აი, ახლაც, რუსთავში გამართულ შეხვედრაში "სიონმა", ერთი შეხედვით, "დაგეგმილი" 3 ქულა აიღო, თუმცა ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარებულ მატჩს თვალი ვინც მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ ბოლნისელებს ეს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებიათ.
თუმცა "სიონმა" სწორი ტაქტიკითაც და ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაინც დაჯაბნა ერთობ მოტივირებულად მოასპარეზე "მერანი".
მოკლედ, ლადო
...პირველ ტაიმში "სიონს" ძლიერი ქარის წინააღმდეგაც უწევდა გამკლავება, თუმცა ბოლნისელთა გუნდში ხომ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც გამოდგა.
არადა, პირველ ტაიმში "მერანს" ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს "სიონის" კართან, თუმცა ჯემალ გაბუნიას, ლაშა კუჭუხიძისა და გელა ხუბუას დარტყმებს სიზუსტე აკლდა.
როგორც ყოველთვის, აქტიური გახლდათ "მერანის" ყველაზე გამოცდილი მოთამაშე შოთა ბაბუნაშვილი, ვინც ხშირად ცდილობდა თავისი ახალგაზრდა პარტნიორების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანას.
ტაიმის ბოლოსკენ "მერანმა" კიდევ ორი სახიფათო შეტევა განახორციელა, მაგრამ ორივე ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა "სიონის" გამოცდილმა მეკარემ ზურაბ ბათიაშვილმა, რომელმაც პაპუნა ფონიავას და შოთა კერძევაძის რთული დარტყმები მოიგერია.
თუმცა, ისე არავინ იფიქროს, თითქოსდა, მთელი პირველი ტაიმი "მერანის" კარნახით მიდიოდა; უბრალოდ, "სიონმა" გატანილი გოლის შემდეგ ბურთზე მკაცრი კონტროლი "დააწესა" და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ როცა მოუნდებოდათ, მაშინ შექმნიდნენ ხიფათს.
მატჩის პირველი გოლი კი სტანდარტულის შესრულებას მოჰყვა: ალექსანდრე გოგობერიშვილმა ოსტატურად ჩაახვია ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას "სიონის" კაპიტანმა დავით სვანიძემ დაასწრო და ზუსტი "თავურით" ჯონი შეროზიას შანსი არ დაუტოვა.
არადა, ამ ჯარიმის დანიშვნას სტუმართა ფეხბურთელთა პროტესტი მოჰყვა, რადგან, მათი აზრით, თამაშის წესები იმ ეპიზოდში სწორედ "სიონის" ფეხბურთელმა დაარღვია. თუმცა, ამის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ ისეთი ეპიზოდი, როცა მსაჯების ნებისმიერი გადაწყვეტილება... ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა ემოციურ პროტესტს იწვევდა.
თუმცა სჯობს, ისევ თამაშის პერიპეტიებს დავუბრუნდეთ და ის ეპიზოდიც გავიხსენოთ, "სიონს" გოლის გატანის თითქმის 100-პროცენტიანი შანსი რომ ჰქონდა: საჯარიმო კვლავაც გოგობერიშვილმა ჩააწოდა. მეკარის ბაქნის სიახლოვეს ჯერ რევაზ ქემოკლიძე ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, შემდეგ კი დავით სვანიძემ დაარტყა ზუსტადაც, მაგრამ ჯემალ გაბუნიამ ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა!
მეორე ტაიმში თამაში შედარებით "დაწყნარდა", "სიონი" ბევრად უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, მეტოქეს სახიფათო მომენტი რომ შეაქმნევინა, თუმცა დავით სვანიძემ თავისივე შეცდომა თავგანწირული თამაშით გამოასწორა და აკაკი შულაიას კარში არ დაარტყმევინა.
მატჩის ბოლო წუთზე კი თორნიკე აფციაურმა, როგორც სჩვევია, ჩინებული გადაცემით მეტოქის საჯარიმოში ვალერი აბრამიძე მოძებნა და "სიონის" კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა ვარდნაში თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8
უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
გურია-ზესტაფონი
19 დეკემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-დილა
ჩიხურა-სიონი
მერანი-დინამო
ვიტ ჯორჯია-ტორპედო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"