ზურაბ იონანიძე: მარტვილის "მერანის" მიზანი უცვლელია - ადგილის შენარჩუნება

AutoSharing Option
"მერანში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა.

ახალგაზრდა სპეციალისტის მოღვაწეობა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. მისი ხელმძღვანელობით "მერანმა" უკანასკნელი 11 მატჩიდან მხოლოდ ქულა მოიპოვა. ჩხეტიანი მუშაობას "ზესტაფონის" სელექციონერად გააგრძელებს.

მის გარდა, "მერანი" ერთბაშად ათმა ფეხბურთელმა დატოვა და ვინ სად ითამაშებს, ჯერ ცნობილი არ არის, გარდა ერთისა - გაირკვა, რომ 18 წლის ირაკლი ციცხვაია "დინამო 2"-ს შეუერთდა.

მეორე ეტაპისათვის მზადება "მერანმა" 10 იანვარს, ახალი მთავარი მწვრთნელ
ის ხელმძღვანელობით დაიწყო. გუნდს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე უთავკაცებს. ის ბოლო დროს "ზესტაფონის" მწვრთნელ-სელექციონერად მუშაობდა.

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მათი უმეტესობა დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს, თუმცა რამდენიმე ცნობილი მოთამაშეც დაიმატეს: "ზუგდიდიდან" მეკარე ზურაბ მამალაძე (31 წლის), "გაგრადან" გიორგი ბეგაშვილი (22), "ჩიხურადან" გაგა ჩხეტიანი (30), "ზესტაფონიდან" ალექსი ბენაშვილი (24 ), "გურიიდან" ვლადიმერ ჯოჯუა (33).

ხელშეკრულება უკვე გააფორმა "გაგრას" ექსკაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა, თუმცა ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

Sportall.Ge

"საწვრთნელი პროცესი ახალი დაწყებული გვაქვს. ვარჯიშებს მარტვილსა და სამტრედიაში ვატარებთ. ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ.

"მერანის" მიზანი კვლავ უცვლელია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ არა - შეუძლებელი.

სავარაუდოდ, შეკრებას თებერვლის დასაწყისში, ანტალიაში ან ურეკში გავივლით"
, - გვითხრა ზურაბ იონანიძემ.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ მარტვილელებისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სტადიონის საკითხი. ამის მიუხედავად, ისინი იმედს არ კარგავენ და სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დაპირების აღსრულების მოლოდინში არიან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მერანი" 13 ქულით ბოლო ადგილზეა. საუკეთესოთა მარაქაში დასარჩენად მარტვილელებს დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული