უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მოსალოცად გვაქვს საქმე: კვირას დაწყებული ტური, როგორც იქნა, 11 დეკემბერს დასრულდა!

აი, ასეთი, აშკარად არასასიამოვნო კორექტივები შეიტანა ამინდმა ჩვენს ჩემპიონატში. ოღონდ, დღევანდელი გადასახედიდან იმას ნამდვილად ვერავინ გეტყვით, როგორ და რა ვითარებაში უნდა გაიმართოს წლის ბოლომდე დარჩენილი ორი ტურის მატჩებიც და, რაც მთავარია, 2013 წლის უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა: 22 დეკემბერს ხომ საქართველოს სუპერთასის მატჩია დანიშნული!

თუმცა ამ არახალ პრობლემას (ჩვენთან დეკემბრის... "საფეხბურთო თვედ" გამოცხადებაა) აღარ დავუბრუნდებით, - უკვე მერამდენე წელიწადია, "ლელოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განსხვავებული პოზიცია აქვთ; ოღონდ ისიც უნდა
ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციასაც ნუ დავადანაშაულებთ იმაში, რომ იგივე ნოემბრის, ოქტომბრის, სექტემბრისა თუ აგვისტოს ნაცვლად, ჩვენთან მაინცდამაინც დეკემბერში რომ უწევთ გუნდებს ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება.

ჰო, ხან - სანაკრებო პაუზაა, ხან კიდევ (ამ შემთხვევაში, ზაფხულს ვგულისხმობთ) - ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბები არიან წინააღმდეგნი, რომ კვირაში ორი-სამი მატჩი გამართონ.

ჰოდა, ვართ ბუნების იმედად: იქნებ დეკემბრის ყინვამ თუ თოვლმა ჩვენს სტადიონებს... გვერდი აუაროს?!.

ახლა კი, ალბათ დროა, რომ გასულ ტურზე ვისაუბროთ; ტურზე, რომელიც საინტერესოც გამოდგა და, როგორც ყოველთვის, სატურნირო ცხრილშიც გარკვეული გადაადგილება მოხდა.

აბა, რაღაც დადებითი ხომ უნდა "ვეძებოთ" წამდაუწუმ და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგას ვგულისხმობთ...

საინტერესო და სანახაობრივი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორის ნაცვლად, "ოთხდღიანი" ტური გამოდგა და ისე დაემთხვა, რომ სატურნირო თვალსაზრისითაც და, რაც მთავარია, თამაშის ხარისხითაც, სწორედ პირველი მატჩი გამოდგა ყველაზე დაძაბულიც და სანახაობრივიც.

"დილა"-"ზესტაფონის" პაექრობას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით, ალბათ, ბევრმა მიადევნა თვალი და პერიპეტიებზე ბევრს აღარ შევჩერდებით.

მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" 9 ნოემბერს "სიონთან" წაგების მერე, მართლაც მშვენიერი სერია "გამოაცხო" და ამ ერთთვიან ურთულეს მონაკვეთში 4 შეხვედრაში 8 ქულა მოიპოვა; თანაც, მხოლოდ ციფრებში როდია საქმე: "დილას" თამაშის ხარისხიც მოწონებას იმსახურებს (მრავალფეროვანი შეტევები, ფლანგების მაქსიმალური და ეფექტიანი გამოყენება) და ახლა იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ზამთრის პაუზის დროს გუნდი არ დაიშალოს.

აი, რაც შეეხება "ზესტაფონს", გია გეგუჩაძის გუნდი ამჯერადაც არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა (თუმცა ამით სულაც არ ვაკნინებთ "დილას" დამსახურებულ გამარჯვებას), მაგრამ, ფაქტია, რომ იმერული კლუბის თამაშში საკმარისზე მეტი რესურსი იგრძნობა და ამაში, ალბათ, ზამთრის პაუზის მერე ბევრი დარწმუნდება.

მშვენიერი დებიუტი
უცნაური სეზონი აქვს მალხაზ ჟვანიას. ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩემპიონატი "მერანში" დაიწყო. მერე, ოქტომბრის დასაწყისში პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამო-2" ჩაიბარა, 6 დეკემბერს კი "დინამოს" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლადაც დაინიშნა!

ჰოდა, მესამე დღეს უკვე სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა ესოდენ პრესტიჟულ და ყველა ქართველი მწვრთნელისათვის საოცნებო რანგში; თავის სადებიუტო შეხვედრაში ჟვანიას რადიკალური ცვლილებები არ განუხორციელებია (თუ არ ჩავთვლით ძირითად შემადგენლობაში ელგუჯა გრიგალაშვილისა და დავით ხურცილავას დაბრუნებას), მაგრამ აშკარად არასახარბიელო მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარებულ მატჩში (სათქმელად რა ადვილია - გ.ტ.) მთავარი ხომ სასურველი შედეგი იყო და ასეც მოხდა: ისე, როგორც პირველი წრის შეხვედრაში, "დინამომ" ამჯერადაც 3 უპასუხო ბურთი გაიტანა "ზუგდიდის" კარში.

აღსანიშნავია, რომ დინამოელთაგან სამივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს: 33 წლის ჩისკო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო, 29 წლის დორინ გოგამ უკვე მეცხრე გოლი გაიტანა, აი, 22 წლის დარკო გლიშიჩმა კი საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეძლო თავის გამოჩენა.

დრამატული ეპილოგი
16 ტურია ჩემპიონატის სტარტიდან გასული და ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როცა "მეტალურგს" ოპტიმალური შემადგენლობით დაეწყოს ან... დაემთავრებინოს ესა თუ ის მატჩი!

თანაც, თითქოს წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა არ ყოფნიდესო, "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ ლამის ყოველ მეორე ტურში უნდა მოისაკლისოს ძირითადის ესა თუ ის მოთამაშე, ოღონდ უკვე დისკვალიფიკაციის გამო: ამჯერადაც უაღრესად მოტივირებულ და ამ ბოლო დროს აშკარად "მოფერიანებულ" "სპარტაკთან" მატჩში რუსთაველთა გუნდმა, ფაქტობრივად, მთელი შეხვედრა რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.

ჰოდა, მატჩის მიწურულს კახა კაჭარავას შეგირდებმა ორი ეფექტური და, რაც მთავარია, შედეგიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმებით დაასრულეს და გასავარდნ ზონასაც დაშორდნენ! კარგი მატჩი ჩაატარა ამ ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში მყოფმა გიორგი თექთურმანიძემ, რომელმაც ორივე საგოლე ეპიზოდში ლომის წილი შეიტანა.

მის გარდა, "სპარტაკის" ორი ახალგაზრდა შემტევიც უნდა აღვნიშნოთ: 22 წლის გარემარბმა თორნიკე თუხარელმაც და 20 წლის დავით გელაშვილმაც თითო-თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალეს.

აღსანიშნავია, რომ მძიმე ტრავმის გამო დავით გელაშვილს, ფაქტობრივად, წელიწადი არ უთამაშია და აი, ამ სეზონში პირველსავე მატჩში, შეცვლაზე შესულმა ლამაზი თავური დარტყმით პირველი გოლიც გაიტანა.

აღმასვლა და ვარდნა
ზედიზედ ორი მარცხი და მაშინვე "გურიას" კრიზისზე დაირხა ხმები; თუმცა ამ სეზონის უკვე არა აღმოჩენამ, არამედ ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა "ტრადიცია" არ დაარღვია და "დინამოს", "მეტალურგისა" და "დილას" შემდეგ, "საშინაო" მატჩში კიდევ ერთ ფავორიტს, ქუთაისის "ტორპედოსაც" მოუგო!

მოკლედ, სულ ერთია, "გურია" საშინაო მატჩებს ფოთში ჩაატარებს, ქობულეთსა თუ სამტრედიაში: 7 მოგება, 0 ფრე და ერთადერთი მარცხი - აი, ასეთია რომან პოკორას გუნდის მონაგარი "საკუთარ" მოედანზე!

ამ ბოლო გამარჯვებით "გურია" კვლავაც მესამე ადგილამდე აღზევდა და აქვე ისიც ვთქვათ, რომ გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 32 წლის ალექსანდრე კოშკაძემ მატჩის პირველი გოლი ცაციათი, პირდაპირ... კუთხურიდან გაიტანა!

არანაკლებ ეფექტური იყო იმავე კოშკაძის პასის მერე "გურიას" მარჯვენა გარემარბის, ალექსანდრე შენგელიას ზუსტი თავური დარტყმაც; აღსანიშნავია, რომ 24 წლის შენგელიამ ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა და სამივე ერთმანეთზე ძლიერი მეტოქეების ("დინამო", "მეტალურგი", "ტორპედო") კარში.

"გურიას" გარდა, ამ ტურმა კიდევ ერთი გუნდი აღაზევა: ჩემპიონატში ზედიზედ ექვსი წაუგებელი თამაში პატარა ამბავი ნამდვილად არ არის და, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ "სიონის" ზედა ექვსეულში დამკვიდრებაც.

აი, "ტორპედოს" არასტაბილური ასპარეზობა გრძელდება: ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ბოლო 8 შეხვედრაში 6 მატჩი წააგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი მოიგო...

ყოჩაღი შემცვლელები
გასულ ტურში ოთხმა ისეთმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, შეცვლაზე რომ შემოვიდა: დავით გელაშვილსა და დარკო გლიშიჩზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მათ გარდა, ასევე გოლით გამოირჩა "ჩიხურას" 21 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც კარიერაში, უდავოდ, ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს (ჩემპიონატში 5 გოლი მისთვის საუკეთესო შედეგია).

ცალკე აღნიშვნის ღირსია "დილას" 20 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელიც "ზესტაფონთან" მატჩის დროს მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ერთი ტაიმის განმავლობაში "დუბლიც" შეასრულა!

სხვათა შორის, ამ სეზონში პირველად მოხდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა "დუბლის" შესრულება შეძლო. ისე, ქვილითაიამ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ შეძლო უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა და მაშინაც ("ტორპედოსთან") შეცვლაზე შემოსული გახლდათ!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
ჩიხურა-მერანი 2:0 - საჩხერელები პოზიციას იმყარებენ
გურია-ტორპედო 2:0 - ნახეთ, კოშკაძის კუთხურიც გოლია! [VIDEO]
ზუგდიდი-დინამო 0:3 - მალხაზ ჟვანიას წარმატებული დებიუტი [VIDEO]
სპარტაკი-მეტალურგი 2:0 - ვერავინ წარმოიდგენდა...
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0 - რაც მატჩი, ის შედეგი
დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული