ცხადია, ფეხბურთელების ინტერესები ვიღაცამ უნდა დაიცვას, კლუბს მონათმფლობელური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მოთამაშესთან. ფეხბურთელის ინტერესის დაცვა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი აღმოჩნდეს წამგებიან მდგომარეობაში.
დალაგებულ ქვეყნებში ყველას ინტერესია გათვალისწინებული, თუმცა იქაც ხდება გამონაკლისები.
საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია წლეულს, 8 ოქტომბერს შეიქმნა. მისი პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი გახლავთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, თბილისის "ვიტ ჯორჯიასა" და ისპაჰანის "სეპაჰანის" ყოფილი ფეხბურთელი.
- თქვენი ორგანიზაციის უახლოეს პროექტებზე რას გვეტყოდით?
- 26 დეკემბერს სკა-ს დარბაზში საქველმოქმედო მატჩი გაიმართება ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით. კახა ახალაძე თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ფუტსალის ეროვნულ ნაკრებში და რეაბილიტაციისთვის დახმარება სჭირდება.
ამ საქველმოქმედო თამაშში ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს ფუტსალის ნაკრები და ახალაძის მეგობრები: ლადო დვალიშვილი, რატი ალექსიძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე, რევაზ გოცირიძე...
შეხვედრა 14 საათზე დაიწყება. ბილეთები არ გაიყიდება, დახმარების მსურველებს იქვე შეეძლებათ შემოწირულობის გაღება.
- რამდენი მოთამაშეა გაწევრიანებული საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაში?
- დაახლოებით 200, მეტწილად საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან, ცოტაც პირველი ლიგიდან. ამ ფეხბურთელებს ვუწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ხოლო დავის წარმოშობის შემთხვევაში, ვიცავთ მათ ინტერესებს.
გვაქვს მეორე მიმართულებაც - საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების პოპულარიზაცია. სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფთან" ერთად, დავბეჭდეთ ბარათები, რომლის მფლობელსაც სამოცდაათამდე ორგანიზაციაში ექნება ფასდაკლება. ამ პროექტით ფეხბურთელს მნიშვნელოვანი შეღავათები ექნება და ამავე დროს, სახელობითი ბარათის სარგებლობით ის უფრო ცნობადი გახდება საზოგადოებისთვის.
- ამ ასოციაციაში გაწევრიანებული ფეხბურთელები საწევროს იხდიან?
- საწყისი პირველი წლის განმავლობაში არანაირი საწევრო არ იქნება, მერე გვინდა დავაწესოთ საწევრო გადასახადი, რაც მხოლოდ სიმბოლური თანხა იქნება.
- როცა ფეხბურთელების ინტერესების დაცვაზე მიდგება საქმე, მთავარი პრობლემა რა არის?
- გაუმართავი კონტრაქტი კლუბსა და ფეხბურთელს შორის, რომელშიც ისეთი პუნქტებია, რომ ფეხბურთელი, ფაქტობრივად, დაუცველი გამოდის.
ხშირად ისე ხდება, რომ ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს მხოლოდ ხელშეკრულების ვადას და ხელფასის ოდენობას აქცევს ყურადღებას, არადა, ასე არ უნდა ხდებოდეს. პრობლემები რომ წარმოიქმნება, მერეღა აღმოაჩენენ ხოლმე ხელშეკრულების დანარჩენ პირობებს. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელს ამ ყველაფერში დავეხმაროთ. ხელშეკრულებაში ორივე მხარის ინტერესი თანაბრად უნდა იყოს დაცული.
- ამ ეტაპზე რომელ სადავო საკითხზე მუშაობთ?
- ასეთი ორი საქმეა: გიორგი ალავერდაშვილი და რუმინული "გაზ მეთანი", ლადო ზუხბაია და ცხინვალის "სპარტაკი". ამის პარალელურად, ვარკვევთ სიტუაციას თბილისის "დინამოს" მიერ ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან მიმართებაში.
- 2014 წლისთვის რომელი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებთ?
- ახალი პროექტები აუცილებლად იქნება. ახლახან "თბილისი მოლში" თავისებური ფლეშმობი გავაკეთეთ, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მოთამაშეებმა ფეხბურთი ითამაშეს. ეს რგოლი მალე აიტვირთება ინტერნეტსივრცეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"