აი, ასეთი რამ კი საერთოდ, "დინამოს" ისტორიაში (საკავშირო პერიოდსაც ვგულისხმობთ და დამოუკიდებელ ჩემპიონატებსაც) არასდროს მომხდარა, როცა გუნდი მამა-შვილს გაუწვრთნია და ორივეს ტიტულიც მოუპოვებია! თანაც, სახელოვანი მამისგან განსხვავებით, უმცროსმა უჰრინმა თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულ(ებ)ი სწორედ საქართველოში მოიპოვა.

აქვე არც ის დაგვავიწყდეს, რომ სწორედ უმცროსი უჰრინის ხელმძღვანელობით შეძლო "დინამომ" ხუთწლიანი პაუზის მერე ჩემპიონობის მოპოვება, რასაც შემდეგ თასის აღებაც მოჰყვა - უკანასკნელად კი "დუბლი" "დინამოს"... ათი წლის წინათ (ივო შუშაკის ხელმძღვანელობით) ჰქონდა მოპოვებული.

მოკლედ, უმცროსი უჰრინი სამშობლოში უკვე ტიტულიანი სპეციალისტის რანგში ბრუნდება - მანამდე ხომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა ჩეხური "ბოლესლავის" ვიცე-ჩემპიონობა და რუმინული "ტიმიშოარას" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა იყო.

ახალი სტრატეგია
უფროსი უჰრინის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში 46 მატჩი ჩაატარა და იმ არასრული ორი სეზონის განმავლობაში აი, ასეთი შედეგი ჰქონდა: 39 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება; აი, უმცროსი უჰრინი კი ჩემპიონატში თავისთვის საიუბილეო მატჩს აღარ დაელოდა, თუმცა მამის შედეგი ერთი მატჩით გააუმჯობესა და, ვფიქრობთ, საერთო მონაცემებიც არ დაეწუნებოდა: 47 მატჩი, 35 მოგება, 9 ფრე და 3 წაგება.

განსაკუთრებით კი, უმცროსი უჰრინის საშინაო მატჩების მაჩვენებელი გვინდა გამოვყოთ: ამ სეზონში საკუთარ მოედანზე "დინამომ" 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ ("დილასთან") ითამაშა ფრედ (ბურთების სხვაობა: 23-6); აი, წინა სეზონში კი შინ 15 შეხვედრა მოიგო და მაშინაც ერთადერთი ფრე (კვლავაც - "დილასთან") ჰქონდა!

მოკლედ, მთლიანობაში, უმცროს უჰრინს შედეგები არ დაეწუნებოდა; რაც მთავარია, წინა სეზონი ტრიუმფით ჩაამთავრა, მაგრამ ყველაფერი ხომ მხოლოდ შიდა სარბიელზე ასპარეზობით არ იზომება? ანუ ამ ზაფხულს ევროტურნირებზე განცდილმა ფიასკომ "დინამოს" ხელმძღვანელობა, ალბათ, სერიოზულად დააფიქრა და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მომწიფდა კიდეც აზრი გუნდის მკვეთრი გაახალგაზრდავებისა და, აქედან გამომდინარე, ლეგიონერებთანაც ვადაზე ადრე დამშვიდობებაზე.

ერთი შეხედვით, ძნელია, "დინამოს" ხელმძღვანელები ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო გაამტყუნო: ძვირად ღირებული ლეგიონერებით საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება ადვილი საქმე კი არის, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იგივე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინული "სტიაუას" (რომელიც 90 პროცენტით ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული) ბარიერის დასაძლევად.

ამას გარდა, საქართველოში ჩამოსვლიდან მოყოლებული და ბოლო მატჩით ("გურიასთან") დამთავრებული, დუშან უჰრინ-უმცროსს ხშირად საყვედურობდნენ... ახალგაზრდა ფეხბურთელების იგნორირებაში; თუმცა ჩეხ სპეციალისტს ამ საკითხთან დაკავშირებით მუდამ საკუთარი არგუმენტი ჰქონდა ხოლმე:

"შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი და ამ შედეგის მისაღწევად გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები მჭირდება და არა - ახალგაზრდები"
.

არადა, "დინამოში" არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თუ უწევდათ, აი, ძირითად გუნდში კი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, დამკვიდრების შანსი არ ეძლეოდათ; იმავეს თქმა შეიძლება იმ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, "დინამომ" სხვადასხვა ქართულ გუნდში რომ გაანათხოვრა (გიორგი თექთურმანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი).

საერთოდაც, უმცროსი უჰრინის მოღვაწეობის პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელთაგან მხოლოდ გიორგი გველესიანმა დაიმკვიდრა "დინამოს" ძირითადში ადგილი; აი, მის გარდა კი, "დინამოს" მეორე გუნდიდან თუ დუბლშემადგენლობიდან ძირითადში ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ დაწინაურდა და, სავარაუდოდ, უმცროს უჰრინთან ორმხრივი სურვილის საფუძველზე დაშორების მიზეზი, კლუბის სტრატეგიის შეცვლასთან ერთად, ეს ფაქტიც უნდა ყოფილიყო.

ჰო, ჩვენთან კონკურენტუნარიანი გარემო ხომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს; ანუ "დინამოს" ხელმძღვანელთა აზრით, ძვირად ღირებული ლეგიონერების (მწვრთნელის, ფეხბურთელების) გარეშეც რეალურად შესაძლებელია ყველა აქაური ტიტულის მოპოვება და ამიერიდან მთავარი აქცენტი პერსპექტიული ახალგაზრდების დაწინაურება იქნება.

ალბათ, სწორედ ამ "გათვლით" ჩააბარეს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტ მალხაზ ჟვანიას, რომელიც მარტვილის "მერანშიც" თამამად ენდობოდა ჭაბუკ ფეხბურთელებს და პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამოს" ფარმკლუბშიც წარმატებით იმუშავა.

ჟვანიას ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს, თუმცა ვეჭვობთ, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობას მასზე ბევრად სახელიანი თუ გამოცდილი სპეციალისტის მოწვევა ჰქონდეს განზრახული, - ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონის ბოლომდე. ალბათ, ასეც იქნება; მერე კი, ვნახოთ...

თბილისის დინამოს მწვრთნელები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
1990 დავით ყიფიანი
1991 დავით ყიფიანი
1991/92 რევაზ ძოძუაშვილი
1992/93 რევაზ ძოძუაშვილი; გივი ნოდია
1993/94 გივი ნოდია
1994/95 გივი ნოდია, სერგო კუტივაძე, თემურ ჩხაიძე, ვაჟა ჟვანია, დავით ყიფიანი
1995/96 დავით ყიფიანი
1996/97 დავით ყიფიანი
1997/98 დავით ყიფიანი, ნოდარ აკობია, მურთაზ ხურცილავა
1998/99 მურთაზ ხურცილავა, იოჰან ბოსკამპი
1999/00 გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე
2000/01 რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა
2002/02 გივი ნოდია, ივო შუშაკი
2002/03 ივო შუშაკი
2003/04 ივო შუშაკი, გია გეგუჩაძე
2004/05 გია გეგუჩაძე, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე
2005/06 კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი
2006/07 კახა კაჭარავა, დუშან უჰრინი (უფროსი)
2007/08 დუჰან უჰრინი (უფროსი)
2008/09 რაინერ ცობელი, კახა კაჭარავა
2009/10 კახა კაჭარავა
2010/11 კახა კაჭარავა, თამაზ სამხარაძე
2011/12 ალექს გარსია, გიორგი დევდარიანი, რამაზ მუმლაძე
2012/13 დუშან უჰრინი (უმცროსი)
2013/14 დუშან უჰრინი (უმცროსი), მალხაზ ჟვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: გადავწყვიტეთ, რომ თბილისის "დინამო" გავაახალგაზრდავოთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცო, გუნდის გაახალგაზრდავბა შესაძლოა ცუდი არ იყოს თუ ცოტა სიფრთხილით მივუდგებით და სწორ მიმართულებას მივცემთ, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ მწვრთნელიც ახალგაზრდა და გამოუცდელი უნდა იყოს. მე მგონი, რომ პირიქით, რაც შეიძლება გამოცდილი და მცოდნე მწვრთნელი გვჭირდება რომ ახალგაზრდები სწორად გაზარდოს, გუნდი ერთ ბირთვად შეკრას და ყველას ბოლომდე გამოავლენინოს თავისი შესაძლებლობა.
grisha
12:07 10-12-2013
0
გაახალგაზრდავებულ დინამო ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება!მაგრამ საჭიროა სწორი აღზრდაც.ესპანელთა(14 თუ 15 ევრო და მუნდიალი მოიგეს ამ საუკენეში)და ბარსას ფანტასტიკური წარმატებები კროიფის უდიდესი დამსახურებაა...იქნებ მოიწვიოს დინამოს ხემძღვანელობამ?ფინანსრი ხარჯი მომავალში გაამართლებს!
akhali
13:19 10-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული