უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
წინა ტურის "სრულად" ჩატარება ერთმანეთს კი "მივულოცეთ", მაგრამ უამინდობამ ახლახან დასრულებულს დაღი მაინც დაასვა: დიდთოვლობის გამო "ზესტაფონი"-"სპარტაკი" ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, "დილა"-"ჩიხურას" მატჩის ჩატარებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და საბოლოოდ, ტურის ეს ცენტრალური მატჩი დაგვიანებით მაინც დაიწყო.

სწორედ უამინდობის გამო იყო, "ტორპედოს" თავისი მეტოქისათვის მასპინძლობა მცხეთაში რომ მოუწია, "სიონმა" კი მორიგი "საშინაო" შეხვედრა რუსთავში ჩაატარა...

აი, ამდენი დისკომფორტი მოგვიტანა მკვეთრმა აცივებამ. თანაც, იმავე რუსთავში (სადაც XVII ტურის ორი მატჩი ჩატარდა), მართალია, თამაშების დღეებში (შაბათსა და კვირას) თოვლი არ მოსულა,
მაინც გვარიანად ციოდა (განსაკუთრებით, "სიონი"-"მერანის" მატჩის დროს) და ძლიერმა ქარმა ხომ საერთოდაც "დაამშვენა" ისედაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარებული ის შეხვედრა.

არა უშავს, ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ: დეკემბრის ბოლომდე (!) ხომ ერთადერთი ტური და სუპერთასის მატჩიღაა დარჩენილი...

აუცილებელი განმარტება
ვიდრე გასული ტურის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, საჭიროდ ვცანით, სატურნირო ცხრილთან დაკავშირებით აუცილებელი განმარტება გაგვეკეთებინა. ამის მიზეზი კი ის აზრთა სხვადასხვაობაა, "ლელოში" გამოქვეყნებულ სატურნირო ცხრილს რომ ახლავს ხოლმე.

ანუ ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენელს, ეტყობა, დღემდე არა აქვს საფუძვლიანად გადაკითხული საქართველოს 2013-14 წლების ჩემპიონატის რეგლამენტი. უფრო კონკრეტულად კი, რეგლამენტის შესაბამისი პუნქტი ("ჩემპიონატის ჩატარების პირობები"), სადაც გარკვევით წერია, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპებით:

1) ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი;
2) ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
3) ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4) ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
5) ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
6) ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი - 3 ქულა, ყვითელი - 1 ქულა);
7) თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

აქვე, ალბათ, სჯობს ახლავე "შევთანხმდეთ", რომ წითელ-ყვითელი ბარათების დათვლამდე თუ კენჭისყრამდე (!) საქმე არ მივა და თანაბარქულიან გუნდებს ერთმანეთისგან ურთიერთშეხვედრების შედეგებითა თუ მოგებების რაოდენობით განვასხვავებთ. ანუ დღესდღეობით "მეტალურგი" იმიტომ არის ცხრილში "სიონზე" მაღლა, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

იგივე სიტუაციაა "გურიასა" და "დილასთან" მიმართებაში; აი, რაც შეეხება "ზესტაფონს", "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას", სამივე გუნდს 22-22 ქულა აქვს და ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, დღესდღეობით უპირატესობა "ტორპედოს" მხარეს არის.

თუმცა არა მხოლოდ პირველი ეტაპის ბოლომდე, არამედ წლეულს დარჩენილი ის ერთადერთი ტურიც გარკვეულ კორექტივებს რომ შეიტანს ცხრილში, ფაქტია. თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პირველ ექვსეულში მოხვედრის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს, "ზესტაფონს" სხვებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

Sportall.Ge

ვეტერინარული მოტივაცია
ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლებში შეცვლილი მიზნების მიუხედავად, "ვიტ ჯორჯია" მაინც რჩებოდა თბილისის "დინამოსათვის" ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მეტოქედ.

არც იმის აღნიშვნა დაგვვიწყებია, რომ ამ გუნდების ნებისმიერი დაპირისპირების წინ "ვეტერინარებს" რაიმე დამატებითი მოტივაცია არ ესაჭიროებოდათ; თუმცა ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო "დინამოს" საშინაო მარცხი!

არადა, ამ სეზონში "დინამოს" 7 საშინაო მატჩი ჰქონდა მოგებული და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ ("დილასთან); ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო დინამოელთა მონაცემები წინა ჩემპიონატში: დუშან უჰრინის (უმცროსის) ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 2012-13 წლების სეზონში 15 საშინაო მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთადერთხელ ითამაშა ფრედ (მაშინაც - "დილასთან")!

საერთოდ კი, უკანასკნელად "დინამომ" საშინაო მატჩი 2011-12 წლების სეზონის მიწურულს წააგო (ქუთაისის "ტორპედოსთან") და აი, თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მერე ეს შთამბეჭდავი სერია შეწყდა, თანაც, შეწყდა მაინცდამაინც ახალი თავკაცის პირველ საშინაო შეხვედრაში: მალხაზ ჟვანიას ხომ სადებიუტო მატჩი ჰქონდა "დინამო-არენაზე"...

...ზემოთ "უხერხული მეტოქის" ფაქტორი ვახსენეთ, მაგრამ აი, ის კი არ გვითქვამს, რომ "ვიტ ჯორჯია" ოთხი სეზონის განმავლობაში ვერ ახერხებდა "დინამოს" დამარცხებას; და აი, 2010 წლის 21 თებერვლის მერე პირველად სწორედ ახლა მოხდა, რომ "ვეტერინარებმა" თავიანთ პრინციპულ მეტოქეს ერთი კი არა, სამი ქულა აართვეს.

ამ მოგებას სხვა დატვირთვაც ჰქონდა: ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული გუნდი გასავარდნ ზონასაც გვარიანად დასცილდა და, რაც მთავარია, ზედა ექვსეულსაც "ხელის გაწვდენაზე" მიუახლოვდა!

გაიხსენეს გოლ(ებ)იც, მოგებაც...
ამ ტურში კიდევ ერთი სერია შეწყდა: სამთვენახევრიანი პაუზის მერე "ზუგდიდმა" მატჩი მოიგო! თანაც, ეს იყო გიორგი დარასელიას პირველი გამარჯვება "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავებულ "ზუგდიდს" ვიხილავთ.

ჰო, ბევრისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი გამოკვეთილი აუტსაიდერის გამარჯვება საგარეო შეხვედრაში; თუმცა, რატომ გვავიწყდება, რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისათვის, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე (მცხეთაში) ტარდებოდა, სადაც "მასპინძელსაც" და "სტუმარსაც" ერთნაირი სტატუსი ჰქონდათ.

"ზუგდიდმა" მეორე ტაიმის დასაწყისში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და მერე ეს უპირატესობა აღარ გაფლანგა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლიც ერთნაირი იყო და ერთი და იგივე ფეხბურთელებმაც შექმნეს: შოთა ლომიას ორ ჩინებულ გადაცემას ორივეჯერ ზუსტი დარტყმით ირაკლი ეხვაია აგვირგვინებდა.

სხვათა შორის, ამ ჩემპიონატში ეხვაიას... პირველი ტურის მერე არ ჰქონდა გატანილი, ახლა კი 24 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა.

აი, "ტორპედოზე" კი უკვე გვიმძიმს საუბარი: გასათვალისწინებელია, რომ ქუთათურთა გუნდს საკადრო პრობლემები მოეძალა, მაგრამ ზედა ექვსეულსაც რომ ნელ-ნელა შორდება, ესეც ფაქტია...

რუსთავში ქვემოქართლელები ზეიმობენ!
რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩატარდა და ისე მოხდა, რომ ორივეში გამარჯვება ქვემო ქართლის გუნდებმა იზეიმეს.

ჯერ იყო და საგრძნობლად გადახალისებული და აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "მეტალურგმა" ძალზე იოლად აჯობა გუნდს, რომელსაც ამ ტურამდე 4 ქულით ჩამორჩებოდა.

უამრავი საკადრო პრობლემის მიუხედავად, გელა სანაიას გუნდმა უპრობლემოდ შეძლო პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის სრულფასოვანი რევანშის აღება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგაში) პირველი დუბლი შეასრულა 23 წლის გიორგი ჩირგაძემ, რომელიც "მეტალურგში" თავდაპირველად გამოკვეთილ ცენტრფორვარდად ასპარეზობდა, ახლა კი გელა სანაიამ მარცხენა გარემარბად გაამწესა და, როგორც ხედავთ, ახალგაზრდა მწვრთნელის გათვლა სწორი გამოდგა - ისე, როგორც დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი გავაშელიშვილის ძირითადში დაბრუნებაც: 24 წლის ცენტრალურ მცველს "დინამოსთან" საშინაო მატჩში გაძევების მერე არ ჰქონდა ნათამაშები და აი, "გურიასთან" შეხვედრაში "სტანდარტულიდან" ზუსტი და ძლიერი დარტყმით თავისი გუნდისთვის ერთობ საჭირო გოლი გაიტანა.

"მეტალურგის" მსგავსად, ასევე ორბურთიანი სხვაობით მოიგო "სიონმა" და ზედა ექვსეულში დასამკვიდრებლად მორიგი და ერთობ სერიოზული განაცხადიც გააკეთა; მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ დარჩენილი მატჩების კალენდარს: ლადო ბურდულის გუნდს პირველი ეტაპის ბოლომდე "ჩიხურასთან", "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ზესტაფონთან" მოუწევს დაპირისპირება!

თუმცა მანამდე აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ დებიუტანტი-მწვრთნელის, ლადო ბურდულის აშკარად წარმატებული სერია: მისი ხელმძღვანელობით "სიონს" უკვე 8 მატჩია (თასის ჩათვლით) არ წაუგია.

დაბოლოს, იმას დავძენთ, რომ ახალგაზრდული "მერანის" კარში ორივე გოლი ზუსტი თავური დარტყმით ბოლნისელთა გუნდის გამოცდილმა მცველებმა, 34 წლის დავით სვანიძემ და 33 წლის ვალერი აბრამიძემ გაიტანეს.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1 - პირველი საშინაო მარცხი [VIDEO]
მეტალურგი-გურია 3:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO]
დილა-ჩიხურა 0:0 - თუ სომხიშვილს თამაში წაუვიდა... [VIDEO]
ტორპედო-ზუგდიდი 1:2 - კრიზისი გრძელდება [VIDEO]
სიონი-მერანი 2:0 - გამოცდილების ფაქტორი
ზესტაფონი-სპარტაკი (გადაიდო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დოლიძე რატომ არ შეიყვანეთ? კაცი ფრინავდა ჩიხურასთან
begura
12:00 17-12-2013
0
ტუხაშვილი დილა ჩიხურას თამაშზე დოლიძე რატო არ შეიყვანე სიმბოლურში შეაძულა კაშიას ფეხბურთი ყველა კომპონენტში აჯობა, მარა სადარის პატრონი.
bibo
11:37 17-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული