თანაც, შეგახსენებთ, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპი ზამთრის პაუზამდე არ დასრულებულა - ზემოთ ნახსენები ის ერთი გადადებული მატჩი, პლუს ოთხი ტური 2014 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება.
ჰოდა, სწორედ მაშინ დაკომპლექტდება კიდეც საბოლოოდ ზედა და ქვედა ექვსეულებად.
თუმცა, ამის მიუხედავად, 10 აგვისტოდან 19 დეკემბრამდე ჩატარებულ პერიოდს მაინც შევაფასებთ და შევაჯამებთ; ტრადიციულად, ნომინანტებსაც დავასახელებთ და ასე შემდეგ, მაგრამ
ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი კიდევ ერთ გუნდს გაუჩნდა, კიდევ ერთმა გუნდმა ზედიზედ მეორე მოგების შემდეგ საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, ერთ გუნდში ოფიციალურად დაადასტურეს მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების ამბავი, კიდევ ორ გუნდში მოსალოდნელი სამწვრთნელო გადაადგილებების შესახებ კი ქართული საფეხბურთო საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს...
სამსაჯო საკითხი
პირველი ეტაპის ბოლო ტურის ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორი ("მერანი"- "დინამო", "ვიტ ჯორჯია"-"ტორპედო") შეხვედრა ჩამთავრდა ისე, მსაჯების მიმართ საჯარო პრეტენზიები რომ არ ყოფილა. თუმცა ეს ხომ არახალი ამბავია: ჩვენთან ლამის არის წესად იქცა ნებისმიერი წარუმატებლობ(ებ)ის არბიტრებზე გადაბრალება!
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ქართველი მსაჯები მართლაც უშვებენ ისეთ შეცდომებს (გვინდა დავიჯეროთ, უნებლიეთ), კონკრეტული მატჩის შედეგზეც რომ გავლენას ახდენს.
საერთოდ, მსაჯების შეფასება შესაბამისი ორგანოს კომპეტენციაა, მაგრამ ნამეტნავად რომ მომრავლდა ეს პრეტენზიები, ამას, ალბათ, ვერავინ უარყოფს.
აი, ახლაც, ერთ-ერთ მატჩში მასპინძელთა ქომაგები აღშფოთდნენ მათ კარში დანიშნული პენალტის გამო; მეორიდან სტუმართა წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ არბიტრი ტენდენციურად სჯიდა; მესამეგან იმას მიიჩნევდნენ, რომ ფეხბურთელი მოედნიდან სულ ტყუილად გააძევეს; მეოთხეგან არდადებულ პენალტ(ებ)ზე წუხდნენ და ასე შემდეგ.
იმედი დავიტოვოთ, რომ 2014 წელს ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება; ოღონდ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარია... ჩემპიონატი გაგრძელდეს!..
ზამთრის ჩემპიონი
ბოლო ტურის წინ ისეთი სატურნირო სიტუაცია იყო, რომ როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები, "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს თბილისის "დინამო" დაეუფლებოდა. თუმცა ჩემპიონმა და ლიდერმა საკუთარ თავს ზედიზედ ორჯერ წაფორხილების უფლება არ მისცა და წელიწადი ჩემპიონატში გამარჯვებით დაამთავრა.
"დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში მეორე მატჩი მოიგო მალხაზ ჟვანიამ, თანაც, იმ გუნდთან, სადაც ეს სეზონი დაიწყო და სადაც 7 სეზონის განმავლობაში მუშაობდა!
ისე, კარგი ფაქტი მოხდა, როცა მარტვილის "მერანის" ქომაგებმა მალხაზ ჟვანიას ღვაწლი არ დაივიწყეს და ამჯერად უკვე მეტოქის თავკაცს ოვაცია მოუწყვეს.
"დინამომ" თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა: 27 წლის გიორგი მერებაშვილმა ჩემპიონატში მეხუთედ ისახელა თავი, 22 წლის დარკო გლიშიჩმა კი - მეორედ; აღსანიშნავია, რომ გლიშიჩმა (ისე, როგორც პირველ ჯერზე) ამჯერადაც შეცვლაზე შესულმა შეძლო თავის გამოჩენა, თანაც, მოედანზე შესვლიდან... ერთ წუთში!
დაუნდობელი ვეტერინარები
ბოლო ოთხ მატჩში სამი მოგება და ერთი ფრე - ამ წარმატებული სერიის შედეგად "ვიტ ჯორჯია" ზედა ექვსეულს მიუახლოვდა!
ზურაბ ბერიძის გუნდმა წინა ტურში ყველა ხომ გააოცა, სტუმრად "დინამოს" რომ მოუგო, ამჯერად "ტორპედოს" კარში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა! სხვათა შორის, ამ ჩემპიონატში უკვე მეორედ მოხდა, "ვიტ ჯორჯიამ" ხუთი ბურთი რომ გაიტანა (VIII ტურში "ვეტერინარებმა" "მეტალურგს" 5:2 მოუგო).
არადა, წინა სეზონში მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს დიდი ანგარიშით (სტუმრად "სიონი" 3:0 დაამარცხეს).
ახლა იმას აღარ იკითხავთ, როდის შეძლო "ვიტ ჯორჯიამ" ერთი სეზონის განმავლობაში ხუთი ან მეტი ბურთის სხვაობით ორი მატჩის მოგება? როდის და 2006-07 წლების სეზონში, როცა რამაზ მუმლაძის თავკაცობით მოასპარეზე "ვეტერინარებში" ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ: ნიკა გელაშვილი, დავით დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი...
აი, "ტორპედოს" დაღმასვლას კი ბოლო არ უჩანს: ბოლო ცხრა მატჩში გუნდმა რვა მატჩი წააგო!..
ზუგდიდის აღმასვლა
ალბათ, ბევრს გაუკვირდა, როცა გიორგი დარასელია თითქმის განწირული "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა; თუმცა, ამ სპეციალისტის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და პირველი ტურის ფინიშზე მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვებაც ამას მოწმობს.
თანაც, დარასელიას დამოძღვრილმა გუნდმა ამჯერად მედლების მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატს, "მეტალურგს" მოუგო და თუ გავითვალისწინებთ, რომ "ზუგდიდში" ერთობ სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი, მეორე ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავებულ გუნდსაც ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ "ზუგდიდს" საშინაო მატჩი 31 აგვისტოს მერე არ ჰქონდა მოგებული; ახლა კი გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი 29 წლის შოთა ლომიამ გაიტანა, ვინც წინა ტურში ორი საგოლე პასით გამოირჩა.
"მეტალურგზე" კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო გუნდი კვლავაც არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რუსთაველთა გუნდს, ალბათ, ბევრად უკეთ მოეთხოვება სტუმრად ასპარეზობა: პირველ ეტაპზე, ჩატარებულ 8 საგარეო მატჩში "მეტალურგმა" მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 5:0 - ვეტერინარული შტორმი [VIDEO]
მერანი-დინამო 0:2 - ჟვანიას ფაქტორი და ღირსეული ჩემპიონი [VIDEO]
სპარტაკი-დილა 0:0 - "ფოლადზე" ფოლადის დაცვით [VIDEO]
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]
ჩიხურა-სიონი 1:1 - ...მარცხი აღარ იციან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"