ჩიხურა-სიონი 1:1 - ...მარცხი აღარ იციან

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონის" გორულ დაპირისპირებაში ორი განსხვავებული ტაიმი იხილა მაყურებელმა.

პირველმა ნახევარმა ორივე გუნდისთვის თითქმის უხიფათოდ ჩაიარა. ბურთი, ძირითადად, საჯარიმოდან საჯარიმომდე მოძრაობდა, ფეხბურთელები მატჩის მიმდინარეობის გასაკონტროლებლად არჩეული ტაქტიკური სქემების მიხედვით მოქმედებდნენ.

ეგრეთ წოდებულ პირველ ნომრად თამაში "ჩიხურამ" გადაწყვიტა, ხოლო მინდორზე 5 მცველით გამოსული "სიონი" მეტი ყურადღებით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ბურთის მოპოვების შემთხვევაში კი საჩხერელთა კარის მიმართულებით სწრაფი იერიშების განხორციელებას ცდილობდა.

"ჩიხურას" მიერ წამოწყებული კომბინაციები მოედნის ცენტრშივე აწყდებოდა ბოლნისელთა მიერ კარგად გამაგრებულ ზღუდეებს. ამის გამო იმერლები ხშირად მიმართავდნენ
გრძელი პასის ტაქტიკას.

Sportall.Geყველაზე აღსანიშნავი ხიფათი საწყის ნახევარ საათში კახელიშვილის კუთხურის შემდეგ იმედაშვილის მიერ დარტყმული აღმოჩნდა, რომლის აღებაც სომხიშვილმა გაჭირვებით შეძლო. მანვე ცოტა ხანში განუგრავას აუღო ათიოდ მეტრიდან დარტყმული.

"ჩიხურა" შესვენებაზე ისე გავიდა, გარკვეული ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ქვემოქართლელთა გოლკიპერი დიდად არ შეუწუხებია.

მართალია, სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ლადო ბურდული, როგორც ჩანს, მისი გუნდის შეტევითმა პოტენციალმა არ დააკმაყოფილა და გამოკვეთილი თავდამსხმელი შეცვალა. თუმცა მატჩის განახლებიდან ერთ წუთში "ჩიხურამ" პირველივე კუთხური გოლად აქცია - შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა რეხვიაშვილმა თავით გადაგზავნა ბურთი ბათიაშვილის კარში - 1:0.

ორიოდ წუთში, ჯერ კიდევ გოლის ეიფორიიდან გამოსვლამდე, ოდიკაძის შორეული დარტყმით სოსო ფრუიძის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა კინაღამ გაზარდეს. იქვე ბურდულმა, მოედანზე შექმნილი ვითარების შესაცვლელად, მცველი ქემოკლიძე შემტევი მიკუჩაძით შეცვალა...

გოლის მერე თამაში გახურდა - "სიონმა" სისწრაფეს მოუმატა, "ჩიხურას" კი თავდაჯერება შეეტყო და ვინაიდან მეტოქემ აქცენტი შეტევაზე გადაიტანა, ბოლნისელთა ნახევარზე ბურთით თავისუფლად მოქმედების საშუალებაც მიეცათ. ორმხრივი იერიშებისას, ორივე კართან იყო სახიფათო შორეული დარტყმები - ჯერ რეხვიაშვილმა გაარტყა ხარიხას, გოგობერიშვილს კი სომხიშვილმა აუღო.

დარჩენილი 20 წუთისთვის "სიონის" მწვრთნელმა მინდორზე კიდევ ერთი შემტევი (უგულავა) შეუშვა. ფინიშის მოახლოებასთან ერთად, საჩხერელთა მოქმედებაში თავდაჯერებამ იმატა. ამასთან, ისინი იერიშებში უკვე შედარებით მცირე ძალებით გადადიოდნენ, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გოლი მაინც მიიღეს - განუგრავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ასცდა ყველას და სომხიშვილის კარში შეგორდა - 1:1.

მალე "ჩიხურა" მსაჯის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ აბრამიძესთან ორთაბრძოლაში რეხვიაშვილის თამაში ზედმეტად უხეშად მიიჩნია და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ გასახდელისკენ მიუთითა. საფინალო სასტვენის წინ ბოლნისელებს კაცნაკლული მეტოქის ძლევის საშუალებაც მიეცათ, მაგრამ სომხიშვილი ისევ საიმედოდ ირჯებოდა. მან ამჯერად მასთან პირისპირ გასულ უგულავას არ გაატანინა.

საზავო შედეგი არც ერთი გუნდისთვის ურიგო არ უნდა იყოს. ნიშანდობლივია, რომ ორივე კლუბს ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია. საჩხერელებმა წაუგებელი სერია 9, ხოლო ბოლნისელებმა 8 მატჩამდე გაზარდეს. შედეგად, "ჩიხურა" მყარად დამკვიდრდა მეორე ადგილზე, "სიონს" კი სამეულში შესვლის შანსიც კი მიეცა.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

XIX ტური
2014 წ. 22 თებერვალი, შაბათი
სპარტაკი-ჩიხურა
დილა-გურია
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-მერანი
დინამო-სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული