ღირსება გვავალდებულებს! - ერთი გამარჯვების გამო...

AutoSharing Option
პატარა გუნდს დიდისთვის ნერვები აუშლია და მოუგია - ფეხბურთი რაგბი არ არის, რომ ასეთები არ მოხდეს. აგერ, კვირას "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად თბილისის "დინამო" დაამარცხა (1:0).

მაშინაც კი, როცა "ვიტ ჯორჯია" ხან საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა, ხან თასს ასწევდა თუ სუპერთასს, არ გააჩნდა იმის პრეტენზია, რომ საქართველოში ვინმეზე დიდია, როგორც კლუბი. "ვიტ ჯორჯია" სხვა რამით იყო ძლიერი - ვინც ფულს ხარჯავდა, კლუბსაც ის მართავდა. ის ერთი ოჯახივით ცხოვრობდა, საკუთარი პოლიტიკა ჰქონდა, წარმატებულად ასხვისებდა ფეხბურთელებს...

ეს "ვიტ ჯორჯია" სხვა სიტუაციაშია, ფინანსური პრობლემები აქვს,
შესაბამისად, მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის და ამიტომაც სენსაციად უნდა ჩაითვალოს ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვება თბილისის "დინამოსთან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
არა მგონია, ეს იმის ბრალი იყოს, რომ დინამოელებმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასეს. "დინამომ" ძალიან კარგად იცის, რომელი ქართული გუნდი რისი მაქნისია და სად რა სიტუაციაა.

მაშ, რა მოხდა? ეს რომ ღონიერ "ვიტ ჯორჯიას" ექნა, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. "ვიტ ჯორჯიას" არაერთხელ დაუმარცხებია "დინამო", მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა - ისედაც მცირე და თან დაგვიანებული ხელფას-პრემიები, დაღეჭილი ნერვები, გაუთავებელი მოლოდინი...

ზოგი ვიტჯორჯიელი თბილისიდან მცხეთაში რომ მიდის სავარჯიშოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. ხელფასი რომ გვიანდება, კვების რაციონიც ისეთი ვერ იქნება, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ბოლო დროს "ვიტ ჯორჯია" ვეღარც შეკრებებზე დადის და საერთოდ, ამ გუნდსა და თბილისის "დინამოს" შორის პირობებში ახლა იმხელა სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.

"დინამოსთან" ყველა ქართული გუნდი განსაკუთრებული შემართებით თამაშობს და, ცხადია, ეს ფაქტორი საკვირაო შეხვედრაშიც იქნებოდა. ისიცაა, რომ "ვიტ ჯორჯიას" რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება და სხვა გუნდში გადასასვლელად კარგი თამაშით თავის გამოჩენა არავის აწყენდა.

ნიკა დაუშვილი, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი კორიფაძე - ეს ვიტჯორჯიელები ნებისმიერ ქართულ გუნდში ღირსეულად ითამაშებდნენ. მათ შეუძლიათ ამინდის შექმნა და ეს უკვე ცოტა არ არის.

როგორც უნდა იყოს, ფეხბურთელის ყველაზე დიდი მოტივაცია, სპორტული ჟინის გარდა, ხელფასი და პრემიაა. რამდენიმე საფეხბურთო კლუბში მიმუშავია და კარგად ვიცი, ფეხბურთელებისთვის რა არის მთავარი თემა - სად რამდენია ხელფასი, პრემია და "პადიომნი". ეს მხოლოდ ჩვენთან კი არა, ყველგან ასეა; ყოველ შემთხვევაში, ასე უთქვამთ ჩემთვის უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, უცხოეთში მომუშავე ჩვენებურ მწვრთნელებს.

მე მაინც მგონია, რომ ამ "ვიტ ჯორჯიას" "დინამოს" დამარცხებაში კლუბის ფილოსოფიაც წაეხმარა! Noblesse oblige - ეს ფრანგული გამოთქმა ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება - ღირსება გვავალდებულებს!

ფეხბურთელმა მოედანზე გასვლა და გულშემატკივრების წინაშე თამაში თუ გადაწყვიტა, ვალდებულია, მოსაგებად ყველაფერი გააკეთოს, დაივიწყოს უხელფასობა და ის, რომ საკუთარ და მეტოქე გუნდს შორის ყველანაირი პარამეტრით ძალიან დიდი სხვაობაა.

Noblesse oblige - "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელს ეს მაისურაზეც აწერია.

Sportall.Ge

ისე, სლოგანი "დინამოსაც" ჩინებული აქვს: "მეტი, ვიდრე ფეხბურთი". ეს სლოგანი ძალიან მოქნილი და სადაა. ავტორს ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი, "დინამო" ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო და, შესაბამისად - მეტიც, ვიდრე ფეხბურთია.

ცხადია, "ვიტ ჯორჯიას" არ აქვს იმის ილუზია, რომ ფეხბურთზე მეტია. ძალიან გულახდილი სლოგანი აქვს, პატარა, ოღონდაც - განსაკუთრებული კლუბის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1 - პირველი საშინაო მარცხი [VIDEO]
უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 2 /
საცოდავები ვიტ ჯორჯიას ხელფასები არ აქვთ ,მუცლები შიმშილისგან უბუკბუკებთ::::დ:დ:დ:დ:D რო კითხო ფულის მეტ რა აქვთ თან ფეხბურთელობაზე თავს დებენ საცოდავებიიიიიიიიიიიიიი:დ
გიორგიმარიამი
17:37 15-06-2014
0
ვიტ ჯორჯია ყოველთვის კარგი კამანდა იყო და ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა, ამ სეზონშიც რამდენიმე კარგი თამაში ითამაშა... მოკლედ ეს ერთ ერთი ის გუნდია ქართველებით და თან ახალგაზრდა ქართველებით რომ გადის ფონს.
PARFIUMER
15:58 17-12-2013
0

სიახლეები პოპულარული